რატომ ხმება ხეები თბილისსა და მის შემოგარენში? - "მთაწმინდა გახრიოკების საფრთხის წინაშე დგას"

რატომ ხმება ხეები თბილისსა და მის შემოგარენში? - "მთაწმინდა გახრიოკების საფრთხის წინაშე დგას"

დედაქალაქსა და მის შემოგარენში წიწვოვანი ნარგავები მასშტაბურად ხმება. ეკოლოგთა თქმით, ვითარება საგანგაშოა და თუ დროულად არ მოევლება საქმეს, დედაქალაქი მთაწმინდის ხრიოკი ფერდობების ამარა დარჩება.

წიწვოვანი ხეები ხმება ოქროყანაში, წავკისში, კოჯორში, კუს ტბის მიდამოებში, ასევე ქალაქის შემოსასვლელებშიც - აღმაშენებლის ხეივანსა და თბილისის ეროვნული პარკის დასაწყისში გლდანთან. ხმება, ძირითადად, შავი ფიჭვი და კვიპაროსი. რა გახდა ხეების მასობრივად ხმობის მიზეზი და სად არის გამოსავალი? - ამ საკითხის გარკვევა ვცადეთ ბუნებისდამცველებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელმა ირაკლი მაჭარაშვილმა გვითხრა, საფუძვლიანი კვლევის გარეშე ხმობის მიზეზის დადგენა შეუძლებელია. მისი თქმით, შეიძლება ამის მიზეზი კონკრეტული დაავადება, მავნებელი, კლიმატური პირობები ან სამივე ერთად იყოს. კვლევის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ "მწვანეთა პარტიაშიც". ნინო ჩხობაძის თქმით, უყურადღებობამ საგანგაშო ვითარებამდე მიგვიყვანა:

"ჯერ კიდევ 2011 წელს შევხვდი გარემოს დაცვის სამინისტროსა და ქალაქის გამწვანების სამსახურის იმჟამინდელ წარმომადგენლებს და შეხვედრაზე სწორედ ეს საკითხი დაისვა. კვლევის გარეშე ძნელია თქმა, რატომ დაიწყო და განვითარდა ასე სწრაფად ეს ნეგატიური პროცესები. მიზეზი შესაძლოა იყოს ვირუსული დაავადება ან კლიმატის ცვლილება, რაც მცენარეულ საფარზე არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიო მასშტაბით აისახება. ამ რამდენიმე წლის წინ სპეციალისტთა ჯგუფი კვლევისთვის 10.000 ლარს ითხოვდა, თუმცა, ქალაქის იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ეს მიზერული თანხაც კი ვერ გამონახა".

გასული საუკუნის 20-იან წლებშიც კი მთაწმინდის ფერდობებზე სიმწვანეს ვერსად შენიშნავდით, ირგვლივ მხოლოდ შიშველი კლდეები ჩანდა. თბილისისა და მისი შემოგარენის ხელოვნურად გამწვანება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო და 60-იან წლებში მასშტაბური ხასიათი მიიღო. მთაწმინდის ფერდობებზე კლდოვან ფენაში მცირე მუხტებს აფეთქებდნენ, ბზარავდნენ კლდეებს, შემდეგ შეჰქონდათ მიწა და რგავდნენ ხეებს. 50 წელზე მეტი დრო დასჭირდა იმას, რომ რეალურად გვენახა ამ გამწვანების შედეგი, დღეს კი მთაწმინდა კვლავ გახრიოკების საფრთხის წინაშე დგას.

შექმნილ პრობლემაზე ვესაუბრეთ თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსს ბიძინა გიორგობიანს, რომელიც მიიჩნევს, რომ ნარგავების ხმობის მთავარი მიზეზი მათი ასაკი და შეუფერებელი კლიმატური პირობებია.

- თბილისის შემოსასვლელებში და მის შემოგარენში წიწვოვანი ნარგავების ხმობა, ძირითადად, მათი ასაკით არის განპირობებული. ამ ხელოვნურ ტყეებს არ ახასიათებს ბუნებრივი განახლება, რადგან ნიადაგიც და კლიმატური სარტყელიც მათთვის შეუფერებელია. დასუსტებულ მცენარეს ადვილად მოერია დაავადებები და შედეგიც სავალალო მივიღეთ.

- ბატონო ბიძინა, სპეციალისტთა თქმით, ხმობის მიზეზის დადგენა კვლევის გარეშე შეუძლებელია.

- დაახლოებით შარშან გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კუს ტბის მიდამოებში ჩაატარა კვლევა. იქ გეოლოგიური თვალსაზრისით ურთულესი ვითარებაა და საჭიროა სასწრაფო განაშენიანება. ხეებს, რომლებიც ხმება, ვერაფერს ვუშველით, ამიტომ საჭიროა მათი სწრაფად ჩანაცვლება. ძირითადად, ხმება შავი ფიჭვი, აღმაშენებლის ხეივანში ხმება კვიპაროსებიც. ამ ტერიტორიის აღდგენის გეგმა უკვე არსებობს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია