უგულავას ცნობილი მხარდამჭერების გამოხმაურება მისი დაკავების ფაქტზე - "გიგი ყველაზე ვაჟკაცი პოლიტიკოსია "ნაცმოძრაობაში"

უგულავას ცნობილი მხარდამჭერების გამოხმაურება მისი დაკავების ფაქტზე - "გიგი  ყველაზე ვაჟკაცი პოლიტიკოსია "ნაცმოძრაობაში"

დღეს დილით ქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა აეროპორტში დააკავეს. ოჯახის წევრები უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. გიგი უგულავას მხარდამჭერთა რიცხვში არაერთი ცნობილი ქართველი იყო, თუმცა ბევრმა მათგანმა Ambebi.ge-სთან კომენტარის გაკეთებაზე თავი შეიკავა. მსახიობმა ია ფარულავამ "ფეისბუქზე" ძველი თბილისის ძველი და ახალი ფოტოები გამოაქვეყნა და ქალაქის მერს მადლობა გადაუხადა. Ambebi.ge ია ფარულავას დაუკავშირდა:

- მე ჩემებურად ვუხდი მადლობას გიგი უგულავას. გიგი ერთ-ერთი ვაჟკაცი პოლიტიკოსია, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს და რომელიც ვაჟკაცურად უყურებს ამ ყველაფერს და ვაჟკაცურად გადაიტანს კიდეც. მე ძველ უბანში მაქვს სახლი; შემთხვევით აღმოვაჩინე ფოტო, რომელიც 2005 წელს არის გადაღებული და იგივე ფოტო, რომელიც 2014 წელს არის გადაღებული. უბრალოდ შედარება გავაკეთე, როგორ გალამაზდა ქალაქი. ეს არცერთი ხელისუფლების დროს არ ხდებოდა. გიგი უგულავამ უსასყიდლოდ, ისე, რომ ფული არ აუღია, ხალხს სახლები გაურემონტა, შპალერები გაუკრა. ეს იმიტომ დავდე, რომ ხალხს დაენახა, რა იყო, და რა არის. გამოიძიონ ეს ყველაფერი. გიგი უგულავა არის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ვაჟკაცი პოლიტიკოსი.

- თქვენ კარგად იცნობთ გიგი უგულავას?

- უფრო გამარჯობით ვიცნობ. საერთო წრე გვყავს, ერთი-ორ დაბადების დღეზე მოვხვედრილვართ ერთად. ბავშვობიდან ვიცნობ, ის სიონის სტიქაროსანი იყო. მისი ტუსოვკის წევრი არასოდეს ვყოფილვარ.

- პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევთ მის დაკავებას?

- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. არა უშავს, ამასაც გადაიტანს გიგი უგულავა.

ტელეწამყვანი კოტიკო თოლორაია გიგი უგულავას გულმხურვალე მხარდამჭერი იყო. რამდენიმე წლის წინ გიგი უგულავას მხარდამჭერ ღონისძიებებს სწორედ ის უწევდა ორგანიზებას. მისი თაოსნობით გაკეთდა სიმღერა "ჩემი ხმა გიგის". მაშინ კოტიკო ამბობდა, რომ ქალაქის მერს უსასყიდლოდ ეხმარებოდა. Ambebi.ge ტელეწამყვანს დაუკავშირდა.

- ელოდით თუ არა გიგი უგულავას დაკავებას?

- დაიჭირეს? როდის? არ ვიცოდი. გადართული ვარ სხვა საქმეებზე და პოლიტიკურ ცხოვრებას ვეღარ ვადევნებ თვალყურს.

- თქვენ მეგობრობდით გიგი უგულავასთან, ბოლოს როდის ნახეთ?

- მეგობრები არასდროს ვყოფილვართ. მხარდამჭერი ვიყავი 2010 წლის არჩევნებზე. მომწონდა, როგორც მერი და დღესაც დიდ პატივს ვცემ. ბევრი კარგი რამ გააკეთა თბილისისთვის. სიმართლე გითხრათ, ბოლოს, ალბათ, ერთი წლის წინ შემხვდა ერთ-ერთ ღონისძიებაზე. ზუსტად არ მახსოვს.

- მიგაჩნიათ თუ არა მისი დაკავება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად?

- ზოგადად ისეთი ჩახლართული სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში, ზოგი ფიზიკურ ანგარიშსწორებას მიაწერს და ზოგი სამართლიანობის აღდგენას. გაარკვიოს პროკურატურამ, სასამართლომ და საბოლოო დასკვნის შემდეგ გეტყვით ჩემს მოსაზრებას. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და შეცდომაში შევიყვანო საზოგადოება.

- ელოდით თუ არა გიგი უგულავას დაკავებას?

ქართლოს ნატროშვილი (სააკაშვილის პაროდისტი):

- ამდენჯერ რომ დაიბარებენ ადამიანს დაკითხვაზე, მოულოდნელი არ უნდა იყოს, რომ დააკავებენ.

- პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიგაჩნიათ თუ არა უგულავას დაკავება?

- ჩემი აზრით, პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. ახლა ჩემში მიშამ გაიღვიძა და მიშას ხმით გიპასუხებთ: ზოდელავას შემდეგ, თბილისისთვის უგულავას გარდა, არავის არაფერი გაუკეთებია. უნდა დავაკავოთ ისინი, ვინც აკეთებს საქმეს.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია