რუსუდან გორდეზიანი სამომავლოდ ლა- მანშის სრუტისა და შავი ზღვის გადაცურვას გეგმავს

რუსუდან გორდეზიანი სამომავლოდ ლა- მანშის სრუტისა და შავი ზღვის გადაცურვას გეგმავს

სპორტულ კლუბ MIA Force-ის მოცურავე რუსუდან გორდეზიანმა საქართველოს ახალი აბსოლუტური რეკორდი დაამყარა.

სარფიდან ანაკლიის მიმართულებით თავისუფალი სტილით სადღეღამისო უწყვეტი ცურვით 73 კმ 40 საათის ნაცვლად, 25 საათსა და 15 წუთში გაცურა და არსებული რეკორდი 13 კმ-ით გააუმჯობესა. რუსუდან გორდეზიანი Ambebi.ge-ს პირველ შთაბეჭდილებებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა:

"პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ეს ღონისძიება შსს-ს ეგიდით ჩატარდა. სტიმული და საერთოდ, მიზანი კი იყო იდეა, რომ ეს მარათონი აფხაზეთის ომში და აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს მიძღვნოდა. ასევე - ყველა იმ გმირს, ვინც საქართველო დღემდე მოიტანა".

რუსუდან გორდეზიანის თქმით, მოსამზადებელი ეტაპი განსაკუთრებული სირთულეებით არ გამოირჩეოდა. თუმცა მისი მწვრთნელის, ჯუმბერ ლეჟავას გარდაცვალებამ მას მეტი სტიმული მისცა: "ჩემი მწრთვნელი ჯუმბერ ლეჟავა იყო და ერთად გვქონდა დაგეგმილი ეს ყოველივე. ის ჩემი თანამოაზრე იყო და მისი გარდაცვალება ჩემთვის ერთგვარი პასუხისმგებლობა აღმოჩნდა", - აღნიშნავს რეკორდსმენი.

რუსუდან გორდეზიანი მოცეკვავეა, მაგრამ ცურვა ბავშვობიდან უყვარდა. შეძლებისდაგვარად დადიოდა აუზებზე, ზღვაზე და ცურავდა. როგორც თვითონ აღნიშნავს, კარგი მწრთვნელები ჰყავდა, მაგრამ მისი მთავარი მწრთვნელი ჯუმბერ ლეჟავა იყო, რომელსაც განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებს და მას მოძღვარსა და წინამძღვარს უწოდებს.

გორდეზიანის თქმით, ის მთავარი რამ, რაც ადამიანს მიზნის მიღწევაში ეხმარება, რწმენა და სიყვარულია. "უნდა გჯეროდეს, რომ ყველაფერს მიაღწევ და ყველაფერს სიყვარულით უნდა აკეთებდე" -აღნიშნავს ის. მოცურავე ახალგაზრდებსაც ურჩევს ამ სფეროში ჩართვას და თვლის, რომ კარგი იქნება მარათონული გაცურვების მოწყობა თუნდაც მოკლე დისტანციებზე. ეს ჯანსაღი ცხოვრების წესია და სულიერადაც აძლიერებს ადამიანს.

რუსუდან გორდეზიანის სამომავლო გეგმები თამამი და მრავალფეროვანია: "აუცილებლად ვაპირებ რეკორდის გაუმჯობესებას, მომავალში მინდა მსოფლიო რეკორდის მოხსნა, არსებული შედეგის გაუმჯობესება, ასევე მინდა ლა-მანშის სრუტისა და შავი ზღვის გაცურვა",  -აღნიშნავს რეკორდსმენი.

თამარ კორკოტაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია