მაკრატლით მოჭრილი სათესლე ჯირკვალი და გურული კაცის ანდერძი: "ტაძრის შესასვლელში დამმარხეთ, ქალებს შევუჭვრიტენებო" - გიორგი კეკელიძე "გურული დღიურებით"

მაკრატლით მოჭრილი სათესლე ჯირკვალი და გურული კაცის ანდერძი: "ტაძრის შესასვლელში დამმარხეთ, ქალებს შევუჭვრიტენებო" - გიორგი კეკელიძე "გურული დღიურებით"

"ეს არის ერთგვარი მოგონებების კრებული იმ გურიაზე, ადამიანებზე, მათ წინაპრებებზე, სადაც მე ვიცხოვრე და რომელსაც ვიცნობ. ამგვარი, მცირე ისტორიები ქმნიან დიდ ისტორიას, ქვეყნის ამბავს და არა მხოლოდ დიდი პოლიტიკური მოვლენები," -ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ მუშაობა დაასრულა წიგნზე "გურული დღიურები" და რომლის გამოცემასაც ცოტა ხანში აპირებს.

- მივხვდი, რომ მოსაყოლი ბევრი დამიგროვდა. მეორე მხირვ, პროზასთან შეჭიდებაც სულ მინდოდა. ეს ერთგვარი მხატვრულ-დოკუმენტური მოთხრობებია, რეალური გმირებითა და ოდნავ შელამაზებული ისტორიებით... მინდა, მკითხველმა გაიცნოს ადამიანები, მათი ყოფითი ნიუანსებითა და დიდი ტკივილებით, იშვიათი სიხარულებითაც. მინდა, გაიცნონ გურიაც, უფრო ზუსტად, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანების გურია - იმ საერთო სირთულეებითა და ინდივიდუალური გასაჭირებით, რაც ამ პერიოდს თან ახლდა.

- წიგნად როდის გამოვა?

- ოქტომბერში... მასზე ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავე და ზოგიერთ ეპიზოდს პერიოდულად ვაქვეყნებდი... ბოლოს ვიდეომასალის ჩაწერაც დავიწყე. შაბათ-კვირას გურიის სოფლებში დავდივარ. შეიძლება სამომავლოდ, რამე დოკუმენტური ფილმიც დაიგეგმოს.

- მუშაობაში ისიც გეხმარებოდა, რომ თავად გურული ხარ...

- ცხადია, თუმცა როცა ამგვარ სამუშაოს იწყებ, შეიძლება აღმოაჩინო, რომ თავის დროზე მეტი დაკვირვება გმართებს და ამ პროცესს ხელმეორედ იწყებ, უფრო დეტალურად სწავლობ ადამიანებს, რადგან სხვებზე წერა ფაქიზი საქმეა...

ახლა კი Ambebi.ge გიორგი კეკელიძის "გურული დღიურებიდან" რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ, რომელსაც გულგრილი ვერ წაიკითხავთ. მათ შორის ბევრი სახალისო, დრამატული ეპიზოდია, მთავრი ის არის, რომ ავტორი ცდილობს, ზედმიწევნით ასახოს და გადმოსცეს გურიისა და გურულების ყოფა:

"გურიაში ღმერთი თავისებურად სწამთ, პირჯვარს ისე სწრაფად იწერენ, მამაზეციერი ვერაფრით შეამჩნევს.

გურულების საუბრიდან ორ სიტყვას თუ მოკრავ (წაკრავ, გამოკრავ) ყურს, კმაყოფილი უნდა დარჩე.

სოფელ ლიხაურში, ძველ კლუბში საქართველოში ერთ-ერთი პირველი დისკოთეკა გამართეს.

ბევრ გურულს საწერ მაგიდაზე ამერიკის დროშა აქვს გადაფენილი...

სოფელ ნატანებში, რკინიგზის სადგურის მოედანზე სტალინის შთამბეჭდავი ძეგლი იდგა - რუსეთ-საქართველოს ომამდე.

გურულებს ჭყინტი ყველის ჭამა უყვართ. თვალის ჩაპაჭუნებაც.

გურია "სიცოცხლის სამოსახლოა", რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს: "გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდა".

***

"ცოლი რაფერ მევიყვანე და მეხსიერება კი მაქვს მაგისი. ცოლი უწინ გარიგებით იყო - ჩვენ გოგო-ბიჭი კი არ დევილაპარაკებდით. უმფროსები - ბიჭის მამა გოგოს მამას დეელაპარაკებოდა და სანამ ქორწილი არ დეიშლებოდა, ისე ცოლთან არ შეგიშობდნენ. მერე რო შეხვიდოდი, მოგეწონებოდა თუ არა, რა გზაი გქონდა. ქორწილი გადახდილი იყო, რაღა გზა გქონდა. კი არ მომეწონა დიდათ, მარა იმაზე თლა უარესები იყვნენ და იგენი რომ არ შემხვედროდნენ. არ მოგეწონება და სა წახვალ. სიყვარული, იი ბაღნობაში კი, მარა იმას სხვაგან გათხუვდა, მე სხვაგან დავქორწინდი. უწინ მაჭანკლობა ხომ იყო - ახლა ეს დარღოვილია დღეს".

"სექსი გურიაში იწოდება როგორც აჯიბაკური. ნამეტანი დახლართული სიტყვა მოჩანს. საეჭვოდ. ხოლო სიყვარული - სიყვარულია. შეიძლება ერქვას - გამოპენტერებაც, მაგრამ ეს სიტყვა თავისთავად სხვა რამეს ნიშნავს. აქ არ გეტყვით. გურულ ლექსიკონში ჩაიხედეთ.

სექსს კიდევ ჰქვია - მაი. ეს სიტყვა შეიძლება, გავიაზროთ როგორც მაია, ანუ ილუზია ვედურ ენაზე. თუმცა თქვენ შემედავებით და მეტყვით, რომ მაი სხვა არაფერია, თუ არა - მაგი, ეგ და სხვანი. მედავეთ.

ქმრის და ცოლის შერთვის ამბები ახლა კი ევროპიულადაა დიდწილად, მაგრამ ძველი წესებიც არ იშლიან თავისას: თუ გარიგება, თუ ვინმეს ქელეხში ბიჭისთვის გოგოს დანახვება და ან პირიქით - მით უფრო ოცდაათს გვარიანად გადამცდარი "გოგოსთვის და ბიჭისთვის". ადრე ხომ იყო და იყო. განსაკუთრებით მთიან ნაწილში, გომისმთაზე - მგლის ნაწოლზე და ბამხაროს პატარა ფაფარაში, სადაც გურული და აჭარული ისტორიები ერთამენთთან ქორწინდებიან".

***

"ოცთხმოცდაათიანებში, გურიაში (და ალბათ სხვაგანაც) თუ ცოლი ან ქმარი გარდაიცვლებოდა და მეორე მათგანი ცოცხალი იყო, საფლავის ქვაზე აუცილებლად დაატანინებდა საკუთარ სურათს ("ხარჯი ნაქნარიას''პრინციპით). და აწერია დაბადების თარიღი სიკვდილის თარიღის მოლოდინში. საოცარი სანახავია. ერთ სოფელში ასეც მოხდა; გათხოვდა ახალგაზრდა ქვრივი.საფლავზე დარჩა სურათი ძველი ქმრის გვერდით, არავის მოუშლია. რადგან გურული სიყვარული უცნაურია და დიდი".

***

"ძალიან მეწუნიე ვიყაი. არავის არ ველაპარიკებოდი. დღეს რომ დეველაპარიკებოდი, ხვალე კაღარ მინდოდა. არ შევხთებოდი. ჰოდა, ასე წუნებ-წუნებაში ორმოც წელიწადს მივაღწიე. მერე ვთქვი, რომე აწი ვიღან მომაკითხავს-მეთქი და და შევბრუნდი და ჩევიქნიე ხელი. და ქე ვიყავი ჩემზა და გევიხედე ერთ დღეს, იანვარი იყო და მევიდა ერთი მოხუცებული ქალი. თურმე დედაჩემს და ამ ხალხს მიწერ-მოწერა ქონებიენ, მითომ ამის ჩუმათე გავაკეთოთ საქმეო. მე არ ვიცი სულა მაი. გევიხედე და მევიდა აი ქალი. აი ქალი შემევიდა და დედა რა ქალია. მეიყარენ თავი. წევიდა აი ქალი: "მეო, წავალ სახშიო და ყველაფერს შეგატყობინებო"." ამ ქალმა შემხედა, ამწონ-დამწონა და გევიცინე მე, მეთქი რაი მაქ სატირლად და კბილები გამომიჩნდა და თეთაო, კბილების გულიზა წევიყვან ამას თლადო. და ქი წევიდა და იქიდნა დარეკენ რომე, ჩვენ აქანე ვემზადებით და თქვენ მოამზადეთ მაგი მაქანეო. მე სულ არაფერი არ ვიცი. ხოდა, მევიდენ. დედაჩემმა მითხრა, აგიო, სადედამთილოა შენიო. მეთქი ახლა ამას ვიღა გეექცევა ამხელა ქალს, სა წავალ მე. გულში ქი ჩამიჯდა აი ქალი, კაი ქალია. მევიდენ და მეიყვანეს სიძე. ამ ქალმა მითხრა, ჩემმა შვილმა, სიმთვრალე იცის, კედელზე გადისო. აი, ვე წარმევიდგინე მე კედელზე რაფერ გადის. სულ არა - იმფერის სიმთვრალე ქონდა - ტყვილია. გაჩერებულია აი კაცი და მეც ქე ვარ გაჩერებული. და მეიყარეს თავი საღამოიზე და გააგზანეს იქით კაცი, ჩვენ მოგვყავს ქალი და ასე ვართ და ისე ვართ. მეთქი რაცხა იქნება, იი იქნება მარა, სა ცხოვრობს ვიცი? არ ვიცი აფერი. მოვალ გზაში მარა, ენა მიღებს პირს? არა. მეთქი სა მივალ-მეთქი ამ ტყეში. სა მივალ. ქე მაინც ვაკეში ვიყავი და აქანე რა მინდა. არ თავდება გზაი ბიჯო, არ თავდება, არ თავდება. სახლი დამხდა პატარა და რა ვქნა ახლა რას იზამ? გამეცინა და ქე დავჯექით. წევიდა სმაი და კიდეც იმღერენ. თურმე ამას ყოლებია, ჩემს ქმარს ცოლი, მოკტენია და იმის დედა ყოფილა იგი ქალი, ვინც მომაკითხა და მე ამის დედა მგონია. მე მომაკითხა ჩემი ქმრის ყოფილი ცოლის დედამ. ასე. ამას დედას ვუძახდი. მერე მითხრა შოთამ, მეუღლემ – აი ჩემი ცოლის დედა იყოო, არ წევიდაო მერე არსათო და დარჩა ჩემთანო. ხასიათი რომ გუუგეს ერთმანეთში, დარჩა აი ქალი. დედაო, ნამდვილიო სხვაგან მყავსო. ვაი, სადაა დედა მე უთხარი. აგერ სახლობსო. ვუძახოდი ორივეს დედას და ვიყაი. სამი დედის პატრონი ვიყაი. ამფერი მდიდარი ვიყაი".

***

"გელამ, ჩემმა მამიდაშვილმა, რომელიც ახლა მამა დავითია ანუ მღვდელი, ერთი სახალისო ამბავი მომიყვა - პატიოსანი, სიტყვასანდობი კაცის, ადგილობრივი მოძღვრის მონათხრობი. გურიის სოფელში, რომლის სახელსაც, ჩვენი ძველი მწერლებისა არ იყოს, ახლა არ დავასახელებ, ერთი ცნობილი ათეისტი კაცი კვდებოდა. "მიყობოდა მიქელას". ვერც მის სახელს გეტყვით, თუმცა იქაურები და მიდამო მცხოვრებნი ადვილად მიხვდებიან ამა საქმეს დაფარულსა და მის გმირებს. მოკლედ, კვდებოდა ეს კაცი და არ აღიარებდა ღმერთის არსებობას არაფრით. რა არ იღონეს მისმა მორწმუნე შვილებმა, რაღა არ დაპირდნენ სააქაოს და საიქიოსთვის, მაგრამ ამაოდ. ერთ დღეს მოულოდნელად ბრძანა: "ღვდელი მეიყვანეთ, ახსარება უნდა უთხრაო". მოიყვანეს გახარებულმა. შევიდა და მალევე გამოვიდა ავადმყოფიდან. ღიმილს ვერ იკავებდა: "მითხრა, რომ მოვკდვები, ტაძრის შესასვლელში დამმარხეთ, ქალებს შევუჭვრიტენებო".

***

"- მეუღლე რამდენი ხანია გარდაგეცვალათ?

- შვიდი წელი სრულდება, კი, შვიდი.

- და გადაწყვიტეთ, რომ ცოლი შეირთოთ თავიდან?

- დიახ.

- რამდენი წლის ბრძანდებით?

- 63-ის.

- და მცდელობები გქონდათ უკვე?

- როგორ არა?

- როგორი მცდელობა გქონდათ?

- ჟურნალიდან გევიცანი ერთი ქალბატონი. მისი განცხადების საფუძველზე. და ტელეფონით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. და ბოლოს ვერ იქნა, არ შედგა საქმე.

- რატომ არ შედგა?

- რა ვიცი.

- და კიდევ აპირებთ მცდელობას?

- უეჭველად.

- ასე, თუ არ დაგინახავთ, ტელეფონით როგორ მოიყვანთ ცოლად?

- ვნდობ ადამიანებს!"

***

"ჩემ ერთ დიდ ბაბუას ოთხი ცოლი ჰყავდა და ერთი იმიტომ გაუშვა, რომ თურმე სტუმრებს დროზე თეფშები ვერ მოუტანა. ბებიაჩემი ამბობდა, უჟმური კაძახი იყო ჩემი მამამთილიო, სიყვარული მაგან არ იცოდა და აფერიო. მეორე დიდ ბაბუას მგონი, სულაც რვა ქალი შეურთავს და იმით იყო ცნობილი, რომ ვიღაც რუს გოგონას დაეძგერა, პირდაპირ, სახალხოდ და ძალადობით - როგორც დღეს ცნობილი პორნოინდუსტრიის ჟანრი ღაღადებს - Public Disgrace. ოღონდ ნატანებურად.

ეჰ, ამ თემაზე საუბარს მე ვერ მოვრჩები, თუ დანარჩენი სხვა დღეს არ მოგითხრეთ".

***

"გურულები საკრალური ხალხია. ბევრ რამეს "იბრძნიან" - ფულის გაცემას საზეიმო დღეებში, დაჭრილი ფრჩხილების დატოვებას დაუწველად - ეშმაკი წაიღებსო, სკვინჩას ძახილს სახლთან ახლოს, ყაპყაპას ყიყინს, თუ სადმე ახლოს მიცვალებულია, იეღოველები ხდებიან და ადვილად. სხვები ამბობენ კი, რომ "ერთი მეშოკი ფქვილის გულიზა," მაგრამ ეს ხალხი დიდ ერთგულებას იჩენს. ერთი ნაცნობი მეკაჭკე, ანუ ტვრითის მზიდავი, რაღაც სექტას შეუერთდა და იქაური მოძღვრის მოწოდება, რომელიც რეპროდუქციის უნარების შეწყვეტას გულისმხობდა, ასე აღასრულა. არ ჰქონდა ცივილური გზის ფული და სახლში მაკრატლით დაიწყო საკუთარი სათესლე ჯირკვლის მოჭრა. შუა გზაზე გაითიშა, მიუსწრეს და საავადმყოფოში გააქანეს... მისტიკური მხარეა. მისტიკურობისკენ მიდრეკილი უფრო მომავალი ტკივილების შიშის, ვიდრე სიხარულების მოლოდონის. შელოცვებიც ეგრე იციან და დალოცვებიც. პირველი სადღეგრძელოც რაღაც ფრთხილია - მშვიდობის. 2 თებერვალს, ჟირჟღილობას, ანთებენ კოცონს, ჯოხზე წამოაცმევენ რეზინის ფეხსაცმელს, შავი და შემაშინებელი ალის დასატყუებლად და ყვირიან: ჰეი, კუდიანებო, ჰეი, კუდიანებო, ოღონ გლახა წეიღე და თლა კაი ნუ იქნება, ოღონდ გლახა წეიღე და თლა კაი ნუ იქნება!"

***

"კუდიანების და ჭინკების ძნელად მეშინოდა. თავიდანვე ეგრე მიმაჩვიეს - ბაბუაჩემი სიბნელეში, ეზოს ბოლოსკენ მიშვებდა სპეციალურად, შიში რომ დამეძლია. მამაჩემი ზღაპრების ბოლოს მარწმუნებდა, რომ სულები არ არსებობენ და ლოგინის ქვეშ მახედებდა, სადაც მეგონა, რომ მაქციები იქნებოდნენ ჩასაფრებული და მხოლოდ ჩუსტები მხვდებოდა. ერთადერთი საკრალური ამბავი ეგ იყო და დღემდე არის - სახლის ხის ჭერზე წვიმისგან გამოსახული სხეულები. დედაჩემი ღამით ლოცულობდა და ლამპის შუქი ოდნავ არწევდა გამოსახულებებს, მე კიდევ მათ ისტორიებს ვაგებდი. ახლაც, სახლში რომ მივდივარ და ჭერს ავხედავ, ნაღდად მეგულება ეს ისტორიები. საერთოდ, აკვიატების ადამიანი ვარ. ზოგი მოვიშალე, ზოგიც შემრჩა. აი, დილით, გზაზე, ერთი მოურჩენელი ახირება გამახსენდა. ვიქნებოდი ასე ხუთი-ექვსი წლის, ჩემ სოფელში, სურებში, მე და მამიდაშვილი, გელა, შუაცეცხლზე ტყვიას ვადუღებდით და მიწაში ამოთხრილ ჯარისკაცის ფორმებში ვასხამდით. სათამაშოები რომ გვქონოდა. ჰოდა, მოპირდაპირე მთაზე მოძრავი შუქი დავინახეთ. გელამ მითხრა, მიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავის ნაწილიაო. სრულიად უბრალო ამბავი მძაფრი კინოკადრივით ჩამრჩა. ყოველდღე მახსენდება და გულუბრყვილოდ ვფიქრობ: რა იყო ის ნათება: მართლა ზეციური მნათობის ნატეხი თუ კაცი ფარნით, რომელიც ტყეში დაკარგულ ძროხას ეძებდა? ალბათ, ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი კითხვა".

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია