პოლიტიკოსები, რომლებიც მსახიობებზე პოპულარულები არიან

პოლიტიკოსები, რომლებიც მსახიობებზე პოპულარულები არიან

მსახიობი დათო დარჩია მიიჩნევს, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ სფეროში საკმაოდ ჩახედული და გათვითცნობიერებული გახლავთ.

- პოლიტიკა ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. თუ პოლიტიკოსი კარგია და ქვეყანას გამოადგება, როგორც კარგ ადამიანსა და კარგ კაცს, ისე მოვიხსენიებ, მაგრამ პოლიტიკაში ჩემი ადგილი არ არის. კი ბატონო, პარლამენტში არიან ჩემი კოლეგები, ვენაცვალე სულში, მათ თავიანთი მოსაზრება აქვთ, მაგრამ მე და პოლიტიკა ერთმანეთისგან ძალიან შორს ვართ. მიუხედავად ამისა, პოლიტიკურ მოვლენებს თვალყურს მუდმივად ვადევნებ. შესაბამისად, ყველანაირი ინფორმაცია მაქვს. რას ვიზამთ, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ამ ყველაფერში გათვითცნობიერება გვიწევს. ხალხი მსახიობებზე მეტს პოლიტიკოსებს უყურებს და ისინი ჩვენზე პოპულარულები არიან.

- ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს როგორ შეაფასებთ? ახლახან ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა...

- არჩევნებზე ჩემი არჩევანი დავაფიქსირე. ვნახოთ, ახალი მერი უკვე ავირჩიეთ და კარგის მოლოდინში ნამდვილად ვარ.

- არჩევნების შედეგებით კმაყოფილი ხართ?

- არჩევნების შედეგი მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.

- ვიდრე ახალ მერს ავირჩევდით, ყოფილი მერი, გიგი უგულავა დააპატიმრეს. ამაზე რას იტყვით?

- არასდროს არავისიანი არ ვყოფილვარ. ჩემი მსახიობობით, მხოლოდ ჩემი ქვეყნის სამსახურში ვდგავარ. მიმაჩნია, რომ თუ დამნაშავე ბავშვების მკვლელი, ქვეყნის გამყიდველი ან მანიაკი არ არის, მაშინ მისი დაჭერა რა საჭიროა? როცა ადამიანებს იჭერენ, ვიღაცებს უხარიათ. ვერ ვხვდები, რატომ. რა არის ამაში სასიხარულო? შესაძლოა, რაღაც კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს, მაგრამ ამის გამო ვინმეს დაჭერა რა საჭიროა?

- ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ უგულავას დანაშაულის დასამტკიცებლად მისი ციხეში ჯდომა საჭირო არ არის?

- მგონი არ არის საჭირო. გამქცევი ნამდვილად არ არის. ვინც გამქცევი იყო, ხომ გაიქცა? მაშინ ესეც გაიქცეოდა. თუ რაღაც დანაშაულით ქვეყანას ზიანი მიაყენა, მაშინ ამ ყველაფერზე, რასაკვირველია, პასუხი უნდა აგოს, მაგრამ მანამდე ხომ უნდა დამტკიცდეს მისი ბრალეულობა?

- ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის პარალელის გავლება თუ შეგიძლიათ?

- ცოტა რთულია, ახალი ხელისუფლების მიერ გაკეთებული საქმეების გაანალიზება, რადგან ცოტა ხანია, რაც ქვეყნის სათავეში მოვიდნენ. ძველ ხელისუფლებას კი 9-წლიანი მმართველობა ჰქონდა და რა თქმა უნდა, მათ მიერ გაკეთებული კარგი საქმეები უფრო მეტი ჩანს, მაგრამ ცოტა ხანს ამათაც ვაცადოთ. ღმერთმა ქნას, რომ ახლებმა ძველებზე მეტი გააკეთონ...

- ძველი ხელისუფლების მიერ გაკეთებული რა მოგწონდათ?

- წვრილ-წვრილი რაღაცები... ავტობანის მშენებლობა ძალიან კარგია და ეს პროექტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაჩერდეს. ევროპასთან ინტეგრირებას საფუძველი ხომ სწორედ ძველი ხელისუფლების დროს ჩაეყარა? ესეც კარგი საქმეა...

- საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

- არა მგონია, რომ ასე იყოს. რამდენჯერაც ტელევიზორს ჩავრთავთ, იმდენჯერ ვიღაცის დაჭერის ამბავს გვამცნობენ. ახლა მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე რომ იყო საუბარი, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და განაცხადა, რომ დეკრიმინალიზაცია არ მოხდება. ამით იმის თქმა მინდა, რომ მგონი ახლა უფრო მეტი სიმკაცრეა და ხალხი რატომ ფიქრობს, რომ კრიმინალმა იმატა, არ ვიცი. შესაძლოა, თვითონ კრიმინალებმა იფიქრეს, რომ რადგან ხელისუფლება შეიცვალა, თავისუფლება იგრძნეს, მაგრამ ასე არ არის, რადგან აბსოლუტურად ყველას იჭერენ. ქუჩური გარჩევები ყოველთვის იყო, ედიკას დროსაც, მიშას დროსაც და ღარიბაშვილის დროსაც იქნება, გამორიცხული არც ახლაა.

- ქვეყნის გარეთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს თუ ადევნებთ თვალყურს?

- რასაკვირველია. ჩვენ ისეთივე სამოქალაქო ომი გამოვიარეთ, რაც ახლა უკრაინაშია. უკრაინის ახალ ხელისუფლებას ვემხრობი. რასაკვირველია, ისინი არ დათმობენ თავიანთ ქალაქებს. ძალიან კარგად იქცევიან, სპეცოპერაციებს რომ ატარებენ, რადგან მათ წინააღმდეგ უკრაინელი მოსახლეობა კი არა, ბანდიტები მოქმედებენ. ჰოდა, ქვეყანა ამ კრიმინალებისგან უნდა გათავისუფლდეს. რაც შეეხება ისრაელს, იქაც მუდმივად საომარი სიტუაციაა. ეს კარგი ამბავი ნამდვილად არ არის. პალესტინასა და ისრაელს შორის მუდმივად დაძაბული მდგომარეობაა, მაგრამ ვერ გაარჩევ, რომელი მხარეა მართალი. პოლიტიკა საკმაოდ ჩახლართული და ბინძური სფეროა. როგორც გურულები ვიტყვით, მშვიდობას არაფერი სჯობს და ნეტავ ყველგან მშვიდობა იყოს.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია