საშიში ხელოვნური ტბა ავლაბარში, რომელშიც ბავშვები ვარდებიან და ქვეწარმავლებით სავსეა (+10 ფოტო)

საშიში ხელოვნური ტბა ავლაბარში, რომელშიც ბავშვები ვარდებიან და ქვეწარმავლებით სავსეა (+10 ფოტო)

ექვსი წლის გოგონას ფეხი დაუცურდა და დაგუბებულ წყალში ჩავარდა, პატარა ძმამ დაინახა და დახმარებას ითხოვდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ დროულად მიუსწრო და გადაარჩინა - ეს ამბავი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ბედნიერად დასრულდა, ავლაბარში, მიტოვებული მშენებლობის ადგილას წარმოქმნილ ხელოვნურ ტბასთან რამდენიმე დღის წინ მოხდა.

უკვე 6 წელია, რაც გუთნისა და ფოსტის ქუჩების კუთხეში მშენებლობისთვის გაჭრილი საძირკველი წყლით არის სავსე და საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე გვერდით მდებარე უსინათლოთა სკოლა-პანსიონატის აღსაზრდელებს. წყლის სიღრმე დაახლოებით 10 მეტრია. ხელოვნური ტბა ნაგვით არის სავსე და ირგვლივ საშინელი სუნი დგას. ღობე რამდენიმე ადგილას არის დაზიანებული. ადგილობრივები მწერების და ქვეწარმავლების სიმრავლეზეც საუბრობენ. მწერებისა და დაავადებების გავრცელების შიშით ეზოში გასვლა შეზღუდული აქვთ უსინათლოთა სკოლა-პანსიონატის აღსაზრდელებს.

"2010 წლიდან ვარ ამ სკოლის დირექტორი. სულ ასეთი სიტუაციაა. 2011-12 წლებში გამგეობას მივმართე, იყვნენ მოსულები, სახანძრო მანქანებით ამოტუმბეს წყალი, მაგრამ ერთ კვირაში ისევ ამოივსო. ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართის ასაშენებლად გაჭრეს საძირკველი, აღმოჩნდა რომ წყალი იყო და მას შემდეგ მიტოვებულია. აღნიშნული სიტუაცია საფრთხეს უქმნის სკოლას, არის ლეიშმანიოზის საშიშროება. საღამოს ეზოში ვერ გაივლით, ისეთი ამბავია. ეს მხედველისთვის არის შემაწუხებელი და უსინათლოსთვის მით უმეტეს. ყველა გზას მივმართეთ, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი ძველებურად არის", - ამბობს სკოლის დირქტორი ხათუნა ჯალაღონია. მისივე თქმით, განსაკუთრებულ საფრთხეს მორღვეული ღობე წარმოადგენს, რადგან ე.წ. ხელოვნურ ტბასთან ბავშვები ხშირად მიდიან და წყალში ჩავარდნის შემთხვევებიც არის.

ღობემორღვეულ ტერიტორიაზე დაგუბებულ წყალში ბავშვის ჩავარდნის ფაქტი რომ პირველი არ არის, ამას ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუატატიც ადასტურებს. ილია ჯიშკარიანი იხსენებს, რომ ზამთარში წყალი გაიყინა და ბავშვები ყინულზე სრიალებდნენ, როდესაც ერთ-ერთს ყინული ჩაუტყდა. ის გამვლელებმა გადაარჩინეს. ჯიშკარიანის თქმით, ხელოვნურ ტბაში ჩავარდნის ხუთი შემთხვევაა დაფიქსირებული.

ავლაბარში არსებული ე.წ. ხელოვნური ტბის პრობლემა უკვე ცნობილია თბილისის ახალი მთავრობისთვის. ისნის რაიონის გამგებლის, ვახტანგ ქიზიყურაშვილის ინფორმაციით, ის აღნიშნული ტერიტორიის მეპატრონეებს შეხვდა და მათგან სამშენებლო სამუშაოების დაწყების პირობაც მიიღო.

"საკმაოდ მწვავეა ეს პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ 20 დღეა რაც გამგებელი ვარ, კარგად ვიცნობ ამ პრობლემას, შუა ავლაბარში ხელოვნური ტბა გვაქვს. ეს ტერიტორია ეკუთვნოდა "არსი ავლაბარს", მერე გადაეცა "რეალთი ავლაბარს", დირექტორი ალექსანდრე გოცირიძეა, მე მას შევხვდი. სიტყვიერი შეთანხმება გვქონდა ასეთი, რომ ერთ თვეში უნდა დაეწყო მშენებლობა, მანამდე დროებითი ღობეები უნდა გამოცვლილიყო და მომხდარიყო შეწამვლა, მწერებით და ქვეწარმავლებით არის აქაურობა სავსე. როგორც ინფორმაცია მაქვს ტერიტორიის შეწამვლა მოხდა. ღობეების გამოცვლა ჯერ არ დაწყებულა",- ამბობს გამგებელი.

შეასრულებს თუ არა გამგებლისთვის მიცემულ პირობას "რეალთი ავლაბარი", უცნობია. Ambebi.ge შეეცადა კომპანიის წარმომადგენლის კომენტარი ჩაეწერა, თუმცა მათთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. კომპანიის მეპატრონეს ტელეფონის მუდმივად გამორთული აქვს, ელექტრონულ ფოსტით გაგზავნილ წერილზე კი Ambebi.ge-ს პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

იმ შემთხვევაში, თუ წყლის ამოტუმბვა და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში არ დაიწყება, ისნის მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის თქმით, საკითხით თბილისის საკრებულო დაინტერესდება. გამორიცხული არ არის, კომპანიას საჯარიმო სანქციებიც დაეკისროს.

ნათია ლეშკაშელი, Ambebi.ge

იხილეთ სიუჟეტი PalitraTV.ge-ზე

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია