აზარტული ქართველი მულტიმილიონერი, რომელიც კაზინოების ქსელით გამდიდრდა

აზარტული ქართველი მულტიმილიონერი, რომელიც კაზინოების ქსელით გამდიდრდა

90-იანების დასაწყისში მიხეილ მირილაშვილმა ბიზნესი კაზინოების ქსელით დაიწყო.

გასული საუკუნის 90-იან წლებში, "ფორბსის" რეიტინგების თანახმად, ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის 133-ე იყო. დღეს, მხოლოდ მის წილად რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი მოდის, დაახლოებით მილიარდს მისი ვაჟი ფლობს და ისიც მშვიდად სჯერდება მე-100 პოზიციას რუსეთის უმდიდრეს ადამიანთა შორის...

მიხეილ მირილაშვილი, 1960 წლის 1 მაისს, სამტრედიის რაიონის სოფელ კულაში დაიბადა. სოფელი ცნობილი იყო, როგორც ქართველი ებრაელების დასახლება. 1977 წელს ლენინგრადის პედიატრიულ ინსტიტუტში ჩაირიცხა. სტუდენტობის წლებში მირილაშვილის გვარ-სახელმა ვლადიმირ ფეოქსისტოვის კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირში გაიჟღერა. სხვათა შორის, სწორედ ეს დაჯგუფება მიიჩნეოდა იმდროინდელ ლენინგრადში ორგანიზებული დანაშაულის ფუძემდებლად. ფეოქსისტოვის სასამართლო პროცესზე მირილაშვილი მოწმის სტატუსით დაიკითხა. საქმე ეხებოდა ინციდენტს, რომელიც 1979 წელს ლენინგრადში, რესტორან "ბაქოში", ფეოქტისტოვსა და მის მეგობარ მერაბ ყურაშვილს შორის მოხდა. მეგობრები რესტორანში სტალინის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. 20 წლის სტუდენტი მირილაშვილიც მათ სუფრასთან იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით ჩხუბი ფეოქსისტოვსა და ყურაშვილს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რომლის დროსაც ფეკამ, იგივე ფეოქსისტოვმა ყურაშვილი დანით ზურგში დაჭრა. დაკითხვაზე მირილაშვილმა თქვა, რომ წაჩხუბებული მეგობრების გაშველებას ცდილობდა, სხვა თვითმხილველების თქმით კი ის ფეოქსისტოვს ეხმარებოდა.

აზარტული ბიზნესმენი

90-იანების დასაწყისში მირილაშვილმა ბიზნესი კაზინოების ქსელით დაიწყო. ამბობს, რომ ძალიან აზარტულია და სათამაშო ბიზნესიც საქმისა და ჰობის ერთგვარი სინთეზი იყო. ლას-ვეგასში ყოფნისას კაზინოში დიდი ფული წააგო თურმე, მაგრამ ამან დიდი სიამოვნება მიანიჭა - მიხვდა, რომ სხვებისთვის ამ სიამოვნების მინიჭებით თავად დიდი ფულის შოვნა შეეძლო. ასე გაჩნდა ჰოლდინგი "კონტი", რომელიც სანქტ-პეტერბურგში ექვს კაზინოს აერთიანებდა.

მიხეილ მირილაშვილი სხვადასხვა დროს იყო კომპანია "რუსკი ვიდეოს" თანამფლობელი, ჰოლდინგ "პეტრომირის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც თავის მხრივ კომპანია "ლუკოილის" მენეჯმენტში შედიოდა. რაც შეეხება "რუსკი ვიდეოს" ამასთან დაკავშირებით მირილაშვილის ცხოვრებაში ერთი საინტერესო ეპიზოდი იყო. "რუსკი ვიდეოს" შემადგენლობაში სანქტ-პეტერბურგის მე-11 არხიც შედიოდა, რომლის ყიდვაც მირილაშვილისგან ბორის ბერეზოვსკის სურდა. რამდენჯერმე ბერეზოვსკიმ მირილაშვილს ხალხიც მიუგზავნა, კოლოსალურ თანხას სთავაზობდა, მაგრამ მირილაშვილი მაინც ვერ დაითანხმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ამ არხის გაყიდვით დაინტერესებული იყო. უწინ უფასოდ მივცემ ვინმე სხვას ამ არხს, ვიდრე ბერეზოვსკის ჩავუგდებ ხელშიო - უთქვამს მირილაშვილს. მას დღემდე ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ისრაელის და რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ, დროის უმეტეს ნაწილს ისრაელში დედასთან ატარებს.

2001 წლის 23 იანვარს მიხეილ მირილაშვილი სანქტ-პეტერბურგის პროკურატურამ ორი ქართველის გატაცებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ კი ამ ორ ადამიანს მირილაშვილის მამამის, მიხეილ მირილაშვილი-უფროსის გატაცებაში ედებოდათ ბრალი. ბიზნესმენი მირილაშვილი დამნაშავეთ სცნეს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მსჯავრდებულმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა, რომელმაც მის სარჩელი დააკმაყოფილა და უდანაშაულოდ ცნო. მოგვიანებით მირილაშვილს პატიმრობის ვადა 8 წლამდე შეუმცირეს. 2009 წლის 11 თებერვალს მირილაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა და ისევ სათავეში ჩაუდგა თავის ბიზნესს, რომელსაც მანამდე მისი მეგობრები და პარტნიორები მართავდნენ.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია