17 მაისიდან - "კაზანტიპამდე"

17 მაისიდან - "კაზანტიპამდე"

17 მაისიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. ბევრი ვიფიქრე, თუ რა გვასწავლა ამ დღემ, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. ერთი ეგაა, არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა", რომელიც მანამდე თანამშრომლების გარდა, მხოლოდ რამდენიმემ იცოდა, მთელმა საქართველომ გაიცნო და კიდევ ის, რომ ამ დღემ ძალიან ბევრი ადამიანის რეალური სახე დაგვანახა, თუმცა სწავლებით კი მაინც არაფერი გვასწავლა.

დარწმუნებული ვარ, ცხონებულ სერვანტესს ქართველების შესახებ არაფერი ექნებოდა გაგონილი, თორემ ქარის წისქვილთან მებრძოლი დონ-კიხოტის მონაკვეთი აუცილებლად ქართველების სახელობის იქნებოდა. ( "სანამ კომენტარში დაწერთ - "შენ ქართველობას მიხედე", "შენნაირების გამოა ასეთ დღეში, რომ ვართ" და სხვა, ორიოდ წუთით დაფიქრდით, ეგებ მართალს ვწერ).

შარშან, 17 მაისის გამოძახილზე დავწერე, საოკუპაციო ზოლის გადმოწევას რატომ არ ვაპროტესტებთ ასე მაგრად-მეთქი და ისეთი ამბავი ატყდა, ვიფიქრე ჩემი ბრალია აფხაზეთიც, ოსეთიც, ტაო-კლარჯეთიც და ლამის პომპეუსის შემოსვლაც-მეთქი, არადა ისევ იგივე აზრზე ვარ. პანტაპუნტით იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებიდან და თუ იქ ვერ ჩავდივართ, რომ თითი მაინც დავუქნიოთ რუსებს თუ ოსებს, აგერ თბილსში შვეიცარიის საელჩოსთან (სწორედ ეს ქვეყანაა ჩვენ შორის შუამავალი) მაინც მივიდეთ 500 ადამიანამდე და ჩვენი სათქმელი ვთქვათ, მაგრამ მორწმუნე ძმებს ამას როგორ ვაკადრებთ?! საიტერესოა, როდესაც რუსების ერთმორწმუნეობას ვუსვამთ ხაზს, იმაზე თუ გვიფიქრია, რომ სწორედ ამ ერთმორწმუნეობის ნიღაბაფარებულმა გადაგვიარა?! საინტერესოა, კაზანტიპის ფესტივალზე მონაწილეობა უფრო ანადგურებს ქართველობას, თუ მოძმე და ერთმორწმუნე რუსეთი?!

რა ამის პასუხია და, როდესაც "ევრაზიული კავშირის" წარმომადგენლები წარამარა ატარებენ აქციებს (სხვათა შორის, ახლა 3 სექტემბერსაც გეგმავენ აშშ-ის საელჩოსთან აქციას - "არა ნატოს") და სტალინის ბიუსტებს გვიდგამენ, მაშინ სად ვართ ქართველი ვაჟკაცები? თუ ამ დროს ქართველობას არ გვართმევენ?!

როგორ დავიჯერო, რომ 10-15 ჰომოსექსუალი და კაზანტიპზე წასვლა უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე სტალინს და რუსეთს მოთაყვანე ახალგაზრდები?! ერთხელაც იქნება, მართლა შემოგრიალდება ეს ჩვენი მეზობელი, რწმენასაც შეგვიბღალავს და ადამიანობასაც, ჩვენ კი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მიმდევრებს და გართობის მოყვარულ ახალგაზრდებს ვდიოთ, კუდით ქვა ვასროლინოთ, თორემ ეგენი ხომ ქართველობას გვართმევენ!

ახლახან ტრაგედია მოხდა დარიალის ხეობაში, სადაც მთა ჩამოიშალა და ორი ადამიანი დაიღუპა. ღრმადმორწმუნეთა ნაწილმა ეს "კაზანტიპის" ფესტივალს დაუკავშირა. მაინტერესებს, ჩემი მეზობელი ბონდოს "კაზანტიპში" წასვლის გამო ის ორი ადამიანი რატომ დასაჯა უფალმა, ეს ვერ გავიგე და იქნებ ამიხსნათ ვინმემ.

პატარა ვიყავი, როდესაც ეკრანებზე მხატვრული ფილმი "და ვინჩის კოდი" გამოვიდა. საპროტესტო ტალღამ მაშინვე იხუვლა, შედეგად ფილმი, რომელიც 200-300 ადამიანმა თუ იცოდა, ათასობით მაყურებელმა ნახა. რაღა შორს მივდივართ, 2013 წლის 17 მაისს ის ფლეშმობი, რომელსაც 4-5 ლგბტ პირი აპირებდა, ისე ჩაივლიდა, მაქსიმუმ კიდევ 5 კაცს გაეგო, მაგრამ იმხელა ამბავი ავტეხეთ, იმ წამს დაბადებულმა ბავშვმაც კი გაიგო, ვინ არიან ლგბტ პირები. არადა, ეს ატეხილი ამბავი სწორედ იმით შევფუთეთ, რომ პატარებს რყვნიან და მათ ვიცავთო, და ბოლოს "კაზანტიპი"... ფესტივალის ორგანიზატორები ვერც იოცნებდნენ იმხელა რეკლმას, რომელიც მოწინააღმდეგეებმა გაუკეთეს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ხომ არ ჯობს, მომავალში დავფიქრდეთ და ისე ვაპროტესტოთ რაღაცები?!

ერთი წელი გავიდა 17 მაისიდან, მაგრამ ჩვენი ცნობიერება ისეთ სტაგნაციას განიცდის, ერთი წელი კი არა ერთი საუკუნეც არ გვეყოფა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არავის ვთხოვ, რომ ჭეშმარიტებად მიიღოს. 

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

სტატიაში გამოყენებულია გიორგი გოგუას ფოტო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია