სანდრა რულოვსის დეკლარირებული ქონება

სანდრა რულოვსის დეკლარირებული ქონება

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი ნიდერლანდებში დაიბადა. დაამთავრა ბრიუსელის უცხო ენათა ინსტიტუტი. 1993 წელს კი საკუთარი ცხოვრება საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა. წყვილი იმავე წელს ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. 1996 წელს კი თბილისში დაბრუნდა სააკაშვილთან ერთად. ჯერ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში, შემდეგ კი ნიდერლანდის სამეფოს საკონსულოში მუშაობდა.

1999-2003 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი იყო, სადაც ის ასევე მუშაობდა საკუთარ სადოქტორო თეზისზე - ბელგიაში ფრანგული ენის ლინგვისტურ ასპექტებზე.

სანდრა რულოვსის და მიხეილ სააკაშვილის ქონების შესახებ, ათასი ჭორ-მართალი დადის. ამბობენ, რომ მათი ქონება საკმაოდ სოლიდურია. როგორც სანდრას დეკლარაციიდან ირკვევა, რულოვსის მფლობელობაშია 220 000 ლარად შეფასებული სახლი ვერაზე, სანდრა რულოვსის სახლი 154 კვ/მეტრია, 164 კვ/მ მანსარდით. რამდენიმე წლის წინ, მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილი უკვე პრეზიდენტი იყო, სანდრა რულოვსი ვაჟიშვილებთან ერთად ხშირად სეირნობდა ბარნოვზე. ზოგჯერ ედუარდ სააკაშვილი სკოლაში და გიტარის მასწავლებელთან ფეხით მიჰყავდა. მათ უსაფრთხოებას კი დაცვა ახორციელებდა. იყო შემთხვევები, როცა თავად დადიოდა ბოსტნეულის შესაძენად. ამბობდნენ, რომ ბოლო წლებში სანდრა რულოვსი ვერაზე აღარ ცხოვრობდა, ის დიღმის რეზიდენციაში გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა და ისევ ქალაქის ცენტრში მდებარე სახლს დაუბრუნდა. სანდრა რულოვსის საკუთრებაშია ასევე 6820 მიწის ნაკვეთი ყვარელში.

პროფესიით იურისტია, 2005 წელს საკუთარი წიგნი გამოსცა "იდეალისტის ნაამბობი", მოგვიანებით მისი წიგნი პოლონურ ენაზეც გამოიცა. სანდრა რულოვსის დეკლარაციაში მითითებული არ არის, რამდენია წიგნის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი.

სანდრა რულოვსი 10 წლის განმავლობაში გლობალური ფონდის ეროვნული კოორდინაციის მექანიზმის, ინფექციურ დაავადებათა საბჭოს საქართველოს თავმჯდომარის რანგში ებრძოდა შიდსს, ტუბერკულოზს და მალარიას. მისი ზედამხედველობისას ჯანდაცვის სამინისტრომ გლობალური ფონდისგან 101 მილიონი დოლარი მიიღო დახმარების სახით. 10 წელია, ის მკერდისა და საშვილოსნოს კიბოს ებრძვის წინასწარი სკრინინგის ხელშეწყობით და მხარს უჭერს რეპროდუქციული განაყოფიერების განვითარებას. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით რთული საკითხია – რელიგიური მოსაზრებების გამო. სანდრა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩი იყო და 1998 წელს დაარსა საქველმოქმედო ფონდი SOCO. უცნაურია, მაგრამ სანდრა რულოვსს საქველმოქმედო ორგანზაცია "სოკოდან" მიღებული შემოსავალი მხოლოდ 2013 წლის დეკლარაციაში აქვს მითითებული და ეს თანხა 11550 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება სანდრა რულოვსის საბანკო ანგარიშებს: მას ანაბარი აქვს გახსნილი "თიბისი ბანკში" 21000 დოლარი, ING BANK ტერნეუზენი 85000 ევრო, საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარშზე კი გასულ წელს მხოლოდ 2000 ლარი ერიცხებოდა.

არ ჰყავს ავტომობილი და ძვირადღირებული ნივთები არ გააჩნია. როგორც თავად იხსენებს, არაერთხელ შეუთავაზებიათ მისთვის პოლიტიკაში მოსვლა, მაგრამ საკუთარ თავს ამ სფეროში ვერ ხედავს.

სანდრა რულოვსი ახლა შეიძლება ითქვას, სტუდენტია, 2012 წელს გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის ათვისება დაიწყო ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიკამენტების სკოლაში, რომელსაც 2015 წელს დაასრულებს. სამაგისტრო ნაშრომი გლობალური ჯანდაცვის დიპლომატიას ეხება. როგორც თავად ამბობს, "ეს ლოგიკური გაგრძელებაა იმ პრაქტიკული მუშაობის, რასაც 10 წლის განმავლობაში ვეწეოდი, ყოველთვის ხელთ მაქვს კონკრეტული მაგალითები",-  განაცხადა სანდრამ  The Daily Beast-თვის მიცემულ ინტერვიუში.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია