პატრიარქი - თუ ადამიანს გააჩნია რწმენა, სურვილი, რომ ცხონდეს, ის ცხონდება

პატრიარქი - თუ ადამიანს გააჩნია რწმენა, სურვილი, რომ ცხონდეს, ის ცხონდება

თუ ადამიანს გააჩნია რწმენა, სურვილი, რომ ცხონდეს, ის ცხონდება, - ამის შესახებ სრულიად საქრათველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები ამბობენ - სასწაული რომ ეხილათ ირწმუნებდნენ. პატრიარქის თქმით, ჩვენ ყოველდღე ვხედავთ სასწაულს. ამავე დროს ჩვენ არ გვყოფნის ჩვენი გონება, სულიერება და ეს ყველაფერი ჩვენ ჩვეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია.

"ადამიანი ურთულესი ბუნებისაა. თავად ადამიანია უდიდესი სასწაული, რომელსაც ვერც ერთი მეცნიერი ვერ ხსნის. ადამიანი არის ის არსება, რომელიც შეიძლება ჩავიდეს ჯოჯოხეთში და ავიდეს ღმერთამდე. შეიძლება ცოდვილი იყოს, მაგრამ თავისი მოქმედებით შეიძლება ისე შეიცვალოს, რომ ანგელოზთა სწორი გახდეს", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა მაგალითად მოიყვანა წმინდა დედა მარიამ მეგვიპტელი და დასძინა, რომ ასეთი მრავალი სხვა წმინდანი არსებობს, რომლებიც ჩავარდნენ ცოდვაში, მაგრამ უფლის წყალობით ისეთ სულიერ სიმაღლეზე ავიდნენ, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ აღწევს.

"უფალმა იცის ჩვენ რაც გვჭირდება. ამიტომ დგება კითხვა, თუ კი იცის რატომ "ითხოვეთ და მოგეცეთ თქვენ?" საჭიროა ორივეს სურვილი, განცდა საკუთარ ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. ამიტომ ეს სწრაფვა უნდა იყოს ორმხრივი. ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს. ადამიანური და ღვთიური ენერგია უნდა შეერთდეს და გვაძლევს ჩვენ სასწაულებს", - აღნიშნა უწმინდესმა.

მისივე თქმით, საქართველოს უამრავი განსაცდელი გამოუვლია. პატრიარქის თქმით, თუ ადამიანს გააჩნია რწმენა, სურვილი, რომ აუცილებლად ცხონდეს, ის ცხონდება. თუ ადამიანს შეუძლია თავისი თავი გასწიროს მოყვასისათვის, ის ყოველთვის გამარჯვებული იქნება.

ამასთან, პატრიარქმა გაიხსენა 3-4 დღის წინ საპატრიარქოსთან მომხდარი ფაქტი, კერძოდ, უწმინდესის განცხადებით, საპატრიარქოს დაცვის ერთ-ერთმა წევრმა დაინახა მტკვარში როგორ გადავარდა ერთი გოგო. პატრიარქის თქმით, ეს ბიჭი არც დაფიქრებულა, გაიხადა ტანსაცმელი და თავადაც გადახტა მის გადასარჩენად. გადაცურა მტკვარი, გულწასულს ხელი მოკიდა, ნაპირზე გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ამ გმირობისათვის ახალგაზრდა დააჯილდოვეს. ამასთან, დასძინა, რომ ეს მაგალითი იმისთვის მოიყვანა, რომ ვისაც აქვს მტკიცე სურვილი გადარჩენისა შეძლებს გადარჩენას.

"ამიტომ, როდესაც განსაცდელი მოდის თქვენთან, არ შეგეშინდეთ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს ყველაზე ახლოს ჩვენთან უფალია. გახსოვთ წმინდა გიორგი სისხლისგან იცლებოდა და მას მოესმა ხმა უფლისა – "ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარ". ეს წყალობა მოგვცეს უფალმა და ყველაფერი კარგად იქნება", - აღნიშნა პატრიარქმა.

უწმინდესმა მიმართა მრევლს, ხშირად იკითხონ განსაცდელების დროს 90-ე და 50-ე ფსალმუნები.

"თითქოს ჩვენი ხელი უჭირავს უფალს და მივყავართ სასუფეველში. მადლობა უფალს ამისათვის", - განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესმა ასევე აღნიშნა, რომ 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულია და სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. 27 აგვისტოს, 18:00 საათზე ჩატარდება ლოცვა, 28 აგვისტოს, დილის 10:00 საათზე დაიწყება წირვა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია