"ნარინჯისფერი" ქაოსი ანაკლიაში

"ნარინჯისფერი" ქაოსი ანაკლიაში

"კაზანტიპის" "ნარინჯისფერი რესპუბლიკა" ანაკლიაში შეჩერდა. ამბობენ, კაზანტიპელები ბევრი რამით არიან უკმაყოფილო და აცხადებენ, რომ ასეთი ფესტივალი არ ახსოვთ - ცოტა ხალხი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, სიძვირე და რაც მთავარია - "კაზანტიპში", მართალია, თიხის ფეხებით, მაგრამ მორალი "დაძრწის" და ცდილობს, "ნარინჯისფერი რესპუბლიკის" ცხოვრება შეცვალოს. მიუხედავად იმისა, რომ კარვებზე წარწერა - "ცხოვრება ტრუსების გარეშე" კარგად გამოხატავს "კაზანტიპის" იდეოლოგიას, "ნარინჯისფერების" სამყაროში იკრძალება პლაჟზე შიშვლად ტანტალი, ან სულაც ცურვა საცვლების გარეშე. ასევე მიუღებელია სქესობრივი კავშირი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. უკვე მრავლად არის ფაქტები, როდესაც სლავი ლამაზმანები დაცვის პოლიციის გაფრთხილებას - არ გაიხადონ საცვალი! - გამომწვევი ჟესტით პასუხობენ და მათ წინაშე ჯიუტად შიშვლდებიან. სამართალდამცველებს ხშირად კრიმინალური პოლიციის დახმარებაც სჭირდებათ, რათა მაგალითად, ზღვაში ან პლაჟზე სექსი აღკვეთონ. მოკლედ, "ნარინჯისფერი რესპუბლიკის" მკვიდრთ ქართული სახელმწიფო თავისი კანონებით ცხოვრებას აიძულებს.

თავის დროზე "კაზანტიპის" საქართველოში ჩატარების შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აწ უკვე ყოფილმა უფროსმა გიორგი სიგუამ გვამცნო.  ამტკიცებდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია, უკრაინელი ტურისტების რაოდენობა 100%-ით გაიზარდოსო. ახლა აღარც სიგუაა ძველ თანამდებობაზე (ამბობენ, რომ სწორედ "კაზანტიპის" ჩატარების იდეამ შეიწირა) და საქართველოს გამდიდრების პერსპექტივაც უტოპიური ჩანს. მაგალითისთვის მენიუს ფასებიც კმარა: ერთი ხინკალი 2 ლარი ღირს, შოთის პური - 3 ლარი. ნახევარლიტრიანი ბოთლით წყალი - 4, ლუდი კი 5 ლარი ღირს, ნახევარლიტრიანი "კოკა-კოლა" - 5 ლარი, ენერგეტიკული სასმელი - 6 ლარი, სხვადასხვა სახის კოქტეილი კი - 20 ლარი.

საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რაც "კაზანტიპის" სახელით ანაკლიაში ხდება, "მუსიკალურ ფესტივალს" ამოფარებული ამორალობა და უგემოვნობაა. მოკლედ, დღეს აქტუალურია კითხვა - ვის რაში სჭირდებოდა "ნარინჯისფერი" ქაოსი ანაკლიაში?

ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი: - "კაზანტიპს" შეგიძლია ყველაფერი დაარქვა: ფესტივალიც, სურვილების გამოხატვაც, გამოფენაც, მაგრამ მთავარია, რას ემსახურება იგი. "კაზანტიპი" არ არის  მოვლენა, რომელიც მხოლოდ სადღაც ანაკლიაში იმართება. სამწუხაროდ, ის არის ტენდენციის ნაწილი, რომლის მიზანია გარყვნილების პროპაგანდა, საზოგადოებისთვის ამორალურობის თავს მოხვევა და ნელ-ნელა მიჩვევა. ეს დიდი ხანია დაიწყო. ანაკლიაში რომ არ წავიდეთ, აქვე, საპატრიარქოსა და სიონის გვერდით ვხედავთ "შანგრილასა" და სტრიპტიზბარებს, სადაც გარყვნილება და ნარკოტიკებით გაბრუება ჩვეულებრივი ამბავია.

ეს არის მცდელობა, ერმა იცვალოს სახე, დაკარგოს თვითმყოფადობა, ღირსება, თავმოყვარეობა, რადგან გაცილებით იოლად სამართავია ნარკოტიკსა თუ გარყვნილებას მიჩვეული ადამიანი.

ყველაფერი იმისათვის ხდება, რომ დაიბინდოს ადამიანთა გონება და გაიოლდეს მათი მართვა. ყველამ ვიცით, რომ თბილისის ყველა დისკოკლუბსა თუ ბარში ნარკოტიკები იყიდება. თითქოს ერთი მხრივ აკრძალულია ნარკოტიკის გაყიდვა, მეორე მხრივ კი ყველამ იცის, რაც ხდება. სად არიან ამ დროს სამართალდამცველები? სამწუხაროდ, ქვეყანაში ყველაფერი მოიშალა და ჩემი აზრით, მოიშალა მიზანმიმართულად.

- საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ "კაზანტიპის" საქართველოს ტერიტორიაზე დაშვება პროგრესული მოვლენაა.

- რა არის პროგრესი, ნარკოტიკების მოხმარება, სიშიშვლის დემონსტრირება? სიშიშვლე სამედიცინო ენაზე დაავადებას ნიშნავს. პროგრესი კი არა, ეს არის დეგრადირება და ფსიქიკის ნგრევა.

- ხელისუფლებამ მკაცრი კონტროლი დააწესა ანაკლიაში. იკრძალება სიშიშვლე, სახალხოდ სქესობრივი ურთიერთობა...

- თუ ამას კრძალავდნენ, მაშ ეს "კაზანტიპი" რატომ გამართეს? იმისათვის, რომ ასეთი აკრძალვებით ჩვენი სამართალდამცავები საერთაშორისო მასშტაბით დასაცინი გამხდარიყვნენ? რა, არ იცოდა ხელისუფლებამ, რას ნიშნავდა "კაზანტიპი"?!

- თქვენ რა საფრთხეებს ხედავთ "კაზანტიპში"?

- როდესაც საზოგადოება, განსაკუთრებით მისი ის ნაწილი, რომელსაც შედარებით სუსტი ფსიქიკა აქვს, ხედავს, რომ რაღაც არ არის აკრძალული და მიუღებელი სახელმწიფო პოლიტიკისთვის, იწყებს ღირებულებათა გადაფასებას, ინგრევა ზნეობა. ამიტომაც ანაკლიაში ვინმე მეძავს აუკრძალავ თუ არა გაშიშვლებას, ამას პრინციპული მნიშვნელობა აღარ აქვს. ან რას ნიშნავს ეს აკრძალვა - "კაზანტიპი" ერთდროულად მისაღებიც არის და მიუღებელიც? ამ ტიპის ღონისძიებაა, ამ ტიპის გართობაა და როგორ არ გაიხდიან? ასეთი მოწოდებები აბსურდია, ახლა ვეღარაფერს აკრძალავ. ყველას ხომ ვერ გაეკიდება პოლიცია? ან რატომ უნდა გაეკიდოს?

განათლებული და გონიერი ადამიანი თავიდანვე არ გასცემს იმის ნებართვას, რაც მერე ასაკრძალი გაუხდება. 

- "კაზანტიპი" ეკონომიკური თვალსაზრისითაც შეირჩაო, ამბობენ... ანაკლიელები გადარჩენის წყაროდ მიიჩნევდნენ ამ ფესტივალს - ბანკებიდან კრედიტებიც კი გამოვიტანეთ ინფრასტრუქტურის მოსაწყობადო...

- როდესაც ადამიანი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა და დამშეულია, მაშინ უჩნდება ასეთი მიდრეკილებები. უჭირს ღირებულებების და ფასეულობების შენარჩუნება და ფიქრობს გადარჩენაზე. ეს არის დამშეული საზოგადოების თვისება. "კაზანტიპი" არის ერთი ფრაგმენტი იმისა, რაც 20 წელზე მეტია, ჩვენს ქვეყანაში ხდება, ანუ მას შემდეგ, რაც თითქოს ქვეყანა თავისუფალი გახდა. თავისუფლება არ ნიშნავს გარყვნილებას და ამორალობას. ეს სხვა კატეგორიის მოვლენაა, თავის ფლობაა და არა - აღვირახსნილობა. თავისუფლება ის არის, როცა თავის კონტროლი, ზნეობრივი კატეგორიების პროპაგანდა და უკეთ განვითარება შეგიძლია და არა - დეგრადირება. ჩვენმა საზოგადოებამ ეს პირიქით აღიქვა, თითქოს ქვეყნის გათავისუფლებით დეგრადირების უფლება მოვიპოვეთ. როდესაც მსოფლიო წინ მიდის, ჩვენ უკან, სიბნელისკენ მივექანებით. ამის დამამუხრუჭებელი უნდა იყოს ხელისუფლება, რომელიც რატომღაც კი არ ეწინააღმდეგება ასეთ პროცესებს, ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია