ბათუმელი მაშველი, რომელმაც 100-მდე ადამიანი იხსნა - ტრაგიკული და ემოციური ისტორიები შავი ზღვის სანაპიროდან

ბათუმელი მაშველი, რომელმაც 100-მდე ადამიანი იხსნა - ტრაგიკული და ემოციური ისტორიები შავი ზღვის სანაპიროდან

აჭარის სამაშველო სამსახურში 12 წელზე მეტი მუშაობს. აეტი კახიძისთვის ადამიანის გადარჩენა ყველაზე დიდი აზარტია. 100-მდე გადარჩენილი და 30-მდე ნაპოვნი ცხედარი, ეს არის 38 წლის მაშველის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგი. ამბობს, რომ სხვა სამსახური მისთვის არ არსებობს და ვერც კი წარმოუდგენია ვერცერთი დღე ზღვაზე გაცურვის გარეშე. აეტი მაშველი და მყვინთავია.

"მაშველად 2003 წელს დავიწყე მუშაობა. კარგად ვცურავდი, შემეძლო ტალღებში შესვლა და გამოსვლა. ვიფიქრე, რომ შევძლებდი ადამიანების დახმარებას და უკვე 11 წელია აქ ვარ.

100-მდე ადამიანი გადამირჩენია და 30-მდე მიცვალებული მყავს წყლიდან ამოყვანილი. ყველა სიტუაცია ძალიან ტრაგიკულია თავისთავად, თუმცა როგორც ყველა პროფესიაში, ჩვენთანაც არის კურიოზული შემთხვევები. ძებნის დროს ჩემი მეწყვილე მაშველი დავიჭირე, ვიფიქრე უკვე ვიპოვეთ ცხედარი თქო, მაგრამ მეწყვილეს ჩემი სხეული ეგონა მიცვალებულის და მანაც მჭიდროდ შემომხვია ხელები.

იყო ასეთი შემთხვევა, მდინარეზე ქეიფობდნენ, რაღაცას აღნიშავდნენ. ერთ-ერთი მამაკაცი ჩახტა წყალში და ვეღარ ამოვიდა. ჩასვლისთანავე მდინარის ფსკერზე დავინახე უამრავი ჩონჩხი საქონლის, ძალიან უსიამოვნო შეგრძნება იყო და ცუდი განწყობით ვაგრძელებდი მუშაობას. უცებ დავინახე ადამიანი იწვა ამოტრიალებული და ულვაშებს ისე აქანებდა, თითქოს მიღიმოდა. რაღაც უჩვეულო იყო, წყლის დინება ისე უთამაშებდა ულვაშებს მიცვალებულს, თავდაპირველად მეგონა ცოცხალი იყო და ჩემი დანახვა უხაროდა.

შემთხვევები საკმაოდ რთული და ხშირ შემთხვევაში ტრაგიკულია, მაგრამ ყოფილა რამდენიმე გამოძახება, რა დროსაც ცრუ განგაშზე გვიმუშავია. დავიწყეთ ზღვაში მუშაობა, თუმცა ძებნის ობიექტი ხმელეთზე აღმოჩნდა. ახლობლები პანიკაში იყვნენ, გვითხრეს, რომ მამაკაცი ბოლოს წყალში ნახეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი პლიაჟზე საღ-სალამათი თავისი ფეხით მოვიდა. ტანსაცმელი ნაპირზე დაეტოვებინა, თვითონ კი თურმე სადღაც ქეიფობდა.

- ტალღებთან თუ გიბრძოლიათ ადამიანის გადასარჩენად?

- საკმაოდ ხშირად. ერთს გავიხსენებ, ძალიან დიდი ტალღები იყო, თუმცა ახალგაზრდა ბიჭი, გაფრთხილების მიუხედავად, მაინც შევიდა ზღვაში. მითხრა, არ არის პრობლემა, კარგად ვცურავო. წყალში შესვლისთანავე, ისე რომ არც კი გაუცურავს, ნაპირისკენ შემობრუნდა და დახმარება ითხოვა, პანიკაში იყო. შევცურე წყალში, დავიწყე ტალღებთან ბრძოლა და ადამიანის გადარჩენა. ეს ბიჭი კისერზე მაჯდებოდა და ცდილობდა ჰაერი ჩაესუნთქა ფაქტიურად ჩემს ხარჯზე, ის მე მახრჩობდა და ხელ-ფეხსაც არ აქანებდა დასახმარებლად. ვიბრძოლე ორ ფრონტზე, ერთი მხრივ ტალღებს ვებრძოდი, მეორე მხრივ საკუთარი თავის და ამ ბიჭის გადასარჩენად. ბოლოს როგორც იქნა, გამოვედით ნაპირზე, მაგრამ ბიჭს მაინც დასჭირდა სასწრაფო დახმარება, ბევრი წყალი ქონდა ნაყლაპი.

- ზღვაზე დახმარებას რა ასაკის ადამიანები ითხოვენ უმეტესად და უფრო ხშირად დახმარება ქალებს ესაჭიროებათ თუ მამაკაცებს?

- უმეტესად ახალგაზრდა მამაკაცებს სჭირდებათ შველა და ამას დაღუპულთა სტატისტიკაც ადასტურებს. ნასვამ მდგომარეობაში ვერ აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს, ასევე ხშირია მოზარდების დახმარების შემთხვევები. ქალბატონებსაც უნიშნებიათ წყლიდან, ძირითადად ძარღვის შეფსკვნის გამო. ძარღვი ვისაც აქვს გაფსკვნილი, შეუძლია ზღვის ზედაპირზე ყოფნა და ჩვენ ვეხმარებით ნაპირზე გამოსვლაში.

- როგორი ემოციაა ადამიანის გადარჩენა?

- ეს არის ენით აუღწერელი ემოცია. დაზარალებულიც და მისი თანმხლები პირებიც ძალიან გახარებულები არიან, თუმცა ხშირია შემთვევა, როცა მადლობასაც არ ამბობენ, მაგრამ შესაძლოა, ფსიქოლოგიური შოკი აქვთ და ავიწყდებათ. საბანაო ზოლზე არის ტივტივები განლაგებული, რაც 60 მეტრის იქით გასვლას კრძალავს კატარღების და სხვა მცურავი საშუალებების გამო. თუმცა ტივტივა ერთგვარად მაპროვოცირებელიც არის, რადგან ყველა ცდილობს ტივტივამდე გაცურვას. ტივტივას იქეთ გასულებს მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ უკან ნაპირისკენ გაცურონ.

უბედური შემთხვევები ძირითადად ნაპირიდან 5-დან 30 მეტრამდე ხდება. ვინც შორს მიცურავს, იმას გამოსვლაც შეუძლია. ბავშვების შემთხვევაში დაღუპვის ფაქტები ახლობლის უყურადღებობითაც არის განპირობებული. მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვი თამაშობს სილაში და ამ დროს იკარგება.

2012 წელს კირნათში 4 წლის ბავშვი დაიხრჩო, მდინარემ ქვიდან წაიღო. მამას მდინარეზე ორი შვილი წაეყვანა და ალბათ, უყურადღებობით დაემართათ ასეთი ტრაგიკული ამბავი. ადგილზე მისულებს დაგვხვდა ცუდი მხედველობა და სწრაფი დინება. მოსაძებნი არეალი განვსაზღვრეთ და დავიწყეთ მუშაობა. ჩავკიდეთ მაშველებმა ხელები და დავიწყეთ ფეხით სვლა მდინარის გასწვრივ. მეორე წრეზე ვიყავით, ფეხი დავადგი... ამოვიყვანე დამხრჩვალი პატარა. ეს იყო ძალიან ტრაგიკული ამბავი, კივილი, წივილი ძალიან რთული ფსიქოლოგიური მომენტი მქონდა.

არის შემთხვევები, როცა ცხედრის პოვნის შემდეგ ახლობლები არიან გახარებულები და ტაშს უკრავენ. ორი უკიდურესობაა ამ დროს, ერთია, რომ დაიღუპა და ტრაგედიაა, მეორე არის, რომ მიცვალებულის ცხედარი მაინც ექნებათ და უხარიათ.

- როგორ ემზადებით სამუშაოზე გასასვლელად?

- ჩვენ ყოველთვის მზადყოფნაში ვართ და გამოძახებისთანავე სრულად აღჭურვილები გავდივართ. თვითმხილველების მითითებით, თუ სად დაინახეს ბოლოს ადამიანი, ჩავდივართ წყალში რამდენიმე მყვინთავი და ვიწყებთ მუშაობას. ვაქცევთ ყურადღებას დინების მიმართულებებს, წყალქვეშა სიგნალებით ვკონტაქტობთ ან ბაწრით ვაკეთებთ ჯაჭვს. თუ კარგი მხედველობაა, სამძებრო ღონისძიება მარტივია, ტალღების დროს კი არ არის მხედველობა და ფაქტიურად ბრმად ვეძებთ.

- რა სირთულეები გხვდებათ წყალქვეშ?

- წყალქვეშ შესაძლოა, ხიფათში აღმოვჩნდეთ, ჩარჩენილი ბადეები და ბაწრები ძალიან საშიშია. არის წყალქვეშა ნაგავი რკინების სახით და შესაძლოა, დაზიანება მიიღო. მე არასდროს მქონია წყალქვეშ რაიმე სახიფათო შემთხვევა, მაგრამ სარფში იყო შემთხვევა, როცა ღუზის ბაწარზე გაიბლანდა ერთ-ერთი მყვინთავი და მისმა მეწყვილემ გადაარჩინა.

- სამომავლო გეგმებიც ამავე პროფესიას უკავშირდება?

- ჯერჯერობით ცვლილებებს არ ვგეგმავ, მიყვარს ჩემი პროფესია, ეს ჩემი სტიქიაა. ვერ წარმომიდგენია სხვა რომელი პროფესია და საქმიანობა იქნება ამაზე საინტერესო. ზღვა არასდროს მომბეზრდება, არ შემიძლია ზღვის გარეშე ერთი დღეც, დისკომფორტს ვგრძნობ.

- 11 წელია მუშაობ და როგორც ვიცი, ჯილდოებიც გაქვს...

- 2006 წელს მარათონი გაიმართა, სადაც სუნთქვის შეკავებაში, წყალქვეშა ნადირობასა და სიგრძეზე ცურვაში ვეჯიბრებოდით. ხუთი გუნდი და ინდივიდუალური პირები ვმონაწილეობდით. ინდივიდუალურში პირველი ადგილი დავიკავე, სუნთქვის შეკავებით წყალქვეშ 3 წუთი და 40 წამი გავძელი. ჯგუფურში კი მეორე ადგილზე გავედით. სიგელები მაქვს მიღებული, მარათონიდან კი თასები. 2012 წელს მივიღე სახელმწიფო ჯილდო, ღირსების ორდენით დამაჯილდოეს. ამით ვამაყობ, ჩვენთან ბევრია დამსახურებული თანამშრომელი, თუმცა უფროსობამ გადაწყვიტა, რომ ეს ჯილდო მე მიმეღო, ეს დიდი სტიმულია.

- რას ურჩევთ ზღვაზე მყოფ დამსვენებლებს?

- ნაბახუსევზე, ალკოჰოლის მიღების შემდეგ, მცხუნვარე მზის დროს ნუ შევლენ ზღვაში, ეს ძალიან საშიშია. მშობლებს კი ვურჩევ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ბავშვებს, რადგან ზღვაზე ყოველი წამი მნიშვნელოვანია. თუ ბევრი ბავშვი ყავს მისახედი, მაშველს სთხოვონ, რომ მათ მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

იხილეთ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია | Lifeguard who saved over 100 people - Emotional stories from the Black Sea coast

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია