ტაივანიდან ჩამოტანილი ოქრო - ქართველი მოსწავლეების პრესტიჟული ჯილდო და მორიგი წარმატება საერთაშორისო განათლების ასპარეზზე

ტაივანიდან ჩამოტანილი ოქრო - ქართველი მოსწავლეების პრესტიჟული ჯილდო და მორიგი  წარმატება საერთაშორისო განათლების ასპარეზზე

ინფორმატიკის 26-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და 82 ქვეყანას შორის მე-17 ადგილზე გავიდა. გამარჯვებული საქართველოს ნაკრები გუნდი 4 მოსწავლის შემადგენლობით უკვე საქართველოშია.

საერთაშორისო ოლიმპიადა წელს ტაივანში, 13-20 ივლისს ჩატარდა. ის ერთ-ერთი პრესტიჟული და მასშტაბური ღონისძიებაა. მისი მიზანია ინფორმატიკის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ნიჭიერი მოსწავლეებისთვის სამეცნიერო და კულტურული გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.

ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში 80-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

2005 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრულად აფინანსებს საქართველოს ნაკრები გუნდის შერჩევას, წვრთნას და ოლიმპიადაში მონაწილეობას. ამ პერიოდში საქართველოს ნაკრებ გუნდს მოპოვებული აქვს 2 ოქროს,7 ვერცხლის და 27 ბრინჯაოს მედალი.

Ambebi.ge ოქროსმედალოსან, ნიკა სვანიძეს შეხვდა, რომელმაც წელს კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა დაამთავრა, მაგრამ იმის გამო, რომ ოლიმპიადაზე უნდა გამგზავრებულიყო, ეროვნული გამოცდები არცერთ უმაღლეს სასწავლებელში არ ჩაუბარებია, თუმცა თავისუფალ მსმენელად "თავისფალ უნივერსიტეტში" ჩაირიცხა. ასე რომ, ეროვნული გამოცდების ჩაბარება გაისად მოუწევს.

- ამ საერთაშორისო ოლიამპიადაზე უკვე მესამედ ვიყავი. 80-ზე მეტი ქვეყნის, 300-ზე მეტი ბავშვი ვმონაწილებდით. ოქროს მედალი ავიღე და მეათე ადგილი დავიკავე.

- მოკლედ, მსოფლიო საუკეთესო ათეულში მოხვდი... რომ მიემგზავრებოდი, იმ განწყობით იყავი, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდი?

- მაგ განწყობით რომ არ წავსულიყავი, მაშინ წასვლას აზრი არც ჰქონდა. ეს ჟინი ჩემში ყველაზე მეტად შარშანდელმა შედეგმა გააღვივა, რადგანაც ბრინჯაოს მედალი ავიღე. თუმცა შარშანწინაც ბრინჯაო გადმომცეს. მეორე ბრინჯაომ გული ისე დამწყვიტა, რომ წელს უკვე ოქროს ასაღებად გავემგზავრე.

- ფაქტია, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა ხარ, მაგრამ მაინც რას მიიჩნევ ამ ყველაფრის დამსახურებად?

- მარტო ნიჭი არაფერს შვრება. ეს ოქრო რომ ამეღო, თუ ჩემს ცხოვრებას გადავხედავთ, გამოდის, რომ ამისთვის 6 წელი ვემზადებოდი, ვმეცადინეობდი. ეს ყველაფერი მეხუთე კლასიდან დავიწყე. მოკლედ, შედეგი დიდი შრომის შედეგად მოვიდა. კომაროვის სკოლაში მეშვიდე კლასიდან გადავედი. თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ მეექვსე კლასიდან საინფორმაციო-ტექნოლოგიის ცენტრ "მზიურში" ვსწავლობ, რომელიც კონკრეტულად, მათემატიკას, ლოგიკას, ფიქრს გაყვარებს. თავიდანვე ისეთ ამოცანებს მაძლევდნენ, ისე მამეცადინებდნენ, რომ მომწონდა - სახალისოც იყო და და საფიქრალიც. მოკლედ, იქ მიღებული ცოდნით ნელ-ნელა შედეგებს აღწევ. სხვათა შორის კომაროვში სწავლის გაგრძელება "მზიურში" მირჩიეს და მიმაჩნია, რომ ჩემი მთავარი გზამკვლევი "მზიურია". საკმაოდ შინაურული გარემოა. როდესაც რაღაც გიჭირს, პედაგოგი მოვა და აგიხსნის, თუ საჭიროა, გაკვეთილის შემდეგაც დარჩება. სწავლება მართალია ფასიანია, მაგრამ იმაზე მეტს გაძლევენ, ვიდრე საფასურს იხდი.

- საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი როგორ გახდი?

- ყველაფერი ეროვნული ოლიმპიადით იწყება, რომელიც სამ ტურად ტარდება. ფინალში გამარჯვებულები ათეულებად იყოფიან... ახლა საუკეთესოები შეგვარჩიეს.

- პრიზად რა გადმოგცეს?

- წესია ასეთი, რომ გამარჯვებულს განათლების სამინისტრო ფულადი პრიზებით აჯილდოებს, მაგრამ ეს სექტემბერში ხდება.

- ისე, მათემატიკა ასე რამ შეგაყვარა?

- ამოცანა ჩემთვის ადვილად დასაძლევი რამ აღმოჩნდა. სკოლაში პირველივე კლასში დავიწყე ამ საგნის შესწავლა და მაშინვე მარტივად მივხვდი ამოცანების არსს. ადვილად ვარჩევდი. რიცხვები ძალიან საინტერესოდ ვისწავლე, წიგნის თაროებზე განლაგებული წიგნის ტომებზე წარწერილი რიცხვებით. მათემატიკა საინტერესო რამ არის. ის ჩემთვის ფიქსირებული საგანი არ გახლავთ.

- ეგ რას ნიშნავს?

- ისტორიას, ლიტერატურას, გეოგრაფიას ვერ შეცვლი, რაც არის, არის. მათემატიკა ბევრი ვარიანტის შექმნის, მეტი ფიქრის საშუალებას მაძლევს. ეს კი ყველაფერს მირჩევნია.

- ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე ბევრს მუშაობდი, ხომ?

- ერთი თვე მასწავლებლები გვამეცადინებდნენ, დატვირთული და დაძაბული რეჟიმი გვქონდა, ვინც კი საქართველოში ინფორმატიკის მასწავლებელია, ყველა თითო-თითო დღეს მოდიოდა, ყველას თავისი მასალა მოჰქონდა და გვამუშავებდა. ერთი კვირა ბაკურიანში ვმეცადინეობდით, სუფთა ჰაერზე, გასაჯანსაღებლად და რომ ჩამოვედით, უკვე ტაივანში წავედით.

მოკლედ, ჩემი წარმატებული რესპონდენტი მიზანმიმართული ადამინია. სწავლის გაგრძელებას უცხოეთში აპირებს, მასაჩუსეტსის შტატში ტექნოლოგიების ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია, მსოფლიო 5-ეულში შედის. მოკლედ, იქ სწავლის დიდი სურვილი აქვს.

- რა ფაკულტეტზე გინდა, სწავლა?

- კომპიუტერული ინჟინერიის...

- კომაროვის სკოლაზე რას გვტყვი, სადაც გაიზარდე?

- მადლობის მეტი რა მეთქმის. იქ სწავლის საოცარ ხარისხს ითხოვენ. წელიწადში ორჯერ არის გამოცდა, მათემატიკასა და ფიზიკაში, რომელიც მოსწავლეების მომზადებას ამოწმებს, თუ ვერ დაძლევ გამოცდას, გიშვებენ, მერე შეგიძლია მოემზადო და დაბრუნდე, ამოქაჩო. კომაროვსა და "მზიურში" რომ არ გამეგრძელებინა სწავლა, ვიქნებოდი მოსწავლე, რომელიც დაამთავრებდა სკოლას, ჩააბარებდა რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში ან საბანკო ფაკულტეტზე, ან რაღაც ასეთზე.

- ნიკა, 18 წლის ხარ და ჯერჯერობით თინეიჯერი...

- გულწრფელად რომ გითხრათ, თინეიჯერი რას ნიშნავს, არც ვიცი, კი, ვხვდები, რომ 13-დან 19 წლამდე ასაკია, ამასთან, ინგლისური სიტყვიდან მომდინარეობს, მაგრამ ეს ჩემ შემთხვევაში რაში გამოიხატება, ვერ ვხვდები... ალბათ თინეიჯერულად არ ვცხოვრობ (სიცილით ამბობს).

- თავისუფალ დროს რას უთმობ?

- დასვენებას. სიმშვიდე მირჩევნია, სეირნობა... 15 წლამდე სპორტს მივდევი და რაღაც თამაშებით ვიყავი გატაცებული.

- შეყვარებული არ გყავს?

- მყავს - ელენე მაჩაიძე. ისიც ჩემთან ერთად იყო ოლიმპიადაზე წამოსული, ნაკრების წევრია. ცოტა დააკლდა, ვერცხლის მედლამდე და ბრინჯაო ერგო. ჩვენ "მზიურში" ერთად ვსწავლობდით.

აქვე მადლობა მინდა, ჩემს მასწავლებლებს: ზაზა გამეზარდაშვილს, გურამ ქოთოლაშვილს და გოჩა მანდარიას გადავუხადო იმ შრომისთვის, რაც ჩვენთვის გასწიეს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია