საავტომობილო ბიზნესი გაკოტრების ზღვარზეა

საავტომობილო ბიზნესი გაკოტრების ზღვარზეა

ავტომობილების ექსპორტი 50-70%-ით შემცირდა. მცირეა რეალიზაცია შიდა ბაზარზეც.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ავტოდილერების ნაწილი გამოსავალს მაღალი ძრავის მანქანების მაგივრად, 1,6-1,8 ძრავის მქონე ავტმობილების ჩანაცვლებაში ხედავს. ხოლო ისინი, ვინც ამ ხერხს უკვე მიმართა, ამბობენ, რომ მცირე მასშტაბის ქართულ ბაზარზე, მსგავსი ტიპის ცვლილებები, მძიმე ფინანსურ ვითარებას ვერ დაარეგულირებს. რამდენიმე ავტოდილერი ბიზნესის შეჩერებას აპირებს.

აზერბაიჯნაში ახალი ეკოლოგიური სტანდარტის, ევრო 4-ის ამოქმედებამ, სომხეთის საბაჟო კავშირში შესვლამ და სხვა რიგმა ცვლილებებმა ავტოდილერებს სერიოზული ფინანსური ზარალი მიაყენა. ამას ადასტურებს "საქსტატის" მონაცემებიც, რომლის მიხედვით, დადგინდა, რომ 2014 წლის 7 თვის მონაცემების მიხედვით, აზერბაიჯნაში 167 მილიონი დოლარის ავტომობილები გაიყვანეს, რაც 2013 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 26,7%-ით ნაკლებია.

ამ დროისთვის, საქართველოდან ავტომობილების ექსპორტის 50%-ზე მეტი აზერბაიჯანზე მოდის. რაც შეეხება სომხეთის ბაზარს, მას ავტომობილების საექსპორტო ჯგუფებში პირველი ადგილი უკავია.

ვითარებას კიდევ უფრო ართულებს, საქართველოში, 2015 წლის მარტიდან ტექდათვალიერების ამოქმედება და 2015 წლის 1-ელი იანვრიდან ავტოდაზღვევის ვალდებულება. შესაბამისად, ავტოდილერები ამბობენ, რომ ავტომობილებზე მოთხოვნამ იკლო და ექსპორტი 60-70%-ით შემცირდა, სახარბიელო მდგომარეობა არც შიდა ბაზარზეა.

ერთ-ერთი დაზარალებული კომპანია "ავტო-ტრეიდერია". "საავტომობილო ბაზარზე მიმდინარე პროცესებმა გამოიწვია ის, რომ ავტომობილების ექსპორტი განახევრებულია, აქედან გამომდინარე გაიაფდა ავტომანქანებიც. რაც აზერბაიჯანი დაიკეტა, მას მერე ავტომობილების ღირებულება, დაახლოებით, 40-50%-ით შემცირდა. ამ სფეროში ზარალი დიდია. ახლა თუ სომხეთიც შეწყვეტს ავტმობილების ექსპორტს, მაშინ გამოდის, რომ ჩვენს საექსპორტო კომპანიებს მუშაობა აღარ ექნება. ეს ბიზნესი კი მოკვდება," - განაცხადა კომპანია "ავტო-ტრეიდერის" დირექტორმა კახაბერ ბაკურაძემ და დასძინა, რომ ქართული ბაზარი ძალიან მცირეა. აქედან გამომდინარე ბევრი კომპანია შეწყვეტს მუშაობას.

"ალბათ ჩვენც ცოტა ხანში გავჩერდებით. თუ სხვა ბაზარი არ გაიხსნა. ეს ბიზნესი საქართველოში აღარ იქნება," - აღნიშნა ბაკურაძემ.

ოფიციალური მონაცემებით 2013 წელს საქართველოდან 703,9 მილიონი დოლარის მსუბუქი ავტომობილი გაიყვანეს, საიდანაც ნახევარზე მეტი, დაახლოებით 380 მილიონი დოლარის, აზერბაიჯანშია ექსპორტირებული. რაც შეეხება 2014 წლის მონაცემებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 581 ერთეულით, ანუ 6,5 მილიონი დოლარით (24%-ით) იკლო მეზობელ ქვეყანაში რეექსპორტირებულ ავტომანქანათა ღირებულებამ და 20,4 მილიონი დოლარი შეადგინა.

ავტოდილერები რეალიზაციის კიდევ უფრო კლებას პროგნოზირებენ. "თუ ამ სახის შეზღუდვები დაწესდება, საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი კიდევ უფრო შემცირდება. დღესდღეობით ქართული ბაზარი ძირითადად სომხებზეა მორგებული. გვყავს სამომხმარებლო მანქანები, რომლებიც უფრო მეტად სომხებისთვის არის განსაზღვრული და არა ქართველებისთვის. ეს ავტომობილები აღარ შემოვა, ასეთი მანქანების რიცხვი კი ძალიან დიდია. ზარალიც შესაბამისი იქნება", - აღნიშნა Mycar.ge-ს გაყიდვების მენეჯერმა გიორგი დვალმა.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია