"წინა წელთან შედარებით, შედეგები უკეთესია" - 26 000-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

"წინა წელთან შედარებით, შედეგები უკეთესია" - 26 000-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, 26 000-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა განაცხადა.

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოაქვეყნა.

მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, გამოცდებში მონაწილე 35 500 აბიტურიენტიდან სტუდენტი 26 000-ზე მეტი გახდა. 9000-ზე მეტი აბიტურიენტი კონკურსს გამოეთიშა და ჩარიცხვებში მონაწილეობა ვერ მიიღო.

მისივე თქმით, უმაღლეს სასწავლებლებში ბევრი ვაკანტური ადგილი დარჩა, რადგან საკონკურსო ადგილების რაოდენობა 45 000-ზე მეტი იყო, რაც აბიტურიენტების მაჩვენებელს აღემატებოდა.

"წინა წელთან შედარებით, შედეგები უკეთესია, რადგან შარშან აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ, დაახლოებით 12 000 იყო. წელს 215-მა აბიტურიენტმა კომპეტენციის ზღვარის გადალახვა მოახერხა, თუმცა მათთვის სასურველ ფაკულტეტზე ვერ ჩაირიცხნენ, შარშან ასეთი აბიტურიენტების რაოდენობა 698 იყო. გრანტი გაიცა 6000-ზე მეტ აბიტურიენტზე. თუმცა, ბუნებრივია, აქ არ იგულისხება ე.წ. უფასო ფაკულტეტები, სადაც სტუდენტების სწავლის საფასურს სახელმწიფო სრულად ფარავს. შარშანდელთან შედარებით, წელს სახელმწიფო გრანტი 100 აბიტურიენტით მეტმა ახალგაზრდამ მოიპოვა", - განმარტა მაია მიმინოშვილმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, საბოლოო შედეგებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც კომპეტენციის მინიმალური ზღვარის გადალახვას ახერხებენ, წლიდან წლამდე იზრდება.

"თუ ჩვენი მიზანია, ყველა აბიტურიენტი სტუდენტი გახდეს, ვფიქრობ ნელ-ნელა ამ მიზანს ვაღწევთ, რადგან იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც კომპეტენციის მინიმალური ზღვარის გადალახვას ახერხებენ და უმაღლეს სასწავლებლებში ირიცხებიან, წლიდან წლამდე იზრდება. მცირდება აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც კომპეტენციის მინიმალური ზღვარის გადალახვას ვერ ახერხებენ. თუ წინა წელს შევადარებთ, კმაყოფილი არ ვიყო, თუმცა არის თუ არა ეს ის შედეგი, რომელიც გვინდა ჩვენს ქვეყანაში გვქონდეს? – რა თქმა უნდა, უკეთესის მოლოდინში ვართ", - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს აბიტურიენტების შედეგები გამოაქვეყნა. პედაგოგთა სასერტიფიკაციო, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდის შედეგები უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია