საბავშვო ბაღის გარეთ დარჩენილი ბავშვები და გამწარებული მშობლები - მოუგვარებელი პრობლემის მიზეზები და შედეგები

საბავშვო ბაღის გარეთ დარჩენილი ბავშვები და გამწარებული მშობლები - მოუგვარებელი პრობლემის მიზეზები და შედეგები

აღსაზრდელის საბავშვო ბაღში დარეგისტრირება - პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ვერ მოგვარდა. მშობლები ამ დღისთვის წინასწარ ემზადებიან, რადგან კარგად იციან, რომ სასურველ ბაღში მოხვედრა დასწრებაზეა. თუმცა როგორც წესი, ყველაზე ოპერატიულებსაც კი არ უმართლებთ, რადგან საიტი ითიშება, სისტემა "ჭედავს" და "პრობლემის აღმოფხვრის " შემდეგ აღმოჩნდება, რომ კონკრეტულ საბავშვო ბაღში ყველა თავისუფალი ადგილი უკვე შევსებულია.

სოციალურად დაუცველებისა და უკვე დარეგისტრირებული ბავშვების დედმამიშვილების ბაღში მოხვედრის შემდეგ, სხვა ყველა დანარჩენი პატარისათვის ონლაინ რეგისტრაცია დილის 9:00 საათზე იწყება. კონკურენცია ყველა მშობელს ავალდებულებს, რომ ამ დროს კომპიუტერთან და ინტერნეტთან წვდომა ჰქონდეს (განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა კომპიუტერის ქონის სურვილი ან შესაძლებლობა).

სკოლებისგან განსხვავებით, საბავშვო ბაღის შერჩევისას მშობლები პრესტიჟულობას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და პრიორიტეტი ადგილმდებარეობას - სახლთან ან სამსახურთან სიახლოვეს ენიჭება, თუმცა იმის მიუხედავად, რომ გუშინაც, 10 ივლისს, ონლაინ-რეგისტრაციისთვის დარაზმულმა მშობლებმა წინდახედულობა გამოიჩინეს და 9:00 საათს მომზადებულები, გამართული კომპიუტერით, ქსელითა და საჭირო საანკეტო მონაცემებით შეხვდენენ, აღმოჩნდა, რომ საიტმა ჯერ "გაჭედა", მალევე კი საერთოდ გაითიშა. მოგვიანებით, მისი ამოქმედების შემდეგ მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ თავისუფალი ადგილები უკვე აღარ იყო. მათ გაკვირვებას იწვევს ის გარემოებაც, თუ როგორ აღმოჩნდა ადგილები შევსებული გათიშული საიტის პირობებში. მშობლების ნაწილი ეჭვობს, რომ ბავშვები ნაცნობობითა და "ჩაწყობით" დარეგისტრირდნენ.

რას უკავშირდება წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა - გარეთ დარჩენილი ბავშვები და უკმაყოფილო, ხშირად გამწარებული მშობლები. პირველი მიზეზი ალბათ, ბაღების ნაკლებობაა. გარდა იმ სიკეთეებისა, რომელიც ბაღს მოაქვს (ბავშვის განვითარება, ურთიერთობები, სწავლება), არის კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც მშობლებისთვის შვილის ბაღში ტარება მნიშვნელოვანია. ხშირად დედა და მამა მუშაობს, ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავთ, სამუშაო საათებში კი პატარას სააღმზრდელო დაწესებულებაში დატოვება ესაჭიროება.

ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის ბოლო წლებში საჯარო საბავშვო ბაღები ფასიანი გახდა, გადასახადი უბნების მიხედვით დიფერენცირებული იყო. გადასახადის გადაუხდელობის გამო, ბავშვი ბაზიდან ავტომატურად ვარდებოდა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საკანონმდებლო ინიციატივები განხორციელდა, რის გამოც ბაღი კვლავ უფასო გახდა. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებამ მშობლების კმაყოფილება გამოიწვია. მათი ნაწილი აღნიშნავს, რომ გადასახადის გაუქმებას მომსახურების გაუარესება არ გამოუწვევია. თუმცა კონტიგენტს ის პატარებიც მიემატნენ, რომელთა მშობლებსაც შვილის ბაღში ტარების გარდაუვალი აუცილებლობა არ აქვთ. ანუ თუკი აქამდე ვინმე გადასახადის არსებობის გამო შვილის ბაღში ტარებისგან თავს იკავდებდა, ახლა ისინი დარეგისტრირებას არ იზარებენ.

მოკლედ, შედეგი სახეზეა, მოთხოვნა მოწოდებას ბევრად აღემატება. ახლა უკმაყოფილო მშობლები იძულებულები არიან, კერძო ბაღებს მიმართონ. კერძო ბაღებში გადასახადი საშუალოდ თვეში 150-300 ლარია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგჯერ ბაღში ორი დედმამიშვილი დადის, ადვილი წარმოსადგენია სადამდე აღწევს კერძო ბაღში გასაღები ხარჯები.

გუშინდელი დღის შემდეგ, ამ ხარჯების იძულებით გაღება კიდევ ბევრ იმედგაცრუებულ მშობელს მოუწევს, რომლებმაც კერძო ბაღების ძიება გუშინვე დაიწყეს.

ნატალია დადიანი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია