ახალი სერვისი საქართველოში ჩამოსული ტურისტების უსაფრთხოებისთვის - GPS ტრეკერი და მისი ფუნქციები

ახალი სერვისი საქართველოში ჩამოსული ტურისტების უსაფრთხოებისთვის - GPS ტრეკერი და მისი ფუნქციები

საქართველოში ჩამოსული ტურისტები GPS ტრეკერებით სარგებლობას შეძლებენ. GPS ტრეკერები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრებში განთავსდება. ტრეკერის საშუალებით ტურისტს შესაძლებლობა ექნება დაუკავშირდეს 112.

როგორც 112-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნინო გელაშვილმა განაცხადა, GPS ტრეკერები ჯერჯერობით სერვის ცენტრებში არ არის განთავსებული, თუმცა უახლოეს მომავალში ყველა ტურისტს სურვილისამებრ საშუალება ექნება ისარგებლოს GPS ტრეკერებით.

GPS ტრეკერი არის მობილურის ტიპის მოწყობილობა, რომელზეც მარტივად SOS ღილაკზე ხელის დაჭერით შესაძლებელია სიგნალი მიეწოდო 112-ს, იმ ადგილებიდანაც, სადაც არ ვრცელდება მობილური ოპერატორების დაფარვის ზონა.

"ეს დიდი უპირატესობაა იმ ტურისტისთვის, რომელსაც აქვს მობილური მაგრამ ვერ ახერხებს დაკავშირებას დახმარების მისაღებად. ასევე შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა. ტრეკერის მიწოდება უფასო იქნება ტურისტებისთვის, მაგრამ გამომდინარე მისი მრავალფუნქციური თვისებებიდან, შესაძლებელია ტურისტმა ის გამოიყენოს რამოდენიმე SMS-ის გასაგზავნად, ან მისაღებად, ამ შემთხვევაში კი მას მოუწევს სატელიტთან წვდომის საფასურის საკმაოდ მინიმალური თანხის გადახდა", - განაცხადა 112-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.

GPS ტრეკერი ტურისტს უფასოდ გადაეცემა, თუმცა მის ანგარიშზე გაიყინება ტრეკერის ღირებულების თანხა, რომელიც 300-400 დოლარს შეადგენს და მოწყობილობის უვნებლად დაბრუნების შემთხვევაში თანხა მას უკან დაუბრუნდება.

"შესაძლებელია ტურისტი წავიდეს და აღარ დააბრუნოს ტრეკერი სერვისცენტრში, ამიტომ აუცილებელია ის იყოს დაზღვეული", - აღნიშნა ნინო გელაშვილმა.

მისივე თქმით, ეს სერვისი უზრუნველყოფს როგორც ტურისტის უსაფრთხოებას, ასევე 112-ისთვისაც არის მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდეს რეაგირება და ზუსტად გაიგზავნოს იმ კოორდინატებზე სამაშველო ჯგუფი, საიდანაც დაფიქსირდება სიგნალი.

"ტრეკერს აქვს კიდევ ერთი ფუნქცია, ტურისტს თვითონ შეუძლია მიუთითის რამდენ ხანში ერთხელ გაიგზავნოს შეტყობინება 112-ში, ეს იქნება 10 წუთი თუ ნახევარი საათი. პერმანენტულად ტურისტის ადგილმდებარეობის ამსახველი კოოდინატები 112-ში შევა. ეს აადვილებს იმას, რომ საჭიროების შემთხვევაში მარტივად მოხდეს დადგენა მთელი იმ მარშრუტისა, რაც გაიარა ტურისტმა. ეს ასახული იქნება 112-ის ბაზაში და მისი მოძიება მარტივად იქნება შესაძლებელი", - აღნიშნა ნინო გელაშვილმა.

ტრეკერის გამოყენება შესაძლებელი იქნება საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მიმავალი ტურისტებისათვის.

GPS ტრეკერს აქვს ციფრული კომპასის ფუნქცია, ასევე მისი საშუალებით შესაძლებელია მარშრუტის დაგეგმვა. აქვს Bluetooth-ის საშუალებით დაკავშირების ფუნქცია. ასევე სოციალურ ქსელებთან (Facebook, Twitter, Mapshare) ინტეგრაციის ფუნქცია.

GPS ტრეკერი რეზისტენტულია ექსტრემალური გარემო პირობებისადმი. მოწყობილობა არის წყალგამძლე, მტვერგამძლე და არ ზიანდება დავარდნის შემთხვევაში.

112-სა და GEOS-ს (გადაუდებელი დახმარების კოორდინაციის საერთაშორისო ცენტრი) შორის გაფორმებული მემორანდუმი, საშუალებას აძლევს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ ტურისტს დაუკავშირდეს 112-ს და მიიღოს შესაბამისი დახმარება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ფლობს საკუთარ GPS ტრეკერს.

რაც შეეხება აღნიშნული სერვისის დანერგვის აუცილებლობას, 112-ში აცხადებენ, რომ ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ტურისტები უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ, მათ დასახმარებლად კი სახელმწიფოს მხრიდან დიდი რესურსის გაწევა იყო საჭირო. "მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად და ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიქმნა აღნიშნული სერვისი, რომელიც საკმაოდ კომფორტულია", - აცხადებენ 112-ში.

თეა ბითაძე

იხილეთ ბმული

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია