დედა ღვთისა და მთელი კაცობრიობისა

დედა ღვთისა და მთელი კაცობრიობისა

"აურაცხელ არიან სიმრავლენი ცოდვათა ჩემთანი. შენდა მოვილტვი, ქალწულო უბიწოო, და ვითხოვ ცხონებასა, მოხედენ უძლურებასა ზედა სულისა ჩემისასა, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა მოტევებად ურიცხვთა მათ ბრალთა ჩემთა, მხოლოო კურთხეულო", - ამ სიტყვებით მივმართავთ ქრისტიანები ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დედასა და დედოფალს, ჩვენს სანატრელ მფარველსა და მეოხს წინაშე ღვთისა. სწორედ ღვთისმშობელია ჩვენი შუამდგომელი ღვთისა მიმართ. ადამიანი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და დაუტევნელი დაიტია. მის სიწმინდესა და უბიწოებას უგალობს მთელი ეკლესია, მთელი სამყარო. "შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, ანგელოზთა კრებული და კაცთა ნათესავი. ტაძარო სიწმინდისაო, სამოთხეო პირმეტყველო, ქალწულებისა სიქადულო, რომლისაგან ქრისტე განხორციელდა და ყრმა იშვა უწინარეს საუკუნეთა ღმერთი, რომელმან საშო შენი საყდრად მაღლისა გამოაჩინა და მუცელი შენი ცათა უვრცელეს ჰყო. შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული. დიდება შენდა".

ახალი სტილით 28 აგვისტოს მართლმადიდებლები ღვთისმშობლის მიძინებას ვდღესასწაულობთ, დღეს, როცა ქალწული მარიამი თავისი ძის წინაშე წარსდგა და როდესაც კაცობრიობამ მისი სახით უდიდესი მეოხი და მფარველი - დედა შეიძინა, შუამდგომელი და შემწე ცხონების გზაზე. ეს დღე სანატრელია ყოველი მორწმუნისათვის. ამიტომაც მის შესახვედრად განსაკუთრებულად მძიმე მარხვით ვემზადებით. ვულოცავთ მკითხველს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და იმისთვის, რომ კარგად გავიაზროთ ღვთისმშობლის როლი და მისადმი უფრო დიდი სასოება აღგვეძრას, შევეცდებით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ქალწულ მარიამის ღვაწლი, მისია, მნიშვნელობა, სითბო და სიყვარული ჩვენდამი ანუ თავისი შვილებისადმი.

ჩვენი სტუმარია ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

- მამაო, როგორი იყო ღვთისმშობლის მისია და მოვალეობა კაცობრიობის წინაშე?

- თითოეულმა ქრისტიანმა კარგად იცის, თუ რისთვის მოვიდა უფალი ამ ქვეყანაზე, რისთვის განკაცდა, ევნო და დაეფლა. ასე კაცობრიობის გადასარჩენად, ადამიანთა ჯოჯოხეთის ტყვეობიდან გამოსახსნელად მოიქცა, რადგან ცნობილია, სანამ უფალი განკაცდებოდა, სასუფევლის კარი განიხვნებოდა და მასში პირველად ავაზაკი შევიდოდა, ყოველი ადამიანი - მართლები, თვით წინასწარმეტყველებიც კი, ჯოჯოხეთში მიდიოდნენ, ქრისტეს ჯვარცმამდე სასუფეველი კაცობრიობისათვის დაკეტილი იყო. ჩვენ გვაქვს სწავლება, რომ ჯოჯოხეთში ისინი არ იტანჯებოდნენ, არამედ იყვნენ მოლოდინის მდგომარეობაში. თუმცა ყველამ იცის, რომ არც ლოდინია ადვილი, მით უმეტეს მაშინ, როცა ჯოჯოხეთში ხარ. ჯოჯოხეთში ტანჯვაა, უპირველეს ყოვლისა, იმ გაგებით, რომ იქ ადამიანები უფალს არიან მოშორებულნი. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, თვით ჯოჯოხეთის საშინელი ტკივილებიც კი არაფერია იმასთან შედარებით, რომ უფალი ადამიანისგან პირს მიიბრუნებს, რომ პიროვნება ღმერთთან არ იქნება. ჯვარცმამდე ყოველი კაცი ასეთ მდგომარეობაში იყო. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რატომ არ განკაცდა უფალი უფრო ადრე? რა მოხდებოდა, უფრო ადრე რომ მოსულიყო, ადამიანები ადრევე ყოფილიყვნენ ჯოჯოხეთიდან გამოხსნილნი, ხოლო მართალნი სასუფეველში ჯოჯოხეთის გაუვლელად შესულიყვნენ? სწორედ აქ მივადგებით იმ დიდებულ პიროვნებას, რომელსაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჰქვია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ერთი ბუნება და ყველანი მოვდივართ ადამიდან, პიროვნულად აბსოლუტურად განსხვავებული, დამოუკიდებელი, ინდივიდუალური სუბიექტები ვართ. ყოველი პიროვნება განუმეორებელია. არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი. თითოეული მათგანი ცალკე სამყაროა და ღვთისგანაც განსაკუთრებულ, ინდივიდუალურ ყურადღებას იმსახურებს. აქედან: ყოველ ადამიანს გარკვეული მისია ეკისრება ამ ქვეყანაზე. ზოგს - ისტორიული მნიშვნელობის, ზოგს - ნაკლები. თუმცა არსებობს ერთი მისია, რომელიც ყველას საერთო გვაქვს და ის აღემატება ნებისმიერ ისტორიულ მნიშვნელობას. ეს არის ცხონების მისია. ადამიანი მოვალეა, უბრალო, თითქოსდა ზოოლოგიური არსებიდან ღმერთად იქცეს, პატარა ღმერთად, თუმცა ცხოვრების წესით უფლისკენ მარადიულად მსწრაფი და ღვთაებრივი ნეტარებით მაცხოვრებელი უნდა იყოს. ეს არის ზემისია. მაგრამ არსებობს ამქვეყნიური მისიაც, როცა ამა თუ იმ ადამიანს გარკვეული როლის შესრულება ეკისრება ამ ქვეყანაზე. ცხადია, აქ იგულისხმება არა რეგიონული, პოლიტიკური წარმატების მისია, არამედ მისია კაცობრიობის წინაშე სულის ხსნისა, ღმერთთან დაახლოებისა. უნიკალურია დედა ღვთისმშობელი და ასევე უნიკალურია მისი მისიაც. ზოგადად, რაც უფრო დიდია მისია, მეტია ადამიანის პასუხისმგებლობაც. ძალიან დიდია ქრისტიანის მისია არაქრისტიანის მისიასთან შედარებით, შესაბამისად, დიდია პასუხისმგებლობაც, რადგან ყოველი ქრისტიანი უნდა იყოს მარილი ამა სოფლისა და ნათელი ამა სოფლისა. მაგრამ გაცილებით დიდია მღვდლის მისია, რომელსაც ევალება იყოს ქრისტეს ხატი და გააგრძელოს ადამიანად მოსული ღმერთის მიერ დაწყებული საქმე. ცხადია, მას ამისთვის ენიჭება მადლი სულისა წმიდისა, ნიჭი სამღვდელო მსახურებისა, მაგრამ აქ არ გამოირიცხება ადამიანის პირადი ღვაწლიც. უფალი არასდროს აკეთებს ადამიანის გასაკეთებელს და როცა ჩვენი რესურსი სრულიად ამოიწურება, მხოლოდ მაშინ გვეხმარება. აქედან გამომდინარე, წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდია მისია და პასუხისმგებლობა მღვდლისა. ეპისკოპოსს აბარია არა ერთი სამრევლო, არამედ მთელი ეპარქია და თუ იქ ვინმე დაიღუპება ეპისკოპოსის გულგრილობის გამო, ვაი მას. სულ სხვა არის პასუხისმგებლობა პატრიარქისა, რომელსაც მთელი ერი აბარია. ეს არის უმძიმესი ტვირთი. რაც უფრო იზრდება თანამდებობა (ეს სიტყვა შემთხვევით არ მიხსენებია, რადგან თანამდები მოვალეს ნიშნავს. თითოეული ადამიანი მოვალეა ღვთისა და ერის წინაშე და მოვალეა, შეასრულოს თავისი მისია, მოიხადოს ვალი), იზრდება პასუხისმგებლობაც. ახლა წარმოიდგინეთ ღვთისმშობლის ვალი და მისია. თუ ვინმემ სილამაზე ან ნიჭი შეგვიქო, აღარ ვიცით, როგორ აღვფრთოვანდეთ საკუთარი თავით. დამღუპველად მოქმედებს ქება. ამიტომაც გვირჩევენ მამები, როცა გაქებენ, გაექეცითო. ნებისმიერი ნიჭი უდიდესი პასუხისმგებლობა და ღვთით ბოძებული მადლია. რაც დიდია ნიჭი და თანამდებობა, მით მეტია საშიშროება ამპარტავნებისა, ხიბლისა.

წაიკითხეთ მეტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია