რას პასუხობს მამა ანთიმოზი მათ, ვინც სამღვდელოებას ჯიპების გამო აკრიტიკებს

რას პასუხობს მამა ანთიმოზი მათ, ვინც სამღვდელოებას ჯიპების გამო აკრიტიკებს

არქიმანდრიტი ანთიმოზი, ერისკაცობაში თამაზ ბიჩინაშვილი, რამდენჯერმე პრესის ფურცლებზე სკანდალური განცხადებების გამო მოხვდა. ის იმ ცნობილი მღვდლების რიცხვშია, რომელთა წინააღმდეგაც გვერდები კეთდება. თავადაც აქტიურია ''ფეისბუქზე''. დღეს არქიმანდრიტს მანქანებზე, საგზაო წესებზე ვესაუბრეთ, თუმცა სოციალურ ქსელში საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბარსაც ვერ ავცდით.

- 52 წლის ვარ და 18 წლიდან საჭესთან ვზივარ. მანქანის მართვა ჩემმა ძმამ, აწ გარდაცვლილმა გრიგოლმა მასწავლა. გრიშა აფხაზეთის ომში დაიღუპა. 22 წლის იყო, პირველად საჭესთან რომ დამსვა, მე 18 წლის ვიყავი. კარგი მოსწავლე აღმოვჩნდი. ''011'' ჰყავდა, მის მანქანაზე ვისწავლე მართვა. მალე მამაჩემმა გრიშას ''06'' უყიდა და მისი მანქანა მე დამრჩა.

- მაშინ მართვის მოწმობის აღება არ იყო რთული, ფაქტობრივად იყიდებოდა...

- ჰო, ასე იყო, მაგრამ მე პატიოსნად ვიარე ერთი თვე და ვისწავლე პრაქტიკაც და თეორიაც. პირველ ხანებში ავტოსაგზაო შემთხვევებსაც ვერ ავცდი. ერთი-ორი მძიმე ავარიაც მომიხდა. მადლობა ღმერთს, გადავრჩით. მაშინ შავი ''24'' მყავდა. გორისკენ მივდიოდი, ხიდზე უნდა გადავსულიყავით, ქვიშის გორა იდგა ხიდზე. დიდი სიჩქარით მივდიოდი და გვიან დავინახე. შემხვედრი მანქანისთვისაც უნდა ამეცილებინა და ამივარდა მანქანა ამ ქვიშის გორაზე. 100 მეტრიდან დავვარდით. მანქანა ბევრჯერ ამოტრალდა. საოცრად გადავრჩით. მაშინ ერისკაცი ვიყავი, დაახლოებით 28 წლის. გააჩერა ხალხმა მანქანები და ამოგვიყვანეს. სამშობიარო ყოფილა ყველაზე ახლოს (იცინის) და ეს სამი დაბეჟილი ახალგაზრდა ბიჭი სამშობიაროში მოგვათავსეს, გამაყუჩებლები გაგვიკეთეს. მერე მშობლებმაც ჩამოგვაკითხეს, ის მანქანა გადასაგდები გახდა.

- მალევე მიუჯექით საჭეს ავარიის მერე?

- კი, მაგრამ შიში მაინც მქონდა. მანამდე ძალიან სწრაფად დავდიოდი, ავარიის შემდეგ სიჩქარეს მოვუკელი. მერე თეთრი ''07'' ვიყიდე. მაშინ ''წითელ ხიდზე'' საბაჟოზე ვმუშაობდი. მამაჩემიც შეძლებული იყო, მშენებელი ინჟინერი გახლდათ. 60 სკოლა აქვს თბილისში აშენებული.

- ნასვამი მჯდარხართ საჭესთან?

- ძალიან ბევრჯერ. თუმცა ეს არასდროს გამხდარა ავარიის მიზეზი.

- მამაო, ხშირად გაკრიტიკებენ, ჯიპიან მამაოს გეძახიან...

- ჰო, სისულელეებს წერენ. ძვირად ღირებული ჯიპი ჰყავდაო, მერე ვიღაცას აჩუქაო, ასეთი ძვირად ღირებული მანქანით არ უნდა დადიოდეს მღვდელიო. არც ვიცი, რა მანქანაზე ლაპარაკობენ. დავით გარეჯაში რომ ვიყავი, მონასტრის მანქანით ვმოძრაობდი. თვეში ერთი დღე თუ ჩამოვიდოდი თბილისში. მონასტერში ჯერ ''ნივა'' გვყავდა და მერე ჯიპი. თბილისში რომ გადმოვედი, ორი თვე ფეხით დავდიოდი. ჩემი ფეხით სიარული არ შეიძლება, პრობლემა მაქვს ფეხებზე, მალე ვიღლები. ბანკიდან სესხი ავიღე და ''მერსედესი'' შევიძინე. ვისაც არ სჯერა ჩემი სესხის ამბავი, ადვილია ამის გადამოწმება. თვეში 120 დოლარს ვიხდიდი 2 წლის განმავლობაში. მთლიანად 3900 დოლარი დამიჯდა. მერე გამიფუჭდა, მარცხენა ''გიტარა'' გამიტყდა. ''მერსედესის'' ცენტრში მივიყვანე. მითხრეს, ძალიან ძვირია აქ ყველაფერი, ვერ გაგიკეთებთო. ავდექი და ''მერსედესის'' ცენტრს ვაჩუქე ეს მანქანა.

- რატომ?

- არ ვიცი, მეწყინა, გავბრაზდი და ვაჩუქე. მეორე დღეს პასპორტიც მივუტანე, გაოცდნენ, რა უნდა ამ მამაოს, რას გვერჩისო. არაფერს გერჩით, გაჩუქეთ-მეთქი, ვუთხარი. მეორე დღეს დამირეკეს, კლიენტი გამოჩნდა, გადაუფორმე და ბავშვთა ფონდში გადავრიცხავთ თანხას, ჩვენ ამ საჩუქარს ვერ მივიღებთო. გადავუფორმე. მერე ცოტა ხანს მეგობრის მანქანით დავდიოდი, შემდეგ ''მერსედესი'' მაჩუქეს და დღემდე ამით დავდივარ.

- ვინ გაჩუქათ?

- მაგას ვერ გეტყვით, ამის თქმა არ შეიძლება. მარცხენასაჭიანია, კიდევ კარგი, თორემ დამღალა მარჯვენასაჭიანმა მანქანამ. 15 წლის ''მერსედესია''. ეტყობა, ჩემი მანქანა რომ გავაჩუქე, უფალმა საჩუქარი იმ ადამიანის ხელით გამომიგზავნა.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია