როგორ მოიქცნენ პოლიციელები, რომლებმაც 2 მილიონზე მეტი იპოვეს - პატრულის თანამშრომლების საოცარი თავგადასავლები

როგორ მოიქცნენ პოლიციელები, რომლებმაც 2 მილიონზე მეტი იპოვეს - პატრულის თანამშრომლების საოცარი თავგადასავლები

ყოველდღიურად ჩვენს ირგვლივ უამრავი მნიშვნელოვანი ამბავი ხდება, რომლებიც ყურადღების მიღმა გვრჩება; არიან ადამიანები, რომლებსაც თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის წარმოუდგენლად მძიმე სამუშაოს შესრულება უწევთ, თუმცა ჩვენ მათ არ ვიცნობთ. Ambebi.ge ამჯერად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებზე გიამბობთ. ადამიანებზე, რომლებსაც ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესია აქვთ და ზოგჯერ გმირობის ტოლფას საქმეს აკეთებენ, თუმცა მათ საზოგადოება არ იცნობს.

წარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქუჩაში დაგდებული დიდი ზომის საფულე იპოვეთ, რომელშიც ათასობით აშშ დოლარი და ათასჯერ ან ორჯერ მეტი ოდენობის უცხოური ვალუტის ჩეკი, საბუთები და პირადი ნივთებია მოთავსებული. რას იზამდით? სწორედ ასეთი ამბის მონაწილე გახდა გასულ წელს პატრულ-ინსპექტორი ნიკოლოზ ხარშილაძე, რომელმაც მომხდარის შესახებ Ambebi.ge-ს თავად უამბო:

"იმ საღამოს მარჯანიშვილის მეტროში ვმორიგეობდი. დაახლოებით ღამის 11 საათი იქნებოდა. მორიგეობას ერთ საათში ვამთავრებდი, ხალხიც ცოტა იყო... მეტროს შესასვლელთან ვიდექი და გარეთ ვიყურებოდი. დაახლოებით 10 მეტრში ორი უცხოელი კაცი იდგა, იქვე ახლოს კი საკმაოდ დიდი ზომის საფულე ეგდო, მაგრამ არავის მიუქცევია ამისთვის ყურადღება. თავიდან ვიფიქრე, რომ ამ ორი მამაკაციდან ერთ-ერთს დაუვარდა, თუმცა მათი არ აღმოჩნდა. რამდენიმე წუთში საფულე გავხსენი. 2 მილიონ 189 ათასი აშშ დოლარის საბანკო ჩეკი, 160 ლარი, 152 720 ერაყული დინარი და პირადი საბუთები იყო. საბუთებს შორის ქართული სასტუმროს სავიზიტო ბარათი ვიპოვე და მითითებულ ნომერზე დავრეკე. აღმოჩნდა, რომ საფულის მფლობელი სწორედ იმ სასტუმროში ცხოვრობდა. დაახლოებით ოც წუთში გადავეცით ყველაფერი. მადლობა გადაგვიხადა, თან ამბობდა, ეს რომ ჩემს ქვეყანაში მომხდარიყო, წარმოუდგენელია, რომ ამდენი ფული უკან დაებრუნებინათო. ამ ამბავს მედია აქტიურად აშუქებდა. სამი დღის განმავლობაში ტელეფონზე ზარები არ შეწყვეტილა, ზოგი მეგობარი იმასაც კი მეკითხებოდა, ბოლობოლო აღიარე, რა გაჩუქა მაგ ერაყელმაო. ვერ იჯერებდნენ, რომ არაფერი უჩუქებია. მეცინებოდა ამას რომ მეკითხებოდნენ... ამას მოჰყვა სამსახურში პრემიით წახალისება. მშვენიერი ამბავი იყო. ერაყელი კი საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდა", - იხსენებს ნიკოლოზ ხარშილაძე.

ეს ამბავიც გასულ წელს მოხდა. რუსთავის გზატკეცილზე მოძრავ სამარშრუტო ტაქსში ქალბატონმა 4 წლის მძინარე ბავშვი უფროსის თანხლების გარეშე შენიშნა. რომ ვერ შეძლო ბავშვის გაღვიძება, პატრულს დაუკავშირდა. ამ ამბავის უშუალო მონაწილეები დავით დალაქიშვილი და მისი მეწყვილე გახდნენ:

"იმ საღამოს ჩემს მეწყვილესთან, ხვიჩა ქობულაძესთან ერთად ვმორიგეობდი. თურმე სრულიად უცნობ მოქალაქეს შეუნიშნავს ავტობუსში მარტოდმარტო მძინარე ბოშა ბავშვი. თავიდან გვეგონა, რომ უდედმამო იყო, ძლივს გამოვაფხიზლეთ, ძალიან დაღლილი ჩანდა. შემდეგ კანდელაკზე არსებულ ბავშვთა სახლში მივიყვანეთ. იქ მომუშავე პერსონალმა იცნო ბავშვი, აღმოჩნდა, რომ ადრეც ყოფილა ამ თავშესაფარში და გარკვეული ხნის შემდეგ გაპარულა... შემდეგ გავარკვიეთ, რომ ბავშვი უდედმამო არ ყოფილა, ორივე მშობელი ჰყავს", - იხსენებს პატრულ-ინსპექტორი დავით დალაქიშვილი.

2013 წლის ოქტომბერში ჩოლოქის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ. ჟვანიას

სახელობის ხიდთან, პოლიციის კაპიტანი კახა წულუკიძე, მაიორი მალხაზ ჯიჯავაძე პატრულირებდნენ. სწორედ ამ დროს მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით მიმართეს – 4 წლის ბავშვი არხში იყო ჩავარდნილი. ბავშვს სასიცოცხლო ნიშნები თითქმის აღარ ჰქონდა. პატრულებმა პატარას დაუყოვნებლივ ჩაუტარეს ხელოვნური სუნთქვა და შესაბამისი პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, რის შედეგადაც ბავშვი გადარჩა. მოგვიანებით პატრულის დახმარებითვე საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანით ის ოპერატიულად გადაიყვანეს საავადმყოფოში. სამსაათიანი მძიმე ოპერაციის შედეგად ბავშვის გადარჩენა მოხერხდა.

2013 წლის 13 ოქტომბერს დავით გაგუას სახელობის სამშობიარო კლინიკის რეანმაციულ განყოფილებაში ხანძარი გაჩნდა, თუმცა საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე მისულმა საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა ლაშა ბრეგვაძემ, ვიქტორ ჯაფარიძემ, დომენტი ზვიადაურმა, ირაკლი ცატავამ და გიორგი კოპალეიშვილმა ცეცხლმოკიდებული პალატებიდან 10 ავადმყოფი უვნებლად გამოიყვანეს. მომხდარს დეტალურად იხსენებს ლაშა ბრეგვაძე:

"მახსოვს, რომ ყველაფერი წამებში მოხდა, ინსტინქტურად ვმოქმედებდით. კლინიკაში რომ შევედით და ვიკითხეთ, რომელ სართულზე იყო ხანძარი, მედპერსონალი გაკვირვებული გვიყურებდა. არავინ იცოდა, რომ რეანიმაცია იწვოდა. მეექვსე სართული, სადაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები იყვნენ, მთლიანად შავ კვამლში იყო გახვეული. ხილვადობა ფაქტობრივად ნული იყო. რეანიმაციის განყოფილებიდან ზოგი საკაცით გამოგვყავდა, ზოგი წვეთოვანიანად. იქვე კიბესთან ვსვამდით, თან ექიმებს ვთხოვდით დაეთვალათ პაციენტები, ვინმე ხომ არ აკლდა მათ რიცხვს. ამ ქაოსმა დაახლოებით 15 წუთს გასტანა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ვიდრე სახანძრო ეკიპაჟი მოვიდოდა, ადამიანების უვნებლად გამოყვანა შევძელით. ამაზე დიდი ბედნიერება, რა უნდა იყოს".

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია