"პატარა აფხაზეთი" გლდანში - თუ გული გულობს, ბაღ-ბოსტანი მრავალსართულიან კორპუსთანაც გაშენდება

"პატარა აფხაზეთი" გლდანში - თუ გული გულობს, ბაღ-ბოსტანი მრავალსართულიან კორპუსთანაც გაშენდება

გულნაზი თუთისანისა და უშანგი გიორგობიანის ოჯახი დღეს თბილისში, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში ცხოვრობს. ერთ დროს კი აფხაზეთში, ახალ კინდღში, უზარმაზარი სახლ-კარი ჰქონდათ და ნამდვილ წალკოტში იყვნენ.

მათი ბინა პირველ სართულზეა და ფანჯრების წინ, კორპუსის ორივე მხრიდან, მიწის პატარა ნაკვეთი დაამუშავეს. გულმოდგინე შრომამ ნაყოფი გამოიღო და დღეს იქ ბაღნარია. ხარობს როგორც ყინვაგამძლე, ფოთლოვანი, წიწვოვანი, ასევე ქოთნის ყვავილები (ბალბა, ბედნიერების ხე, აზალია, ვარდი, ბეგონია, გვიმრა, პატარძალა, კაქტუსი, ია, ხვიარები) და ეს ყველაფერი კორპუსში, იქ, სადაც ადამიანები ეზოების მოვლა-გალამაზებას დიდ ყურადღებას არ აქცევენ.

გიორგობიანებს შინ ვესტუმრეთ და მათი ეზო-კარის ხილვით ნასიამოვნები დავრჩით.

გულნაზი თუთისანი: - ეს მშვენიერი არსებები დიდ ენერგიას მაძლევენ. ყვავილებთან რომ ვფუსფუსებ, ყველაფერი მავიწყდება.

- უამრავი ქოთნის ყვავილი გაქვთ და თითოეული საუკეთესოდ არის მოვლილი...

- დიდ დროს ვუთმობ მცენარეებს, ყურადღებას არ ვაკლებ. მათ დეპრესიისგან მიხსნეს, თან ისეთი ხელი მაქვს, ქოთანში ყვავილი უკუღმა რომ ჩავრგო, წაღმა ამოდის და ხარობს. სათითაოდ ყველას ვეფერები, ველაპარაკები. შვილებივით მყავს. შვილიშვილები რომ მოდიან, ვეხვეწები, - ხელი არ მოჰკიდოთ, არ მოწყვიტოთ, ესენი ცოცხლები არიან, მათზე უნდა იზრუნოთ-მეთქი.

თავისუფალ დროს ჩემს მცენარეებს თავს დავტრიალებ.

კორპუსის უკან, ჩვენივე ფანჯრების წინ, პატარა მიწის ნაკვეთია და იქ ბოსტანი გავაშენეთ, ყველანაირი მწვანილი მომყავს, გუშინ კიტრიც კი დავკრიფე და ნესვის დამწიფებასაც ველოდები.

ქინძი, ოხრახუში, პიტნა, რეჰანი თუ ვინმეს სამეზობლოში სჭირდება, მომაკითხავს ხოლმე.

- საკვირველია, რომ ეს ყველაფერი 9-სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ხდება...

- როცა ბაღისა და ეზოს გაკეთება გადავწყვიტეთ, შემოვსაზღვრეთ და აივნის მოშენება დავიწყეთ, მეზობლებს არ მოეწონათ. ახლა კი უხარიათ, ასე მოვლილ ეზოსა და ბაღს რომ უყურებენ.

მეუბნებიან, ზემოდან რომ ვიყურებით, გვსიამოვნებსო. არიან ისეთებიც, რომლებსაც მაინც არ მოსწონთ. ცოტა ხნის წინ ერთმა მითხრა, მოარღვიე ღობე, ყვავილებიც მოაშორე და აქ მანქანები კარგად დაეტევაო.

საერთო საცხოვრებელში რომ ვცხოვრობდით, ყვავილებს იქაც ვუვლიდი. აქ რომ გადმოვედით, 90 ქოთანი ია მოვიტანე. ყველანაირი ფერისა და ჯიშის მქონდა და იმ წელს, ბედად, ისეთი ყინვები დაიჭირა, რომ ყველა გამიფუჭდა. ახლა ისევ მოვამრავლე...

ჩვენი კორპუსის უკან ტერიტორია სარეველასა და ნაგავს მიაქვს. არადა, ხელს თუ გაანძრევ და მიწას დაამუშავებ, იქაურობას წალკოტად აქცევ.

- ბევრს მოუბაძავს თქვენთვის და სახლის წინ რამდენიმე მოსახლეს ბაღი გაუშენებია.

- სხვებმაც მომბაძეს, გაალამაზეს და გააკოხტავეს. ახალი მეზობელი გადმოვიდა და მითხრა, ისე მომწონს თქვენი ეზო, ზუსტად ასე უნდა გავაკეთოო და მეც მივეხმარე. ჩემმა ქმარმაც დააკვალიანა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია