"ხელში დიდხანს რომ მიჭირავს, გული მიჩქარდება" - ჩვილი, რომელმაც მამუკა ღლონტი გადარია

"ხელში დიდხანს რომ მიჭირავს, გული მიჩქარდება" - ჩვილი, რომელმაც მამუკა ღლონტი გადარია

მამუკა ღლონტი ცოტა ხნის წინ ბაბუა გახდა, მის უფროს ქალიშვილს გოგონა შეეძინა... ამბობენ, შვილი ხომ მაგარია, მაგრამ შვილიშვილი უფრო მაგარი ყოფილაო. ჰოდა, ამ პატარა გოგონამ (სესილი ავალიანი) მამუკა ბაბუა გადარია. ის მთელ თავისუფალ დროს შვილიშვილს უთმობს და მის აღზრდაში სერიოზულად მონაწილეობს. "ამბები.გე" მამუკა ღლონტს მის ახალ ამპლუაზე სასაუბროდ დაუკავშირდა.

- მგონი, თქვენში სერიოზული მეტამორფოზა მოხდა...

- არ ვიცი, მეტამორფოზას რას ეძახით და არც ადრე ვყოფილვარ ურჩხული (სიცილით ამბობს)...

- კი, მაგრამ შვილების სურათები ასე არ გამოგიფენიათ "ფეისბუქზე," როგორც ახლა შვილიშვილის შემთხვევაში ხდება, თუმცა მათი პატარაობისას "ფეისბუქი" არც იყო?..

- როდესაც ახალგაზრდა ხარ, სხვა ქიმია გაქვს ორგანიზმში და დიდად ვერ ხვდები, შვილის სახით რა ბედნიერება გარგუნა ღმერთმა. შვილიშვილზე უკვე სხვა ქიმია იქმნება, გამოცდილება გიგროვდება და მეტად ხვდები, ეს რამხელა ბედნიერებაა. გარდა ამისა, შვილიშვილი გაბრუნებს ძველ დროში, როდესაც მის ასაკში მანამდე შენი შვილი იყო, მაგრამ მაშინ, როგორც უკვე ვთქვი, რაღაცებს კარგად ვერ ხვდებოდი. მოკლედ, შვილიშვილი ბედნიერებას გიორმაგებს. ამას წინათ სესილისთან შეკვეთილში ვიყავი, ჩემი შვილი თბილისში იყო, დამირეკა და მისაყვედურა, - რატომ არ მირეკავ, სულ დაგავიწყდიო. ვუთხარი, - მამა როგორ დამავიწყდი, როდესაც შენ, პატარა აგერ ხელში მყავხარ აყვანილი-მეთქი? დიახ, მე და შენ ახლა აქ ვართ, იმ განსხვავებით, რომ შენ პატარა ხარ-მეთქი...

- რა ასაკში გახდით მამა?

- 23 წლის ვიყავი...

- როგორი გოგონაა სესილი, ანუ ბაბუის თვალით დანახული შვილიშვილი?

- დავიწყოთ იმით, რომ უკვე 6 თვის არის და საოცარი ადამიანია. ძალიან გონიერი, უპრეტენზიო, მხიარული და კეთილია.

- მის ფოტოს რომ ვუყურებ, მართლაც საოცარი ჭკვიანი გამომეტყველება აქვს.

- საერთოდ, სხვანაირი ბავშვები მოდიან, ე.წ. "ინდიგო ბავშვები," ვერ ვიტყვი, რომ სესილი "ინდიგოა," მაგრამ ძალიან ჭკვიანი რომ არის, ამას ვხვდები. საოცრად თბილია. მე ძალიან ვუყვარვარ. ხელში რომ მიჭირავს, ჩემგან არავისთან მიდის და ვისაც არ უნდა ეჭიროს, ყველასგან ჩემთან მოდის. აი, ასე მაგიჟებს...

- მგონია, რომ გგავთ კიდეც...

- პერიოდები აქვს, რომ ხან მე მგავს, ხან მამამისს, ისე კოპიო მამაა, ხან თამუნას ჰგავს, ჩემს შვილს, ხან დეიდამისს, სულ იცვლება. ისე, კი ყველაზე მეტად მამამისს ჰგავს.

- სესილი ახლა შეკვეთილში ისვენებს?

- ჰო, ახლა იქ ცხოვრობს (სიცილით ამბობს)...

- ხშირად შეკვეთილიდან ბავშვის შესახებ რეპორტაჟებს "ფეიბუქის" საშუალებით გვაწვდით...

- რომ გაიზრდება და მომავალ წელს შეკვეთილში ჩავალთ, შედარება ხომ უნდა გავაკეთოთ, ერთი წლის წინ როგორი იყო? დილი 9 საათიდან ზღვაშია. წყალზე გიჟდება, არ არსებობს შემთხვევა, რომ წყალზე უარი თქვას, იქიდან მისი ამოყვანა პრობლემაა, სულ ზღვისკენ მიიწევს. სძინავს ბუნებაში, მუდმივად ჰაერზეა, მოკლედ, ნამდვილი მაუგლია.

- ჟურნალისტობას ურჩევდით? თუ იმ რეპორტაჟებს გავითვალისწინებთ შეკვეთილიდან, ბავშვი კამერასთან სერიოზულად მუშაობს...

- შვილებთანაც ასე ვიყავი, რაც თვითონ უნდათ, ის უნდა გააკეთონ, თუ ჟურნალისტი იქნება, რატომაც არა, მაგრამ ახლა მისი ჟურნალისტობა ნამდვილი თამაშია...

- ვინ ზრდის პატარას?

- დედა და ბებია, იმის გამო, რომ თამუნა მუშაობს, თუმცა ახლა შვებულებაშია და ბავშვთან არის. ისე კი, მას ძირითადად ბებია და ბაბუა (მამუკა ღლონტი. – ავტ.) ზრდიან.

- მოკლედ, გაგაგიჟათ?

- კი, ადამიანი სულ ხვანაირი ხდები, რადგანაც იმხელა სიყვარული მოდის. სესილი ხანდახან ხელში დიდხანს რომ მიჭირავს, გული მიჩქარდება. ვყვირი მერე, - გამომართვით-მეთქი, ეს იმდენად დიდი სიხარული და სიყვარულია, რომ ნამდვილი სასწაულია.

ლალი ფაცია

სპეციალურდა "ამბები.გე"-სთვის

ასევე დაგაინტერესებთ: მამუკა ღლონტი: "ნაცები ხომ იყვნენ გოიმები, "ოცნება" ღრმა ყანაა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია