მე ვერ მეცოდება შევარდნაძე და მომკალით, თუ გინდათ! - "მკვდარზე ნათქვამი ცუდი", ანუ გამწარებული თაობების სათქმელი

მე ვერ მეცოდება შევარდნაძე და მომკალით, თუ გინდათ! - "მკვდარზე ნათქვამი ცუდი", ანუ გამწარებული თაობების სათქმელი

სოციალურ ქსელებში მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება მოყვა. ნათქვამია, რომ მკვდარზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი. ჩემი Face-მეგობრებიდან უმრავლესობა კარგს ამბობს, არაფრის თქმისგან კი თავს იკავებენ. ქართველი თუ უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდანაც სულ დადებითი განცხადებები კეთდება, თუმცა ამას, ალბათ, დიპლომატია მოითხოვს.

როდესაც დავფიქრდი, თუ რა გააკეთა "თეთრ მელად" წოდებულმა შევარდნაძემ პრეზიდენტობის პერიოდში ჩემთვის, ჩემი თაობისთვის, ჩემი მშობლებისთვის და მათი მშობლებისთვის, კარგი არაფერი მახსენდება. საუბარი არ მაქვს საერთაშორისო ურთიერთობებზე, საბჭოთა კავშირის ნგრევაზე, ტერიტორიების დაკარგვაზე, გერმანიასა და ა.შ. ამაზე ისტორიკოსები იმსჯელებენ, მე კი მინდა ვისაუბრო იმ სოციალურ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში იყო.

მეცოდება თუ არა? როდესაც დავწერე, რომ არ მეცოდება, კრიტიკა წამოვიდა. ადამიანი რომ მოკვდება, მასზე აუგი არ უნდა წამოგცდესო. შემდეგ კვლავ დავფიქრდი, და უფრო ხმამაღლა ვიტყვი, რომ არ მეცოდება. ანდაც, რანაირად უნდა შემეცოდოს, როდესაც მის ყოველ გახსენებაზე თვალწინ მიდგება ყველა ის პრობლემა, რომელმაც დაღი დაასვა ქვეყანას.

ვერ მეცოდება ეს კაცი და მომკალით თუ გინდათ! დარწმუნებული ვარ ჩემგან არც მოითხოვდა შეცოდებას, თუმცა მისგან მე და სხვა მოქალაქეები ყოველთვის მოვითხოვდით რაღაცას, მაგრამ თითქმის ყოველთვის ვერ ვიღებდით. საინტერესოა, მას თუ ეცოდებოდა ის ადამიანები, რომლებიც მისი პრეზიდენტობის პერიოდში შიმშილით კვდებოდნენ, მაგრამ დღეს მაინც რომ დასტირიან. როგორ უნდა შემეცოდოს, როცა ყოველდღე ნავთქურის ჭვარტლისგან თავი მტკიოდა. მახსოვს, რომ ნავთის ნამწვის სუნი ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებდა, მაგრამ ამ ტკივილს თბობისგან გამოწვეული სიხარული მიქრობდა (ესღა მაიმედებდა). აქაც საინტერესო რამ ხდებოდა: ვისაც შემოსავალი ჰქონდა, წითელი "კერასინკა" ჰქონდა, ვისაც არა – "ბანძი".

მახსოვს ელექტროენერგიის საშინელი გრაფიკი. დილით ორი საათი, საღამოს ცოტათი მეტი. როგორ მახსოვს, რამდენ რამეს ვერ ვუყურე ტელევიზორში ამ გრაფიკის გამო. როგორ მახსოვს, რამდენჯერ მტკენია თვალები ლამფის შუქზე გაკვეთილების სწავლისას, თუ წიგნის კითხვისას. როგორ მახსოვს, დედაჩემის სირბილი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რომ ამ პერიოდში საოჯახო საქმეები მოესწრო. არ გაგვმართლებია და ვერც რკინიგზის ხაზზე "დავჯექით" და ვერც საავდმყოფოსაზე.

როგორ მახსოვს უწყლობა (ეს პრობლემა ბოლომდე მოგვარებული სამწუხაროდ დღესაც არ არის). ხშირად შუქის და წყლის მოსვლა ერთმანეთს ემთხვეოდა ხოლმე, რაც დედაჩემის შრომას აორმაგებდა და კიდევ უფრო მეტად ასწრაფებდა. სარეცხის მანქანის ყიდვის საშუალება არ იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე, მტვერსასრუტზე და ა.შ. მერე როგორც იქნა, შემოვიდა დალოცვილი "კიპიწელნიკი" და ხალხმაც ამოისუნთქა. ეს იყო ენერგეტიკული გარღვევა, რომელიც რამდენიმე წუთში ერთად აგვარებდა წყლის და დენის პრობლემას. გარღვევა გაგრძელდა და ხალხმა უკვე "გეპეის ატმორებიც" დააყენა, ცოტა დენს ირტყმევინებოდა ხოლმე, თორე ისე კარგი იყო.

როგორ მახსოვს ჩაის დროს კარაქიანი პურის არსებობისგან გამოწვეული სიამტკბილობა. ხანდახან (ოღონდ ეს ხანდახან დაახლოებით რა პერიოდს მოიცავს, მიხვდებით) იშვიათად ხორციანი კერძიც შეემატებოდა ჩემი და ჩემი ოჯახის კვების ყოველდღიურ მენიუს, ეს ხომ უბედნიერესს მხდიდა. ერთხელ, ჩემი მეზობლების მცირეწლოვანმა ბავშვმა, პურჩაყრილი საჭმელი ქვაბში ჩააბრუნა და კიდევ რაღაცეები დაუმატა. ამის გამო მოხვდა პატარას, რადგან მეტი საჭმლის გაკეთების საშუალება არ ჰქონდათ. არ იყო საჭმელი, არ იყო სასმელი, მაგრამ მძლავრად იყო შიმშილი.

უშუქობას ვახსენებდით და ყველას ეხსომება ის ჟივილ-ხივილი, რომელიც უბნებში ელექტროენერგიის მოსვლისგან იყო გამოწვეული. თუმცა დიდი ოხვრაც გვახსოვს ამ სიხარულის ორ წუთში გაქრობის შემდეგ. რამდენიმე ახალი წელი იყო, როდესაც დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე ელექტროენერგია არ იყო. მახსოვს, როგორ ვლოცულობდით ხოლმე ბავშვები, რომ 00:00 საათის დადგომისთვის მაინც ანთებულიყო ნათურები.

ახალი წლები იყო, როდესაც ერთ-ერთ დიდ კომპანიაში მომუშავე მამაჩემს ხელფასს 31 დეკემბრის საღამოს აძლევდნენ ხოლმე. ალბათ, სიტყვასაც მიაყოლებდნენ – აჰა და ოჯახში საახალწლოდ სუფრა გააწყვეო. მაგრამ, რა უნდა მოასწრო ან რა უნდა იყიდო მაგ დროს, საინტერესოა. ესეც ალბათ იმ წელს მეორე ან მესამე ხელფასი იქნებოდა.

როგორ მახსოვს გახარებული სახეები, რომელიც მუდამ ჰქონდათ ძველ ბიჭებს. ბევრჯერ გავიგე ამ ბოლო დღეებში ნათქვამი – მაშინ (შევარდნაძის დროს) იშოვებოდა, ძმაო! საინტერესოდ იშოვებოდა ოღონდ, ე.წ. ძველი ბიჭები პატიოსან ხალხს ართმევდნენ, თავისთვის და მათზე ზემდგომებისთვის "ობშჩიაკს" ავსებდნენ, ამ დროს კი მთელი საქართველო უმუშევრად იყო, ხოლო პენსიორებს პენსია 8 ლარი ჰქონდათ საუკეთესო შემთხვევაში.

როცა შუქი მხოლოდ ორი საათი მოდიოდა, როცა წყალი არ იყო, როცა მამაჩემს და სხვების მამებს თვეობით ხელფასი არ ქონდათ, როცა ოჯახების უმრავლესობა კაპიკებით იტანდა თავს თვიდან თვემდე, როცა ქუჩაში ტყავის კურტკას ხდიდნენ, როცა სახლში მივარდნილი ყაჩაღები ხალხს აუთოებდნენ, როცა პოლიცია 2 ლარად ყველაფერზე დაგთანხმდებოდა და კიდევ ბევრი ცუდი როცა, როცა არის, როგორ შემეცოდოს. ეს ყველა პრობლემა ხომ სწორედ ქვეყნის მთავრობისკენ მიდიოდა, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა. პრეზიდენტი, რომელიც ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს თავის მთავრობასთან ერთად, თავისი ხალხისთვის, ამ პრობლემების გამოსწორებისთვის, მაგრამ არ, ან ვერ აკეთებს. ვერ შემეცოდება, რადგან ამ პრობლემების მოგვარებისთვის არ უზრუნია, არ უზრუნია ჩემზე და კიდევ სხვა პატარა ბავშვებზე, რომლებიც ასეთ პირობებში ვიზრდებოდით.

შესაძლებელია ვინმემ ეს მშობლებს დააბრალოს, მაგრამ მე არ ვაბრალებ, რადგან ისინი ან კორუმპირებული თანამდებობის პირები უნდა ყოფილიყვნენ, ან ქუჩის ცხოვრებით უნდა ეცხოვრათ, მათ კი პატიოსანი ცხოვრება აირჩიეს და დღემდე ასე მოდიან. მაგ პერიოდში კარგად კანონიერი ქურდები და ჩინოვნიკები ცხოვრობდნენ, ხოდა მათ შეეცოდოთ და მადლობაც გადაუხადონ იმ ქვეყნად წასულს. ქრთამს ყველა იღებდა, ქრთამი მართავდა ქვეყანას, ქრთამით აბარებდი უნივერსიტეტში, ქრთამით გიწერდნენ ქულებს, ქრთამით ეწყობოდი სამსახურში და სასაფლაოზე კარგი ადგილისთვისაც ქრთამი უნდა გადაგეხადა.

დასხდნენ ახლა ქურდები, ძველი ბიჭები, ყოფილი მთავრობის წევრები და იხსენონ თუ როგორ ბედნიერაც ცხოვრობდნენ "ედიკას პერიოდში", როგორ ჰქონდათ შუქი, გათბობა, წყალი, ფული, საჭმელი, გაიხსენონ და იმ ქვეყნად წასვლა დაულოცონ, მე თავი გამანებონ. ოღონდ შევარდნაძის გარდაცვალებაზე დაწერილი ხუმრობისა არ იყოს – როგორ ნათელშიც ჩვენ გვამყოფა, ისეთ ნათელში იყოსო.

ალეკო ცეცხლაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია