"სანახავად რომ მივდიოდი, პურმარილს გამიშლიდა ხოლმე" - როგორ ატარებდა ედუარდ შევარდნაძე ცხოვრების ბოლო წუთებს ჯანსუღ ჩარკვიანთან ერთად

"სანახავად რომ მივდიოდი, პურმარილს გამიშლიდა ხოლმე" - როგორ ატარებდა ედუარდ შევარდნაძე ცხოვრების ბოლო წუთებს ჯანსუღ ჩარკვიანთან ერთად

დღეს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. ჩვენ მის მეგობარს, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს დავუკავშირდით, რომელმაც ექსპრეზიდენტი გარდაცვალება ჩვენგან შეიტყო და ძალიან შეწუხდა. სანამ ბატონ ედუარდზე დაიწყებდა ლაპარაკს, რამდენჯერმე გვითხრა, - ვინ თქვა, მართალია? ისევ მორიგი ჭორი ხომ არა არის? რამდენჯერ მოუგონეს, რომ გადაიცვალა.

ჯანსუღ ჩარკვიანი:

- თუ ჩემი სამოციანელებიდან ვინმე გამორჩეული იყო, ეს იქნებოდა ჭაბუა ამირეჯიბი, ნოდარ დუმბაძე, ყველა დამსახურებული კაცი მისი მეგობარი გახლდათ. საოცარი პიროვნება გახლდათ. ხშირად ამბობენ, რომ ის ვიღაცის მონა იყო, - არა ბატონო, მონა კი არა, ვაჟკაცი და რაინდი იყო. საოცარი ერთგულების ადამიანი გახლდათ. მას საოცარი პატივი უნდა სცენ ქართველებმა. გენშერის წერილი მაქვს წაკითხული, სადაც ეწერა: მადლობელი ვარ, ჩემო ედვარდ, რომ შენ მე გერმანია გადამირჩინე, ქვეყანა გამიმთლიანე...

საოცარი ვიღაც იყო. მარტო ის რად ღირს, რომ მაღალ თანამდებობაზე, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ახალი დანიშნული იყო, ადგა და თქვა, რაღაც უბედურება მოდის და ვტოვებ ჩემს თანამდებობასო... ახლა ჯარები რომ შეჰყავთ ავღანეთში, ამ კაცის დამსხურება გახლდათ, რომ პირველად ავღანეთიდან ჯარები მისი ინიციატივით გამოიყვანეს. ვიმეორებ საოცარი რაინდი იყო…

ბოლო დროს რა არ მოუგონეს, დროზე ადრე კლავდნენ, არადა, კარგად იყო და საშინელ ჭორებს მაინც უგონებდნენ.

- თუ ნახულობდით და სტუმრობდით მას?

- თვეში ორჯერ მივდიოდი, რომ მენახა. ბოლოს ცოტა შეუძლოდ რომ იყო, აღარ მივდიოდი, მეუხერხულებოდა, მაგრამ თითქმის ორ დღეში ერთხელ ვრეკავდი და მოვიკითხავდი ხოლმე და ვამხნევებდი: აბა, შენ იცი და კარგად უნდა იყო-მეთქი.

- თუ გახსოვთ ბოლო სტუმრობისას რაზე ისაუბრეთ?

- არაფერი ისეთი, რაზეც სულ ვსაუბრობდით ყოველთვის. რომ მივიდოდი, პურმარილს გააწყობდა და ვლაპარაკობდით სიყვარულზე, ერთგულებაზე. როგორი კაციც თვითონ იყო და უყვარდა საქართველო, სურვილი მქონდა, რომ ჩემს საქართველოსაც ისე ჰყვარებოდა... მაგრამ იყვნენ ადამიანები, მე გითხარით: ჭაბუა ამირეჯიბი, ნოდარ დუმბაძე, ოთარ ჭილაძე, რეზო ინანიშვილი, გურამ ფანჯიკიძე, რომელებსაც ერთმანეთთან და ედუარდთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.

ერთხელ მახსოვს დასაბეჭდად გამზადებული ჩემი წიგნი ცენზურამ გააჩერა, ეს რომ გაიგო ედუარდმა, ჯანსუღის წიგნი ახლავე გაუშვითო... უყვარდა თავისი ხალხი და ის, როცა ხალხი საქართველოსთვის, სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის იბრძოდა. ამას ამ შესანიშნავ კაცს ვერასოდეს დავუკარგავ. ძალიან საწყენია მისი გარდაცვალების ამბავი...

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია