ექიმები კლინიკა "ახალ სიცოცხლეს" ტოვებენ - "მენეჯმენტი პაციენტების უსაფრთხოების დაცვის საშუალებას არ გვაძლევს"

ექიმები კლინიკა "ახალ სიცოცხლეს" ტოვებენ - "მენეჯმენტი პაციენტების უსაფრთხოების დაცვის საშუალებას არ გვაძლევს"

11 აგვისტოდან ექიმების 80% კლინიკა "ახალ სიცოცხლის" დატოვებას აპირებს, - ამის შესახებ Ambebi.ge-ს კლინიკის უკვე ყოფილი დირექტორმა, ზაზა სინაურიძემ განუცხადა, დანიშნულია ახალი დირექტორიც - გიორგი ბერიშვილი.

ზაზა სინაურიძემ და კლინიკის 50-მდე ექიმმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები ორშაბათს დაწერეს. თუმცა 11 აგვისტომდე ისინი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ. სინაურიძე ამბობს, რომ სამედიცინო პერსონალსა და მენეჯემნტს განსხვავებული ხედვა აქვთ, რის გამოც ექიმები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, პაციენტების უსაფრხთოება უზრუნველყოფილი ვეღარ იყოს.

"ის მენეჯმენტი, რაც ხორციელდება, სამედიცინო პერსონალს არ გვაძლევს საშუალებას, რომ დავიცვათ პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო დახმარების ხარისხი ვუზრუნველყოთ. საბოლოო ჯამში, ეს მივა იქამდე, რამე რომ გართულდეს, სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობა დადგება. არავინ არ იკითხავს, ვინ არის მმართველი, იკითხავენ, ვინ გააკეთა ოპერაცია. აქ არის ხედვებში სხვაობა. სამედიცინო დახმარების პროცესი ძალიან ბევრი რგოლისგან შედგება, მათ შორისაა - ლოჯისტიკა, ადამიანური რესურესების მართვა, ამას კრავს ფინანსური სამსახურები. ამას დამატებული სამედიცინო ჩარევები გვაძლევს სამედიცინო პროეცესს, რომლის ხარისხი დამოკიდებულია ყველა რგოლზე. როდესაც ეს რგოლები ჩავარდნილია, ცხადია, რომ მარტო სამედიცინო დახმარება ხარისხს ვერ უზრუნველყოფს. არის სიტუაცია, რომ დღეში მშობიარობს 5 ქალი და არის სიტუაცია, როცა დღეში 25 ქალი მშობიარობს. ხომ არ შეიძლება, რომ ერთი და იგივე რაოდენობის პერსონალი დასჭირდეს. ცხადია, პერსონალი უნდა დაემატოს. ერთ ექთანზე მოდის 25-27 მელოგინე. ფიზიკურად ვერ მოასწრებს ის ყველასთვის ყურადღების მიქცევას",-ამბობს სინაურიძე.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა საკუთარი ხედვა მენეჯმენტს გააცნეს, მენეჯმენტმა სათანადოდ ვერ გაითავისა აღნიშნული პრობლემები და სამედიცინო პერსონალს პასუხი პრაქტიკულად არ მიუღია. სინაურიძის ინფორმაციით, ექიმების გაღიზიანება გამოიწვია შრომითმა ხელშეკრულებებმაც, სადაც მათთვის მიუღებელი რამდენიმე პუნქტია.

"ყველაზე გამაღიზიანებელი პუნქტი იყო ის, რომ სხვა სამსახურში მუშაობის უფლება შეზღუდულია, მეორე მომენტი იყო ის, რომ სამსახურიდან როცა გაგიშვებენ ან თავად წახვალ, ექვი თვე სხვაგან ვერ იმუშავებ. თუმცა ეს არ არის ის ფაქტი, რის გამოც მივიღეთ ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილება, ეს არის ბოლო წვეთი, თორემ ჩვენი ძირითადი წუხილი არის პაციენტის უსაფრთხოება",-აცხადებს სინაურიძე.

ყოფილი დირექტორის პოზიციას იზიარებს კლინიკის მთავარი ექიმი ნოდარ ზალდასტანიშვილიც. მისი თქმით, არსებული პრობლემების ფონზე ის კლინიკაში მუშაობას ვერ გააგრძელებს.

"ძირითადად არის მოუგვარებელი პრობლემები და საბოლოოდ ძალიან ლამაზად შეფუთული მიუღებელი ხელშეკრულება. ეს არის ექვსთვიანი შეზღუდვა პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაზე სხვა მომიჯნავე დაწესებულებაში. გარკვეული პრობლემები არის მოუგვარებელი, რამაც შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს კლინიკაში სამედიცინო ხარისხი. აქ მარტო ექიმის და პაციენტის ურთიერთობა არ არის - აქ არის ლოჯისტიკა, მმართველობის პრობლემები, ადამიანური რესურსების მართვა",-ამბობს ზალდასტანიშვილი.

კლინიკა "ახალი სიცოცხლის" მენეჯმენტთან კითხვები აქვს ჯანდაცვის მინისტრსაც. კლინიკაში არსებულ სიტუაციას დავით სერგეენკო დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე გამოეხმაურა. დავით სერგეენკოს თქმით, კარგმა მენეჯერმა საქმე იქამდე არ უნდა მიიყვანოს, რომ სამედიცინო პერსონალი ქუჩაში გამოვიდეს და ღია პროტესტი გამოთქვას.

"ამის შესახებ ინფორმირებული ვარ. რამდენიმე დღის წინ მოგვმართა კლინიკის ხელმღვანელმა, შეხვდა მინისტრის მოადგილეს ზაზა სოფრომაძეს, განიხილეს ყველა საკითხი. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ორი შესაძლებლობა, რომ ასეთი ტიპის კონფლიქტებში ჩაერიოს: პირველი – საფრთხე უნდა შეექმნას სამედიცინო დახმარების უწყვეტობას, პაციენტს, და ვალდებული ვართ, რომ ამისი პრევენციაც გავაკეთოთ და მყისიერი რეაგირებაც მოვახდინოთ. მეორე - თუ აღიძრა კოლექტიური შრომითი დავა, ესეც ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივა გახდა, სამმხრივი კომისიის მიერ დამტკიცებული მედიატორი იწყებს ამ საკითხის მოგვარებას კანონით დადგენილ ფარგლებში. სხვა შემთხვევაში, ეს არის კერძო დაწესებულება და დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის მოლაპარაკების საგანი. ეს არის ფორმალური მხარე. თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის სამედიცინო აქტივობა, პაციენტთან ურთიერთობა მთელი საქართველოს მასშტაბით არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მე ნამდვილად ვერ ვიქნები ბედნიერი, როდესაც ასეთი კლასის დაწესებულებაში თანამშრომელთა პრაქტიკულად 100 პროცენტი აცხადებს, რომ უნდა წავიდეს სხვაგან. მე რამდენადაც ვიცი, ისინი უაღრესად კვალიფიციური ხალხია და არ გაუჭირდებათ სამსახურის მოძებნა. მაგრამ მე გამიჩნდა ლეგიტიმური კითხვები ამ ქსელური დაწესებულების მმართველ კომპანიასთან. არ უნდა მიიყვანოს კარგმა მენეჯერმა საქმე იქამდე, რომ სამედიცინო პერსონალი ქუჩაში გამოვიდეს და ღია პროტესტი გამოთქვას",-განაცხადა მინისტრმა.

კლინიკა "ახალი სიცოცხლის" მმართველ კომპანიას სამედიცინო კორპორაცია "ევექსი" წარმოადგენს, რომელიც კლინიკის მართვას თებერვლიდან ახორციელებს. "ევექსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ "კლინიკა "ახალი სიცოცხლე" ფუნქციონირებს და მომავალშიც გააგრძელებს ფუნქციონირებას ყოველგვარი შეფერხებების გარეშე. რაც შეეხება ორშაბათს მომხდარ ფაქტს, კომპანიაში აცხადებენ რომ იგი დაკავშირებული იყო კონკრეტული პიროვნებების კერძო ინტერესებთან, რომლებმაც თანამშრომლების გარკვეული ნააწილი შეიყვანეს შეცდომაში, რაც მიზნად ისახავდა კლინიკის რეპუტაციის შელახვას", -ამბობენ კომპანიაში და განმარტავენ, რომ კლინიკის დატოვების შესახებ განცხადება არა თანამშრომელთა 80%-მა, არამედ ბევრად ნაკლებმა დაწერა - "კლინიკაში 170-მდე თანამშრომელია, და სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებაზე ხელი მხოლოდ 45 აქვს მოწერილი".

კომპანია "ევექსი" აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შიდა მოკვლევას აწარმოებს, რის შემდეგაც დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.

ნათია ლეშკაშელი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია