ირაკლი ღარიბაშვილი - სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს ნიჭიერ ახალგაზრდებს

ირაკლი ღარიბაშვილი - სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს ნიჭიერ ახალგაზრდებს

ჩვენ თქვენს სწავლაში ვდებთ ინვესტიციას და ეს ინვესტიცია მოხმარდება ჩვენს ქვეყანას და მთელი საზოგადოების კეთილდღეობას, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს.

"მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დაგეხმაროთ თქვენ, განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც ამ სამართლიან კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვეთ. მოგცემთ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ მიიღოთ განათლება, გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა იმ პირობით, რომ დაბრუნდებით საქართველოში და მას მოახმართ თქვენ ქვეყანას. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ის რისკენაც ჩვენ მივდივართ. ჩვენ ყველანი ვეკუთვნით ჩვენს ქვეყანს და ვალდებულები ვართ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას.

სამწუხაროდ, ყველა ადამიანს არ ეძლევა იმის საშუალება, რომ ემსახუროს საკუთარ სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ჩვენს ხელში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს პირადი მაგალითი მოუყვა.

"მინდა მოკლე ისტორია მოგიყვეთ ჩემს შესახებ, მე ვიყავი სტუდენტი, მივიღე მონაწილეობა ერთ პროექტში, მინდოდა წასვლა ამერიკაში, მივიღე ნაწილობრივი დაფინანსება, ამის გადახდა არ შემეძლო და ვერ წავედი ამერიკაში. მაგრამ არ გავჩერდი, შემდეგ ვცადე, მოვხვდი საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტში იქ უფასოდ გავაგრძელე სწავლა. ჩამოვედი და ჩემს ქვეყანაში გავაგრძელე საქმიანობა.

მთავარი პირობა სახელმწიფო მხრიდან და მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ სახელმწიფო თქვენთან გააფორმებს ხელშეკრულებას და თქვენ აიღებთ ვალდებულებას, რომ თქვენს მიერ მიღებულ ცოდნას მოახმართ სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ჩვენის მხრივ ვიღებთ ვალდებულებას, რომ თქვენი ცოდნის და უნარების შესაბამის და შესაფერის სამსახურს დაგახვედრებთ სამშობლოში დაბრუნებისთანავე. მე ვიცი, რომ საუბარია 3-დან 5 წლამდე, ამის შემდეგ თქვენ თუ გენდომებათ გააგრძელოთ მუშაობა საჯარო სექტორში, ამის სრული თავისუფლება გექნებათ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა არის ის შანსი, რომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ საზოგადოების კონსოლიდაცია.

"ხშირად ვიხსენებ ისრაელის მაგალითს, ჩვენ ბევრი მსგავსება გაქვს, ვართ პატარა ერი, მაგრამ ვართ ძალიან ნიჭიერი და ჩვენი რესურსების და პოტენციალის მჯერა. ჩვენი სახელმწიფო ერთ დღეს იქნება ძლიერი და წელში გამართული. თქვენ ხართ პირველი ნაკადი, ვინც შეირჩა, ჩვენ გვჯერა თქვენი მომავალის. მთავარია რწმენა, რწმენისა და მოტივაციის გარეშე არაფერი არ გამოგვივა. თანამედროვე სამყაროში განათლება არის ყველაზე ეფექტური იარაღი. რა გვჭირდება ჩვენ იმისათვის, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი, ჩვენ გვჭირდება განათლება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გვერდით დაგიდგეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ქართველი ახალგაზრდები თავისი ცოდნით უნდა უწევდნენ კონკრენციას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის ახალგაზრდებს.

"ჩვენ გვჭირდება პროფესიონალი და სათანდო ცოდნით აღჭურვილი ახალგაზრდები. თქვენ ცოდნას სახელმწიფო გამოიყენებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ პროექტის განხორციელებით დავამთავრეთ ის დრო, როდესაც განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდებს უცხოეთში განათლების მიღებაზე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლოთ. დღევანდელი დღე ამის დადასტურებაა. დღეს ჩვენს ახალგაზრდებს რეალური შესაძლებლობები, რეალური პერსპექტივა გაუჩნდათ და ეს ძალიან სასიხარულოა. თქვენ უკვე გაცილებით სხვა სიბრტყეში გადადიხართ, სრულიად რეალისტური გახდება თქვენი მიზნები და გეგმები.

მე მჯერა, რომ ცენტრის მიერ შერჩეული თითოეული ახალგაზრდა, თითოეული თქვენგანი გვასახელებს უცხოეთის წამყვან უნივერესიტეტებში და იქიდან ჩამოსვლის შემდეგ მთელ ცოდნასა და ენერგიას მოახმარს საქვეყნო საქმეს. მინდა იცოდეთ და სულ გახსოვდეთ, რომ თქვენ სამშობლო გიშვებთ ძალიან მნიშვნელოვანი მისიით და გელოდებათ სათანადო კვალიფიკაციით აღჭურვილებს. ჩვენ თქვენს სწავლაში ვდებთ ინვესტიციას და ეს ინვესტიცია მოხმარდება ჩვენს ქვეყანას, მთელი საზოგადოების კეთილდღეობას. წარმატებებს გისურვებთ ყველას", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს.

განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული 78 სტუდენტი სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში ისწავლის.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია