რა ღირს ერთი ტურისტის ერთი სადილი ბათუმში და რით განსხვავდება უცხოელი და ქართველი დამსვენებლების მენიუ

რა ღირს ერთი ტურისტის ერთი სადილი ბათუმში და რით განსხვავდება უცხოელი და ქართველი დამსვენებლების მენიუ

ბათუმში მყოფი ტურისტებისთვის, კარგად გარუჯვასა და დასვენებასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი კვებაა. რომელ კერძებს ანიჭებენ უპირატესობას, როგორ და სად იკვებებიან დამსვენებლები, ამის გარკვევას Ambebi.ge შეეცადა.

ბათუმის სანაპიროსა და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე კაფეების მენეჯერები აცხადებენ, რომ აჭარული ხაჭაპური, ხინკალი, პიცა, სალათი "ცეზარი" და სენდვიჩები ამ სეზონზე ყველაზე მეტად პოპულარული და მოთხოვნადი კერძებია. მენეჯერები ამბობენ, რომ უცხოელი ტურისტები ქართული კერძებიდან უპირატესობას აჭარულ ხაჭაპურსა და ხინკალს ანიჭებენ, ხოლო ქართველი დამსვენებლები პიცას, სალათებსა და აჭარულ ხაჭაპურს.

პატარა ზომის აჭარულის ღირებულება იწყება 4 ლარიდან, ყველაზე დიდი ზომის ე. წ. "ტიტანიკი აჭარულის" საფასური 15 ლარს აღწევს. პიცა 7-დან 25 ლარამდეა, იმის მიხედვით, თუ რა ზომის და როგორი შემადგენლობისაა. ხინკალი ტრადიციულად 50-80 თეთრი ღირს, ხოლო როგორც კაფეების მენეჯერები აცხადებენ, ქართველი ტურისტების საყვარელი სალათი "ცეზარი" 8-18 ლარამდე მერყეობს. სენდვიჩები კი 5-10 ლარი ღირს.

რა ღირს ერთი ტურისტის ერთი სადილი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მენეჯერები თავდაპირველად ამბობენ - "გააჩნია, როგორი კუჭი აქვს", შემდეგ კი "საშუალო მაჩვენებლის" გათვალისწინებით იწყებენ კერძების ჩამოთვლასა და დაანგარიშებას.

"საშუალო ზომის პიცა ან აჭარული ხაჭაპური, სალათი და გამაგრილებელი სასმელი ერთ ტურისტს 20 ლარი დაუჯდება", - ამბობს ბულვარის ერთ-ერთი კაფეს მენეჯერი.

იმის გასარკვევად, თუ რა ინტენსივობით დადიან ტურისტები კაფეებში და ამზადებენ თუ არა კერძებს სახლში, Ambebi.ge ბათუმში მყოფ დამსვენებლებს გაესაუბრა.

იულია და ვიტალი საქართველოში პირველად იმყოფებიან. რუსეთიდან საქართველოში ჩამოსულმა ახალგაზრდა წყვილმა ჯერ სვანეთი დაათვალიერა, შემდეგ კი ბათუმში ბინა იქირავეს. იულია ამბობს, რომ დღეში ორჯერ კაფეში მიირთმევენ, რადგან "დრო და განწყობა არ მაქვს სახლში სადილების მომზადების, მხოლოდ ხილს ვყიდულობთ ბინაში მოსატანად", - აცხადებს იულია. წყვილი აღნიშნავს, რომ ქართული კერძები, კუბდარი და ხინკალი ძალიან მოეწონათ და ფასებიც შესაბამისია.

30 წლის ელენე 3 ბავშვთან ერთად ისვენებს ბათუმში. "ბათუმში ყოველ წელს ჩამოვდივართ. ბავშვებს მოსწონთ აქაური გარემო. ძირითადად სახლში ვიკვებებით, რადგან კაფე ან რესტორანი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სულ ცოტა 50 ლარი მჭირდება ბავშვებთან ერთად რესტორანში რომ ვისადილო. ჩემთვის ძალიან სწრაფი და მარტივია სახლში საჭმლის მომზადება. ხშირად ვყიდულობთ ბოსტნეულს, ხილს, ნახევარფაბრიკატებს. ჩემი სახლის გვერდზევეა ნიკორას მაღაზია. სოსისის და სარდელების მომზადებას რამდენიმე წუთი სჭირდება და ბავშვებიც კმაყოფილები არიან. დილაობით ძეხვიან ბუტერბროდებს და ტოსტებს ვამზადებ. თან აქვეა რძის პროდუქტის დიდი არჩევანი და რაც ბავშვისთვის მჭირდება, ყველაფერს ერთიანად ვყიდულობ, ასე ფულს მნიშვნელოვნად ვზოგავ".

თბილისიდან ბათუმში დასასვენებლად ნანა და დავითი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფება. ნანა ამბობს, რომ სადილს სახლში ამზადებს, ხოლო საღამოს სავახშმოდ კაფეში მიდიან: "სამი წელი ვერ ჩამოვედი ბათუმში, ბავშვები პატარები იყვნენ და ვერ მოვახერხეთ. საგრძნობლად შეცვლილია ბათუმი როგორც ვიზუალურად, ასევე კვების მხრივ. თუ პროდუქტს სახლისთვის ყიდულობ, თბილისთან შედარებით სხვაობა არც არის, მაგრამ თუ ბულვარის სანაპიროზე კაფეში შევდივართ სავახშმოდ, მინიმუმ 60 ლარი გვჭირდება", - აცხადებს ნანა.

24 წლის ანანო, 25 წლის თამარი და 25 წლის ნინი ერთ-ერთი ბანკის თანამშრომლები არიან და კვარიათში ისვენებენ. ისინი დილით ზღვაზე დადიან, ხოლო საღამოს ბათუმში სეირნობენ. ანანო ამბობს, რომ კვარიათში საკვები პროდუქტები იაფია: "ადგილობრივებსა და მეზობელი სოფლის მოსახლეობას ავტომანქანებით მოაქვს ბოსტნეული, კარტოფილი, სიმინდი, ხილი, ყველი. თუ მარკეტში პომიდორი 1.50 თეთრი ღირს, ჩვენ 1 ლარად ვყიდულობთ. სადილებს ძირითადად სახლში ვამზადებთ, მაგრამ ბათუმში როცა გავდივართ, ჩვენს საყვარელ კაფეებს ვსტუმრობთ. ფასებს რაც შეეხება, მაგალითად პიცაში 10 ლარი ძვირი არ არის, მაგრამ პლიუს მომსახურების 20% ეს უკვე უაზრობაა", - აცხადებს ანანო.

Ambebi.ge ასევე დაინტერესდა, რა ღირს პროდუქტი ბათუმის ბაზარსა და ცენტრალურ ქუჩებზე არსებულ მარკეტებში. დღეს ბაზარში ერთი კილოგრამი კარტოფილი 50 თეთრი ღირს, ხოლო ბათუმში, გორგილაძის ქუჩის ერთ-ერთ მარკეტში - 80 თეთრი, ინასარიძის ქუჩაზე - 70 თეთრი. ცენტრალურ ქუჩებზე პომიდორი 1.80 თეთრი, ხოლო კიტრი - 1.30, ბაზარში კი პომიდორი 1 ლარიდან 1.40 თეთრამდეა, ხოლო კიტრი - 80 თეთრიდან 1.10-მდე. ბაზარში ერთ კილოგრამ ხორცს 9-10 ლარად შეიძენთ, ცენტრალური ქუჩის მარკეტებში კი 13-15 ლარად.

ნინო ხოზრევანიძე, Ambebi.ge

ბათუმი

სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია | Eating in Batumi – How much will different meals cost for tourists

ასევე დაგაინტერესებთ | რა ღირს ბინის ქირაობა ბათუმში? - ყველაფერი ცხელი სეზონის "ცხელი ფასების" შესახებ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია