"პირველად და უკანასკნელად ვარ საქართველოში" - დააზარალებს თუ არა ფრანგი ტურისტის სკანდალად ქცეული თავის ტკივილი ტურიზმს?

"პირველად და უკანასკნელად ვარ საქართველოში" - დააზარალებს თუ არა ფრანგი ტურისტის სკანდალად ქცეული თავის ტკივილი ტურიზმს?

ცოტა ხნის წინ ჩვენმა სამართალდამცავებმა ფრანგი ტურისტი დააკავეს, რომელსაც აკრძალული ნივთიერება "დაფალგან კოდეინი" აღმოუჩინეს. ამაში არაფერი იქნებოდა გასაკვირი, რომ არა - ერთი გარემოება: საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდზე, ტურისტულ ბროშურებში, რომელიც ფრანგებს და ზოგადად ევროპელებს ეპატიჟება საქართველოში, არსად წერია, რომ ეს მედიკამენტი საქართველოში აკრძალულია, ხოლო ის, რაც აკრძალული არაა, ბუნებრივია, რომ დასაშვებია. დიდი ალბათობით სწორედ ამ პრინციპით იმოქმედა ზემოთხსენებულმა ტურისტმაც, მაგრამ მწარედ შეცდა, სამაგიეროდ სამომავლოდ ეცოდინება, რომ ყველაფერი რაც აკრძალული არაა, არ ნიშნავს რომ დასაშვებია.

მაშინ, როცა ტურიზმის სააგენტო ახალ-ახალ საიმიჯო კლიპებს ამზადებს და თავს ვიწონებთ, რომ ჩვენთან ყველაზე მაგარი ტურისტული გარემოა, ეს ფაქტი ცივი შხაპის ფუნქციას უსათუოდ შეასრულებს. ყოველ შემთხვევაში, ძალიან მინდა, რომ შეასრულოს. ეს მედიკამენტი საფრანგეთში ისე თავისუფლად იყიდება, როგორც ჩვენთან ციტრამონი, ამიტომ ამ ფაქტმა ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა ფრანგულ პრესაში. თითქმის ყველგან ერთი პათოსის სტატიები დაიბეჭდა, თუ ჩვენ უანგაროდ ვმკურნალობთ ტუბერკულიოზით დაავადებულ ქართველებს, მათი მხრიდან ტკივილგამაყუჩებლის გამო ჩვენი მოქალაქის დაკავება, რბილად რომ ვთქვათ, უტაქტობააო. ძალიან მინდა ფრანგების ნათქვამს რაიმე არგუმენტი დავუპირისპირო, მაგრამ რა?!

"დაფალგან კოდეინის" აქტიურად მოიხმარენ ნარკომანები, სწორედ ამიტომ არის აკრძალული, თუმცა ამ აკრძალვის შესახებ საქართველოს მოქალაქეების გარდა, სხვებსაც თუ ჩავაყენებთ საქმის კურსში და საერთოდაც, თუ ტურისტებს წინასწარ ეცოდინებათ, აკრძალული მედიკამენტების სია, ურიგო არ იქნება. სხვათა შორის, საქართველოში იკრძალება მეტადონიც, რომელიც საფრანგეთში ასევე თავისუფლად იყიდება. საინტერესოა, ეს თუ იცოდა ამ ტურისტმა ან თუ იციან იმ ფრანგებმა, რომლებიც სამომავლოდ აპირებენ ჩამოსვლას?! თუ არ იციან, კარგი იქნება თუ გაიგებენ, თორემ სავარუდოდ, იმ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რაშიც ჩვენთვის კარგად ნანცობი ტურისტი აღმოჩნდა.

ახალ ზელანდიაში ვინც წასვლას აპირებს, ნებისმიერ ბუკლეტში შეუძლია გაიგოს, რომ არათუ მედიკამენტების, არამედ უბრალო ხილის შეტანაც კი არ შეუძლიათ, მეტიც თუ ფეხსაცმელზე მიწა გქონდა, იმასაც კი გაგხდიან, მაგრამ ეს არავისთვის იქნება მოულოდნელობა, რადგან ამის შესახებ წინასწარ ცნობილია ყველასთვის. მაგრამ საქართველოში რა წამლებით შემოსვლა შეიძლება, მიუხედავად დიდი ძებნისა, ვერსად მივაგენი. დარწმუნებული ვარ ამის მიგნება ფრანგ ტურისტს კიდევ უფრო გაუჭირდებოდა. ამის მერე ისმის ლოგიკური კითხვა - ასე გვინდა ტურისტულ ქვეყნად ქცევა?!

როგორც ყველა მედალს, ამას აქვს მეორე მხარე. როდესაც სადღაც მიდიხარ, ნება იბოძე და კარგად გაეცანი იმ ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას. თუმცა მხოლოდ 2 კვირა გაქვს შვებულება და ნამდვილად არ გსურს, ერთი დღე კანონების კითხვას მოანდომო, მით უფრო, ეძებო იმ წამლის აკრძალვა-არ აკრძალვის შესახებ ინფორმაცია, რომელიც შენს ქვეყანაში ყველა აფთიაქში იყიდება.

მოკლედ ეს ჩვენი ტურისტი 2500 ევროთი დააჯარიმეს, ამ გაბრაზებულმა ქალბატონმა თქვა, პირველად და უკანასკნელად ვარ ამ ქვეყანაში და ეს სიტყვები ფრანგული პრესის პირველ გვერდებზე დაწერეს, დარწმუნებული ვარ, ნახევარი საფრანგეთი ამართლებს ლუდოვიკოს, სულხან-საბასთვის დახმარებაზე უარის თქმის გამო.

ფაქტია, რომ ასე ვერ გავფრინდებით და შესაბამისად, ვერც ტურიზმის ვერ ავაყვავებთ. დროა, ასეთ ნიუანსებზეც ვიფიქროთ, რომ სამომავლოდ ფრანგს იტალიელმა, ესპანელმა, კამბოჯელმა ან თუნდაც ფიჯელმა ტურისტმა არ მიბაძოს და საქართველოში ჩამოსვლის მერე არ დააანონსოს, რომ ეს მისი პირველი და უკანასკნელი ჩამოსვლა იყო.

პ.ს. ე.წ. "კრაკადილშიკები" აქტიურად მოიხმარენ ბენზინს და მანქანით შემოსული ტურისტებიც ხომ არ დავაჯარიმოთ?!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია