რა საჩუქარს მიიღებენ მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს სახელმწიფოსგან

რა საჩუქარს მიიღებენ მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს სახელმწიფოსგან

სკოლის მოსწავლეები, ახალ სახელმძღვანელოებთან ერთად, საუკეთესო მდგომარეობის მეორად წიგნებს მიიღებენ. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თემის კომენტირებისას განგვიცხადეს, შარშანდელის მსგავსად, ახალ სასწავლო წელსაც, მოსწავლეებს უსასყიდლოდ გადაეცემათ როგორც ახალი სახელმძღვანელოები, ასევე მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ქულებით შეფასებული, საუკეთესო მდგომარეობის წიგნები.

უწყების განმარტებით, წელს სახელმძღვანელოების საჭირო რაოდენობა გამოთვლილია 2013-2014 წლების ცვეთის მაჩვენებლის გამოყენებითა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით.

"სპეციალურად შექმნილი პროგრამით, წლის განმავლობაში, რამდენჯერმე შეფასდა სისტემაში არსებული სახელმძღვანელოების მდგომარეობა და სასწავლო წლის დასასრულისათვის, დადგინდა ვარგისი სახელმძღვანელოების მოსალოდნელი მაჩვენებელი. კვლევის მიხედვით, ცვეთა უფრო მაღალი პირველკლასელთა სახელმძღვანელოების შემთხვევაშია", - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი სტამბებისა და გამომცემლობებიდან 2014-2015 სასწავლო წლისთვის თორმეტივე კლასისთვის სახელმძღვანელოების სრული საჭირო რაოდენობიდან, დაახლოებით 50-60%-მდე ახალი სახელმძღვანელოს შესყიდვა განხორციელდება.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, სასწავლო წლის მიმდინარეობისას სახელმძღვანელოები ჩაანაცვლა 195 მოსწავლის მშობელმა (289 სახელმძღვანელო). ძირითადი მიზეზი სახელმძღვანელოების დაკარგვა გახდა.

დღეის მდგომარეობით, სასკოლო სახელმძღვანელოების 80% დაბეჭდილია და საქართველოს მასშტაბით არსებულ სკოლებში გადანაწილებულია.

უფასო სახელმძღვანელოებს წელს ნახევარ მილიონამდე მოსწავლე მიიღებს. უფასო სახელმძღვანელოს მიიღებს პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით საქართველოს საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე. ასევე კერძო სკოლების სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების წევრი მოსწავლეები, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები, იმ კერძო სკოლების მოსწავლეები, რომლებიც ამ სკოლის პრივატიზებამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდნენ, ასევე ახალგორის მუნიციპალიტეტისა და გალის რაიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული იმ სკოლების მოსწავლეები, სადაც სწავლება ქართულ ენაზე ხორციელდება.

გასულ წელს პროგრამაზე 18 მილიონი ლარი დაიხარჯა, წელს კი მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა, სავარაუდოდ, 12-13 მილიონი ლარი დაჯდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია