მოძღვარი, რომელსაც მდუმარე მეტყველების ენა ესმის - პეტრე კოლხი ტყე-ღრეში ჩამოშლილ ტაძრებსა და ნახევრად წაშლილ წარწერებს ეძებს

მოძღვარი, რომელსაც მდუმარე მეტყველების ენა ესმის - პეტრე კოლხი ტყე-ღრეში ჩამოშლილ ტაძრებსა და ნახევრად წაშლილ წარწერებს ეძებს

დღეს, როცა სასულიერო პირების ნაწილი ანაკლიაში "კაზანტიპის" ფესტივალის ჩატარებას აპროტესტებს, მამა პეტრე კვარაცხელია, იგივე პეტრე კოლხი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, ქვემო ქართლის არქეოლოგიური და წერილობითი ძეგლების მიხედვით, ქვემო ქართლის ისტორიული სურათის აღდგენას ცდილობს. მოძღვარი ამ თემაზე დისერტაციის დასაცავად სერიოზულად ემზადება. კვლევა-ძიებისას, სულ შემოიარა ქვემო ქართლის ტაძრები - სურს ისტორიას ფესვებში ღრმად ჩასწვდეს...

"ამბები.გე" მამა პეტრეს დაუკავშირდა.

- ცნობილია, რომ წერილობითი წყაროები ყოველთვის გვაწვდიან ცნობას წარსულიდან. როგორც შევიტყვე, თქვენი დისერტაციის თემა - წერილობითი წყაროების მიხედვით ქვემო ქართლის აღწერა გახლავთ. წარმოშობით კოლხმა ქართლის წიაღში რატომ დაიწყეთ კვლევა-ძიება?

- ქვემო ქართლის ისტორია, ეს ქართველი ერის დიადი წარსული და სისხლისგან დაცლილი ეროვნული შეგნების მამოძრავებელი არტერიაა. არ არსებობს ეროვნება ღირსეული წარსულის, მიღწევების, წარმატებებისა და იდეოლოგიის გარეშე. როგორც წმინდა ილია მართალი ამბობს, - "ქრისტიანობა არ არის მხოლოდ რჯული, რელიგია, ის ჩვენთვის ქართველობაა, მთელი საქართველო"... სამხრეთის კარიბჭემ კი ქართველობის და სარწმუნოების შენარჩუნებაში ისეთი როლი შეასრულა, როგორც ქრისტეს მოციქულებმა ქრისტიანობის გავრცელებაში. განსაკუთრებით მიყვარს ჩემი ქვეყნის ეს ნაწილი, რაც უამრავმა ფაქტორმა განაპირობა: ისტორიის ცოდნამ და უსაზღვრო მოწიწებამ, ღრმა ფესვებისკენ ჩამახედა, რომლის სიღრმეში პირველი ქართული წარწერაა დაფიქსირებული. როგორც მღვდელმსახური, წლების მანძილზე ბოლნისის ეპარქიაში ვმოღვაწეობდი და დღემდე მყავს მრავალრიცხოვანი სამწყსო. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, ბოლნელი მთავარეპისკოპოს ეფრემის მონდომებით, იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სასწავლებელი დავაარსეთ, რომელსაც ვხელმძღვანელობ. აგრეთვე ჩემი რედაქტორობით, ყოველთვიურად გამოდიოდა საეკლესიო გაზეთი "სიონი"... ალბათ ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ კოლხი ასე სიღრმისეულად დაინეტერსებულიყო საუკუნეების წიაღში ჩაკირული ისტორიით. ვფიქრობ, რომ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მატიანე, მიწის ქვეშ უფრო დიდია, ვიდრე მის ზედაპირზე...

- როგორც აღნიშნეთ, უძველეს წერილობით წყარო ბოლნისის სიონის კედლები ინახვს და ის V საუკუნის ქართველების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. ამ მიმართულებით მუშაობისას რა იყო თქვენთვის სიახლე?

- დიახ, პირველი ქართული წერილობითი ძეგლი ბოლნისის სიონია, რომელიც მეხუთე საუკუნის 90-იანი წლებით თარიღდება... გარდა ამისა, ბოლნისის ეპარქიაში მრავალი ისტორიული ძეგლია, რომლის შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენი მოგზაურობა და რამდენიმე ტაძრის მონახულება მიზნად ისახავდა, ტაძრის კედლებზე შესრულებული წარწერების ფოტოაპარატით აღბეჭდვას. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერულად შესწავლილი და გამოკვლეულია, საინტერესოა მათი დღევანდელი მდგომარეობა. გარდა ამისა, იქნებ აღმოვაჩინოთ, დღემდე უცნობი წარწერებიც... მოგზაურობისას მახლდა ჩემი ნაშრომის ერთ-ერთი ხელმძღვანელი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, წყაროთმცოდნე - ლია ახალაძე. რომ არა მისი მხარში დგომა და ასეთი ერთგულება, მარტო ვერაფერს შევძლებდი. მადლობა მას, პირველ რიგში ადამიანობისთვის, პროფესიონალიზმისთვის, ბევრი წარმატებული პროექტისთვის...

- ქვემო ქართლის რამდენი ისტორიული ძეგლის მონახულება დაგჭირდათ?

- მეცნიერება ლოცვას ჰგავს. რაც უფრო გულწრფელად ლოცულობ, მეტად უახლოვდები უფალს და გრძნობ ლოცვის შედეგსაც. კვლევა-ძიებაც ასეა. ერთი და იმავე ძეგლის მრავალჯერ დათვალიერებით, ხვდები, რომ რაღაც ახალი აღმოაჩინე. ან მანამდეც გქონდა ნანახი, მაგრამ ყურადღება არ მიგიქცევია. მახვილი გონებაა საჭირო იმისთვის, რომ ახალი სიტყვა თქვა. არაფერი არ უნდა გამოგრჩეს, როცა შენთვის მნიშვნელოვან საკითხს იკვლევ. ჟამთა სიავეს გადარჩენილი ლოდები, უფრო მეტს მეტყველებენ, ვიდრე მუცლით მეზღაპრე მეცნიერები. მთავარია, მდუმარე მეტყველების ენა გვესმოდეს...

- როგორ გამოიყურება ქვემო ქრთლი წერილობით წყაროებში? უმეტესად რითა გამორჩეული და რა ახასითებს მა?

- ძეგლების შესწავლა, პირველ რიგში აუცილებელია იმისთვის, რომ დავადგინოთ, ვინ ცხოვრობდა იმ კუთხეში, როდიდან იღებს დასაბამს საეკლესიო მოღვაწეობა, რა კავშირი ჰქონდათ ქართველებს სხვა ტომებთან, რა ენაზე მიმდინარეობდა წირვა-ლოცვა... ის, რომ ბოლნისის სიონის კედელზე ქართული წარწერაა დაფიქსირებული, ნიშნავს იმას, რომ უძველესი დროიდან მის გარშემო ქართველები ცხოვრობდნენ... მეცნიერულად უნდა დავუმტკიცოთ ყველას, რომ წუღრუღაშენი, სათხე და სხვა არაერთი ტაძარი ქართული წამოროშობისაა. ეთნიკური სიჭრელის გამო, ხშირად დავობენ ამა თუ იმ ტაძარზე, მაგრამ ტაძრის წარწერები თავად ყვება საკუთარ თავზე, მთავარია სწორად გავშიფროთ და გავიგოთ...

- წუღრუღაშენს როგორც ვიცი, სომხები ეპატრონებოდნენ, მაგრამ დადგინდა, რომ იქ ქართული ტაძარია... მის ერთ-ერთ ფილაზე დატანილი ქტიტორის სახელი აღმოაჩინეს...

- წუღრურაშენი და ფიტარეთი ლაშა-გიორგის ეპოქას განეკუთვნება. ეს არის პერიოდი, როდესაც ჩვენს ქვეყანას მონღოლთა სახით ახალი დამპყრობელი მოადგა და ეკლესია-მონასტრების მშენებლობას, ქვემო ქართლში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ის, რომ წუღრუღაშენი ქართული ისტორიული ძეგლია, მისი წარწერიდანაც ირკვევა: 1. "ქ. სახელითა ღმრთისათა და მეოხებითა წმინდისა; 2. ღმრთისა მშობელისაჲთა, ძლიერებითა, წმიდისა; 3 გიორგის ხუთშაბათის ჯვარისაჲთა, მეფისასა; 4. შინა დიდისა გიორგი მეფეთა მეფისასა; 5 მიწამან მეფობისა მათისამან, არსენის; 6. ძემან ჰასან, დავიწყე შენ; 7. ებაჲ ტაძარსა გუნბადს, მამულ; 8. სა ჩემსა, უწყებითა გამოცხადე; 9. ბითა ამისვე მთავარმოწამისა; 10. მიერ, სადიდებლად ღმრთისა".

სომხების უსაფუძვლო პრეტენზიები ასეთი წარწერებით ბათილდება.

- იქნებ რაიმე საინტერესო ეპიზოდიც მოგვითხროთ ნანახის მიხედვით?

- ყველა ეპიზოდი, რომელიც წარსულთან კავშირშია, თავისთავად საინტერესოა, მაგრამ გამოვყოფდი სათხეს. სამონასტრო კომპლექსი, კაზრეთთან ახლოს, ტყის სიღრმეშია ჩამალული. მოუვლელობის და უყურადღებობის გამო, თითქმის ჩამოიშალა, თუმცა გადარჩენილი დეტალებით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ გრანდიოზული და მნიშვნელოვანი ძეგლი იყო ქვემო ქართლში. ცნობა სათხის ეკლესიის შესახებ, მოცემულია ალ. ვახტანგის ძე ჯანბაკურ ორბელიანის ჩანაწერებში (1846 წ.), რომლებიც ექვთიმე თაყაიშვილმა 1951 წელს გამოსცა. ეკლესია და მისი წარწერები მოხსენიებული აქვს აგრეთვე ცნობილ ნუმიზმატს ნ. ბართლომეის ქართულ სიძველეებისადმი მიძღვნილ მარი ბროსეს გამოცემაში 1854 წელს. უფრო მნიშვნელოვანია ე. თაყაიშვილის ცნობები სათხის ეკლესიის შესახებ ("სომხით - საორბელოს ძეგლების წარწერები", თბ. 1951). ავტორი სათხეში 1896 წელს ყოფილა. მანვე 1900 წელს გადმოიტანა თბილისში სათხის კანკელის ნანგრევები. ეკლესია წარმოადგენს დიდი ზომის (15X6.7 მ) ერთნავიან შენობას, რომელსაც გარს ეკვრის დამატებითი სადგომები, სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით. ფასადებზე ასომთავრული წარწერებია შემონახული. წარწერებში არ არის აღნიშნული არც ერთი ისტორიულად ცნობილი პირი. მარი ბროსე და ექვთიმე თაყაიშვილი მართებულად შენიშნავენ, რომ "წარწერები იხსენიებს მუშებს, რომელთაც ეკლესია აუშენებიათ". მშენებლობას უთუოდ ხელმძღვანელობდა ხუროთმოძღვარი, რომელიც სამხრეთი ფასადის აღმოსავლეთ კუთხის ქვაზეა მოხსენებული - "ქრისტე შეიწყალე კვირიკე კალატოზი ამინ". წარწერის ეპიგრაფიკის ანალიზი X-XI საუკუნეებზე მიგვანიშნებს. როგორც გვამცნობს აღმოსავლეთ ფასადის ლაპიდარული წარწერა, ეკლესია "მეორედ აღუშენებიათ" 1662 წელს, სადაც მოხსენიებულია ვინმე ზურაბაშვილი. აგრეთვე ბოლნისის სიონის ეზოში სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად აღმოვაჩინეთ წარწერებიანი ქვა, რომელიც ჯერ არავის გაუშიფრავს და ჩვენს ნაშრომში იქნება გამოყენებული.

- მუშაობისას რას გრძნობდით?

- ვგრძნობდი იმას, რომ სამუშაო ბევრია. იმ ჩამოშლილ ტაძრებსა და ნახევრად წაშლილ წარწერებს, რომლებიც წარსულის კუთვნილებად არის ქცეული, ჩვენი შემართება და სიმამაცე უნდა დავუხვედროთ. სირცხვილსაც ვგრძნობდი, რადგან მიუვალი ტყის სიღრმეში ხავსმოდებულ ლოდს უფრო მეტად ეტყობა საქართველო...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბეი.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია