მექსიკა, მონასტრები, ბათუმი და ჭორვილა - სად ისვენებენ ქართველი პარლამენტარები

მექსიკა, მონასტრები, ბათუმი და ჭორვილა - სად ისვენებენ ქართველი პარლამენტარები

აგვისტოში დასვენების საშუალება თითქმის ყველას ეძლევა. ამ დროს ზოგი შვებულებას საზღვარგარეთ ატარებს, ზოგი საქართველოში. Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, სად ატარებენ კუთვნილ შვებულებას პარლამენტარები.

მიხეილ მაჭავარიანი (ნაციონალური მოძრაობა):

- საქმეები გვაქვს პარტიაში, ამიტომ ჯერ მხოლოდ ოთხი დღით მოვახერხე დასვენება. ჩემი მეუღლე წარმოშობით ბათუმიდან არის და სწორედ იქ გავატარე დასვენების ოთხი დღე. თვის ბოლოს ვაპირებ სოფელში გამგზავრებას ოჯახთან ერთად, წყლის პრობლემებია მოსაგვარებელი და ამის შემდეგ წავალთ. სოფლიდან კი ისევ ბათუმში გავემგზავრებით, ძვირია ბათუმში დასვენება, მაგრამ ჩემს მეუღლეს სახლი აქვს იქ.

- სოფელი სად გაქვთ?

- გაგიკვირდებათ და ჭორვილაში. გვალვა იყო წელს და იმიტომ არის წყლის პრობლემები. მოვაგვარებთ და წავალთ დასასვენებლად.

ეკა ბესელია (ქართული ოცნება):

- სად ატარებთ შვებულებას?

- ბოლო წლები კარგად არც ვიცი, რას ნიშნავს შვებულება, რადგან თუ არ ისარგებლე, ვერც მიხვდები, რა არის შვებულება. ახლა ოფიციალურად ვარ შვებულებაში, მაგრამ ამ დროს თბილისში ვატარებ. მომენატრა თბილისი, ბოლო ორი წელია ხან ქუთაისში ვარ და ხან ჩემს ამომრჩეველთან ფოთში. ეს საშინელი სიცხეები გადამაქვს თბილისში და ახლობლებს ვხვდები, იმათ, ვინც დიდი ხანია არ მინახავს. ორი დიდი ოცნება ავისრულე. ისტორიული ტაო-კლარჯეთი ვნახე, ფოთის მოძღვართან და ფოთის 20 კოლორიტთან ერთად ვიყავი, მოვილოცეთ ჩვენი ისტორიული მიწა-წყალი. საოცრად ემოციური განცდა იყო. როცა იქედან დავბრუნდით, შატილში ავედი. რამდენიმე წელია ამას ვგეგმავ. ჩემი მოძღვარი შატილში დაიბადა. მინდოდა მენახა კოშკები, მუცო, მოვიარე ეს ყველაფერი, ულამაზესი სანახავი იყო, მაგრამ თავგადასავალის გარეშე ვერ ჩამოვედი. წვიმდა და უკან დაბრუნებისას კლდე ჩამოიშალა. გზა ჩაიკეტა ორ ადგილას, იქ სადაც ვიყავით, ტელეფონით კავშირიც კი შეუძლებელი იყო. გზის გაწმენდას ველოდებოდით, მოიყვანეს ტრაქტორი, რომელიც გაფუჭდა. ჯერ მოვითმინე და ჩემს მოძღვარს ვუთხარი, წავალ, სადმე დავრეკავ და იქნებ დაგვეხმარონ-თქო. ჩავჯექი ”უაზში”, სასაცილო სანახავი ვიყავი. სანამ მე დავბრუნდი, გზა უკვე გახსნეს. ასეთი იყო წელს ჩემი შვებულება.

ჩემი შვილები მენატრება და ახლა მთელ დროს მათთან ვატარებ. დარჩენილი დღეები მათთან ყოფნას და პარლამენტიდან ჩემი ნივთების გადმოტანას დაეთმობა. ასეთი იყო ჩემი შვებულება, პატრიოტულ ნოტაზე გავატარე.

ირმა ნადირაშვილი (ნაციონალური მოძრაობა):

- თურქეთში დავისვენე მეუღლესთან და შვილთან ერთად, სადაც 7 დღით ვიმყოფებოდით. ჩემი შვებულება დასრულდა.

ალექსანდრე თამაზაშვილი (ქართული ოცნება):

- ბათუმში ვისვენებ ჩემს მეგობრებთან ერთად. ათი დღით ჩამოვედი დასასვენებლად. გაგვიმართლა, კარგი ამინდებია და კარგად ვისვენებთ. უამრავი ტურისტია ქალაქში და ეს ძალიან მახარებს.

ანი მიროტაძე (ქართული ოცნება):

- ერთი კვირით ვიმყოფებოდი საქმიანი ვიზიტით ვარშავაში. ჯერჯერობით არ დამიგეგმია, სად დავისვენებ. სვანეთში წასვლაც მინდა და ზღვაზეც. ვნახოთ, რას გადავწყვეტ საბოლოოდ. დასასვენებლად ალბათ ჩემს დასთან და მეგობრებთან ერთად წავალ.

მექსიკაში ერთი თვით გაემგზავრა თინა ხიდაშელი. როგორც პარლამენტარმა Ambebi.ge-ს უთხრა, ის შორეულ მექსიკას სასწავლო პროგრამით ესტუმრა.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია