"არაერთი სკანდალის მომსწრენი გავხდებით" - ასტროლოგიურად რთული პერიოდი აგვისტოს ცხელ დღეებში

"არაერთი სკანდალის მომსწრენი გავხდებით" - ასტროლოგიურად რთული პერიოდი აგვისტოს ცხელ დღეებში

ივლისის შუა რიცხვებიდან ასტროლოგიურად რთული პერიოდი დაიწყო, რომელიც სექტემბრის დასაწყისამდე გაგრძელდება. როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, პლანეტები ორბიტაზე ისე განლაგდებიან, რომ ეს ყველაფერი სამყაროში უარყოფითი ენერგიის მომატებას იწვევს, რაც გარშემო ბევრ ხიფათსა და საფრთხეს ქმნის: მატულობს ავტოკატასროფების რიცხვი, სიკვდილიანობა, სხვადასხვა სახის ტრაგედია, უბედური შემთხვევა, არაერთი დაპირისპირება, ახლდება მივიწყებული კონფლიქტები...

ამის საილუსტრაციოდ, ალბათ, იმ ფაქტების არასრული ჩამონათვალიც გამოდგება, რომლებიც 15 ივლისიდან დღემდე მოხდა - ეროსი კიწმარიშვილის ტრაგიკული ამბავი, რამდენიმე ავტოავარია, ავტობუსის მძღოლის მკვლელობა, ავარია კახეთის გზატკეცილზე, მძიმედ დასრულებული ოჯახური კონფლიქტები, ფეხბურთის მატჩის შემდგომ მომხდარი დაპირისპირება, მსოფლიოს მასშტაბით ორი სერიოზული ავიაკატსტროფა, ვითარების გამწვავება ისრაელსა და უკრაინაში და ა.შ.

ახლა ისე არ გაიგოთ, რომ სამყარო მხოლოდ ნეგატივზეა ორიენტირებული, კარგიც ბევრი მოხდება, - აღნიშნავს, Astrologi.ge-ს მთავარი რედაქტორი სოფო მზეკალავა.

რა ტიპის ასტროლოგიურ მოვლენასთან გვაქვს საქმე ცხელ ზაფხულში? რატომ ხდება ჩვენ გარშემო უამრავი ცუდი ფაქტი და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ხიფათი, ამ საკითხებზე სოფო მზეკალავა გვესაუბრება:

- 15-16 ივლისიდან უმნიშვნელოვანესი რაც ხდება ის არის, რომ პლანეტა იუპიტერი ლომის ზოდიაქოში გადადის (იუპიტერი წარმატებისა და კეთილდღეობის მომტანი პლანეტაა, რომელიც პასუხს აგებს ადამიანის ბედნიერებაზე, თუმცა არის გაფართოების პლანეტაც და გლობალური, მასშტაბური მოვლენების წარმოშობას უწყობს ხელს). ამრიგად, მან 16 ივლისისთვის "შინაურულ" ატმოსფეროში გადაინაცვლა. დიახ, ლომისთვის იუპიტერი მისი სტიქიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო დიდ ამფითეატრს დაემსგავსება.

- რას გულისხმობთ?

- ბევრი ხმაურიანი ამბავი მოხდება. პირველ რიგში პოლიტიკური კუთხით, - არაერთი სკანდალის მომსწრენი გავხდებით, ბევრი მანამდე გაუხმარებელი საქმეები ამოტივტივდება და ფაქტობრივად, შესაძლებელია სპეცეფეტებით გარკვეულ პოლიტიკურ სპეკტაკლებს ველოდოთ. არაერთ ახალ პოლიტიკურ ლიდერს ვიხილავთ, უცნობი სახეები ამოყვინთავენ.

ვინაიდან იუპიტერი დიდი ხნით (6 თვე) იქნება, სხვა ასპექტებიც ჩაერთვება. ეს ყველაფერი თვის ბოლოსკენ უფრო გამძაფრდება, რაც მარსის გააქტიურებაზეა დამოკიდებული. ეს სირთულეები აგვისტო-სექტემბერსაც მოიცავს. მოკლედ, იუპიტერს კვადრატურში მარსი ჩაუდგება და ამით დაძაბულ ასპექტს შემოიტანს (მარსი ომისა და ნგრევის პლანეტაა), რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში რამდენიმე ცხელი წერტილი კიდევ გაჩნდება (სისხლის ღვრა, შეიარაღებული კონფლიქტები გაღვივდება). ეს ორი მძიმე ასპექტი ერთმანეთს დაუპირისპირდება, მაგრამ აღნიშნული კვადრატურა ისეთია, რომელსაც "აფეთქება" პერიოდულად ახასიათებს.

- ანუ მუდმივად ნეგატიური ასპექტი არ იქნება ჩართული?

- არა, ლოკალური აფეთქებები პერიოდულად იქნება. იუპიტერის ტრანზიტი ლომში ბევრ სკანდალს გააღვივებს, დაწყებული აგვისტოდან სექტემბრის დასაწყისამდე; მერე ისევ 10-დან 15 ნოემბრამდე დაიძაბება ვითარება: აქციები, პირადი ურთიერთობების კუთხით იქნება სკანდალები, - არაერთი წყვილის დრამატული ისტორიის სახალხო მომსწრე გავხდებით. სასიყვარულო სამკუთხედები გამოაშკარავდება და გასაჯაროვდება, "სპექტაკლად" იქცევა... ეს სიტუაცია როგორც საქართველოზე, ასევე მთელ მსოფლიოზე ვრცელდება.

- ნაკლები ხიფათი და ნაკლები უბედური შემთხვევა რომ მოხდეს, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის?

- რა თქმა უნდა, არსებობს ამის შემაკავებელი ფაქტორები და საშუალებები. ასტროლოგია შესაძლებელ კონფიგურაციას გვაძლევს და ასევე ალბათობის შანსსაც. თუ ამ ალბათობას ყურადღებით ვეკიდებით, შეგვიძლია ხიფათი თავიდან ავირიდოთ, სიტუაცია შევარბილოთ. საერთოდ, ცუდი ტყუილად არასდროს გვემართება. ის იქიდან მოდის, რომ სადღაც ადამიანმა შეცდომა დაუშვა, ან უშვებს...

- რაზეა ეს დამოკიდებული?

- არსებობს კარმული წლები, ასეთი პერიოდები ქვეყნებსაც აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ჩვენს ცხოვრებასა თუ ქვეყანაში გენერალური "დალაგება" მიმდინარეობს. შესაძლოა, ამ პერიოდში ადამიანმა სამსახური, მეორე ნახევარი, ახლობელი დაკარგოს, - მოკლედ, ბევრი რამ ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენში ტრანსფორმაცია მიმდინარეობს. თუ არ გვეტკინა, არ შევწუხდით, რაღაცებს ვერ გავაცნობიერებთ. დიახ, გადაფასება ნეგატიური ამბით უნდა მოხდეს, მაგრამ გვაქვს საშუალება, ეს ნეგატივი ცოტა შევასუსტოთ. საერთოდ, ნებისმიერი პრობლემა მარტივდება, თუ მას ნაწილებად დავშლით, საშიშად აღარ მოგვეჩვენება (ანუ მასთან ახლოს უნდა "მივიდეთ", თვალებში უნდა ჩავხედოთ, რომ აღარ შეგვეშინდეს).

საერთოდ, ასტროლოგები ადამიანებსა და ვარსკვლავებს შორის არსებობენ, თუ მათ რჩევებს გაითვალისწინებთ (რაც თქვენი ნებაა), პრობლემა შეგიმსუბუქდებათ. ნებისმიერ ნეგატიურს აუცილებლად ახლავს შემამსუბუქებელიც, მაგრამ მისი დანახვა ხშირად არ გვინდა.

მოკლედ, მარსისა და პლუტონის "დიდი შეხვედრა" (ნგრევისა და ტრანსფორმაციის პლანეტა 2014 წელს მსოფლიოში ვითარებას დაძაბავს) გამოიწვევს პლუტიკრატიკული რეჟიმის ნგრევას, ანუ ის, რაც ძველია და შედეგები აღარ მოაქვს, ინგრევა, რაც უმტკივნეულოდ არ მოხდება. მზად უნდა ვიყოთ ასევე სხვა, ახალ მსოფლიო წესრიგზე გადასვლასთან დაკავშირებითაც. შეიძლება ახალი ჰეგემონი ქვეყანა გამოჩნდეს და სავარაუდოდ, ეს ჩინეთიც იყოს (დიახ, ყველა შესაძლებელი ალბათობით ჩინეთთან მივდივართ).

- ჩვენი საუბარი პოზიტიური ინფორმაციებით დავასრულოთ.

- მთავარია, რომ ყველას უდიდესი სიფრთხილე მართებს. ისე არავინ გაიგოს, რომ მხოლოდ ნეგატივია მოსალოდნელი. ბევრი პოზიტივიც იქნება. ასევე კარგია მასობრივი და მასშტაბური პროექტების დასაწყებად, დიდი ღონისძიებების დასაგეგმად, გასართობი პროექტის დასაწყებად. არაერთი ოჯახი შეიქმნება.

ოღონდ, ამ რთულ პერიოდში განსაკუთრებით აუცილებელია, ერთმანეთს ჯიბრში არ ჩავუდგეთ. კონფლიქტში არ ჩაერთოს მუშტი, რადგანაც ლომისა და მორიელის დაპირისპირებასთან ისედაც გვაქვს საქმე. ორივე ნიშანს მართვა უყვარს, მაგრამ ტაქტიკა სხვადასხვაა. აუცილებელია კომპრომისი. ნაცვლად იმისა, რომ ვიღაცას ვეომოთ და ვებრძოლოთ, კომპრომისის გზას უნდა მივყვეთ! საჭიროა მეგობრულობა, კოლეგიალობის გამოჩენა, ამის გარეშე წინ ვერ წავალთ, რომ არ მოხდეს ჯგუფებს, პარტიებს და გაერთიენებებს შორის დაპირისპირება, რისი დიდი ალბათობაც არსებობს. ნუ ვისაუბრებთ ხისტად და ნუ დავარტყამთ მაგიდას მუშტს. აგრესია აგრესიას არასდროს აქრობს, პირიქით აორმაგებს. 

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია