გინეკოლოგი, რომელსაც ქალებთან და პაციენტებთან სხვადასხვა მიდგომა აქვს

 გინეკოლოგი, რომელსაც ქალებთან და პაციენტებთან სხვადასხვა მიდგომა აქვს

თუ ჩემი რესპონდენტის ფოტოს უკვე დახედეთ, არ გეგონოთ, რომელიმე უცხოელ კინოვარსკვლავთან ინტერვიუს გთავაზობთ. ეს მამაკაცი ქართველია; ამას წინათ "ფეისბუკზე" ჩემს მეგობრებში სრულიად შემთხვევით გადავაწყდი და ჯერ ესპანელი მეგონა, მაგრამ მერე დავადგინე - ეს ფოტო ქართველს ეკუთვნოდა. აღმოჩნდა, რომ თურქეთში მცხოვრები, საკმაოდ წარმატებული ექიმია. საქართველოში გინეკოლოგად მუშაობდა, იყო კერძო კლინიკის დამფუძნებელი, დიზაინერობაც სცადა და სოფლის მეურნეობაშიც მოსინჯა ძალები... მაშ, ასე, გაიცანით - არჩილ გოგოლაური, 41 წლის, წარმოშობით - ფშავიდან, პროფესიით მეან-გინეკოლოგი და პერინათოლოგი (პერინათოლოგია - ნაყოფის მედიცინა). ბატონ არჩილთან ინტერვიუ 26 ივნისს, "სკაიპით" ჩავწერე.

- 61-ე სკოლა დავამთავრე, დოლიძეზე, შემდეგ - სამედიცინო უნივერსიტეტი. ორდინატურა მეორე სამშობიარო სახლში გავიარე და იქვე დავრჩი. მუშაობა რომ დავიწყე, 5 წელი თბილისიდან არ გავსულვარ, არ დამისვენია, 12 მორიგეობა მქონდა თვეში. ძალიან ბევრს ვმუშაობდი. დღისით დიაგნოსტიკური კაბინეტის ხელმძღვანელი ვიყავი, ღამით ვმორიგეობდი. კლინიკური ორდინატურა კამოზე, მეორე სამშობიაროში გავიარე, ფანტასტიკურ ხალხთან - მამულო იაშვილთან, ნოდარ გომელაურთან, გივი ცანავასთან. მათი გაზრდილი ვარ. ვაკის ლეჩკომბინატში რომ სამშობიარო სახლი "ჰერა" იყო, გემახსოვრებათ. მისი დამფუძნებელი ვარ. ცოტა ხანს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული საავადმყოფის დირექტორის მოადგილე ვიყავი სამკურნალო დარგში ანუ - მთავარი ექიმი. იქ რაღაც მოხდა, სამი ექიმი დაიჭირეს და მაგ ამბის მერე მივედი. ცოტა ხანს სიტუაციის დალაგებას მოვუნდი, მერე წამოვედი. ახლა ძირითადად აქეთ ვარ, სტამბოლში. ბოლო ორ წელიწადში შვიდჯერ ვიყავი ორთვიან ჰოსპიტაციებზე, გერმანიაში, კლინიკის მიწვევით.

- თურქეთში როგორ მოხვდით?

- პირველად 2000 წელს, ბადრი პატარკაციშვილმა გამომიშვა საქმეზე და ძალიან მომეწონა. მაშინვე შემიყვარდა სტამბოლი. მერე, 10 წლის წინ ოჯახი დამენგრა. ჩემი ყოფილი მეუღლეც გინეკოლოგია, ჩემთან დავტოვე, ჩემს კლინიკაში და მე აქეთ წამოვედი. სიმართლე ესაა.

- ბადრის საიდან იცნობდით?

- ბადრი გამაცნო ინა რუხაძემ - "ვით გეორგიას" მეპატრონემ. ის ჩემი შვილის ნათლია და ჩემი მეგობარია.

- ბადრისთან მეგობრობდით?

- არ ვმეგობრობდით, მაგრამ ძალიან ახლოს ვიყავით. ბევრი სიკეთე მახსოვს მისგან. გაგიკვირდებათ და, მე გავუკეთე აუზებისა და 5-ტონიანი, უზარმაზარი აკვარიუმების დიზაინი.

- ეს საქმე გეხერხებათ?

- აუზების დიზაინი ჩემი ჰობი იყო თავიდან. მერე ეს საქმე საფუძვლიანად შევისწავლე. ეს ბადრის ჰობიც იყო და ამან შეგვახვედრა ალბათ ერთმანეთს.

- პროფესიით ექიმი, აუზების დიზაინით რატომ დაინტერესდით?

- იცით, როცა სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, მაშინ ექიმობა ძალიან დაბალანაზღაურებადი პროფესია იყო. ანუ თუ ოჯახში ექიმი გყავს, სადღაც 30 წლამდე უნდა არჩინო. მე ოჯახი მყავდა და სხვადასხვა საქმიანობას ვეწეოდი, რომ ჩემი ექიმობაც შემენახა და ოჯახიც. მე და ჩემი მეუღლე ცალკე ვცხოვრობდით, 22 წლიდან.

- კიდევ რის დიზაინს აკეთებდით?

- სხვა არაფრის. მხოლოდ იმის, რაც წყალთან იყო დაკავშირებული. თავიდან ეს ჩემი ჰობი იყო, მაგრამ როდესაც ერთი მინა 950 კგ-ს იწონის და ამით აუზს ან აკვარიუმს აშენებ, ეს უკვე ჰობი აღარაა. კიდევ რას აკეთებდიო, მკითხეთ. ერთხელ, 1996 წელს, 33 ჰექტარი მიწა დავამუშავე შირაქში და მახსოვს, სარეკორდო მოსავალი ავიღე.

- რა დათესეთ?

- ხორბალი. 52-53 ცენტნერი მივიღე.

- იოლი არაა ალბათ ემიგრაციაში ყოფნა. ხშირად ჩამოდიხართ?

- ადრე უფრო ხშირად ჩამოვდიოდი, ახლა ვეღარ ვახერხებ.

- თურქეთში რომელ კლინიკაში მუშაობთ?

- "ალმანჰასთანესი" გერმანული, მულტიპროფილური კლინიკაა. გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებაში ვარ. გინეკოლოგის ლიცენზიას ახლა ვაკეთებ ანკარაში და ალბათ დავუბრუნდები გინეკოლოგიას. თუმცა, ისე მოხდა, რომ საქართველოდან ძალიან ბევრი მირეკავდა და მთხოვდა, ამა თუ იმ კლინიკაში ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის ფასი და პირობები გამეგო. რაღაცნაირად, ბუმია სტამბოლში მკურნალობაზე. ამიტომ, ასე ვთქვათ, გავაოფიციალურე ეს თემა და მეგობარ ქართველ ქირურგთან ერთად სამედიცინო ტურიზმითაც ვარ დაკავებული. ჩემი ფირმა, ტურკგეომედ ბევრ ქართველ პაციენტს ემსახურება, სტამბოლის საუკეთესო კლინიკებში. წლებია, აქ ვართ ექიმები და ბუნებრივია, ნაცნობობის დიდი წრე გვყავს სექტემბრიდან ტრენინგებსაც ვიწყებთ.

- მოგწონთ თურქეთი? შეეგუეთ?

- მიმაჩნია, რომ აქ არის სამი ქვეყანა - სტამბოლი თავისი 20 მილიონი ადამიანით, სანაპირო ზოლი და დანარჩენი თურქეთი. ძალიან განსხვავდება ეს ხალხი ერთმანეთისგან. თან მეგაპოლისს ასეთი თვისება აქვს - ყველა ნახულობს თავის მოსაწონს, იმდენად დიდი არჩევანია. ძალიან მიყვარს სტამბოლი, თავისი მიქსით.

- თურქული იოლად ისწავლეთ?

- აქ არის უცხოელებისთვის უნივერსიტეტი, სადაც ვსწავლობდი თურქულს და ამერიკელები, ფრანგები, იაპონელები იყვნენ ჩემს ჯგუფში. ყოველდღე მქონდა თურქულის 6 საათი. კარგად ვისწავლე, თან მალევე დავიწყე მუშაობაც, თავიდან - გინეკოლოგად, დედეოღლუს კერძო პოლიკლინიკაში. მერე გავიცანი ძალიან ცნობილი კარდიოქირურგი და კარგი ადამიანი, ისმაილ უკსელტანი და მან წამიყვანა თავისთან ალმანში.

- ანუ საქართველოდან ალალბედზე წახვედით? აქედან რომ მიდიოდით, არ იცოდით, როგორ იცხოვრებდით მანდ?

- არა, საიდან? არც მიწვევა მქონდა და არც წინასწარ რაიმე სამსახური შეგულებული. ორჯერ ვიყავი ნამყოფი მანქანით სტამბოლში და მომეწონა. როცა დადგა საკითხი საქართველოდან ჩემს წასვლაზე, ავდექი და აქ წამოვედი. გავლენა იმანაც იქონია, რომ ახლოსაა ჩვენთან და ხშირად ჩამოვიდოდი ბავშვებთან და დედასთან. მყავს 2 შვილი. გოგონა 18 წლისაა და წელს სტუდენტი გახდა, ბიჭი - 10 წლისაა, ფეხბურთის ფანია. მათთან ურთიერთობის გაწყვეტა არ მინდოდა.

- სანამ ექიმად დაიწყებდით მუშაობს, თავს როგორ ირჩენდით?

- ძალიან მალე დავიწყე მუშაობა. აქ ჩემი ბიძაშვილი დამხვდა, რომელიც თურქეთის მოქალაქე იყო და ერთად მოვძებნეთ ჩემთვის სამსახური. პოლიკლინიკის პატრონი, სადაც ვმუშაობდი, იყო ლაზი, ტრაპიზონიდან. აჩი და შოთა არველაძეებზე იყო შეყვარებული და ამიყვანა.

- წეღან თქვით, საქართველოდან ჩემი წასვლის საკითხი დადგაო... როგორც მივხვდი, ოჯახის დანგრევის გამო მოხდა ეს...

- დიახ, ასე იყო. ეს ჩემთვის ერთგვარი სტრესი იყო. გადავწყვიტე, ახალი ცხოვრება დამეწყო და წამოვედი.

- მიგაჩნიათ, რომ ახლა უფრო წარმატებული ხართ, ვიდრე საქართველოში იყავით?

- რაც მანდ მაქვს გაკეთებული და ნამუშევარი, მაგის ნახევარი რომ აქ გამეკეთებინა, ბევრად წინ ვიქნებოდი. ჯერ გვიანი არაა, კიდევ ბევრია წინ...

- ახალგაზრდობა არც ისე ხალისიანი გექნებოდათ... სამოქალაქო ომიც გამოიარეთ ალბათ...

- რა თქმა უნდა, გამოვიარე. ძველი ჩინური წყევლა ყოფილა - გეცხოვროს დიდი ცვლილებების დროსო!.. გამოვიარე რომელია?! ნახევარი სამეგობრო შეიწირა იმ პერიოდმა.

- თურქეთში ცხოვრებისას რას ვერ ეგუებით?

- მანდ უფრო ბევრ რამეს ვერ ვეგუები და გეტყვით, რატომ. ყველაფერი უფრო მტკივა და უფრო მწყინს. აქ თუ რამეს ვერ ვეგუები, გავივლი და ეგაა, - ჩემი არ არის... სხვა ქვეყანაა. ისე, ძალიან თბილი ხალხია, მიყვარს აქაურობა. ძალიან ბევრი ქართველი და ქართული ოჯახია აქ, მაგრამ ერთ უბანში არიან თავმოყრილი და ფაქტობრივად, სტამბოლიც კი არ იციან. საკვირველია, რომ წლებია, აქ ცხოვრობენ და იმ უბანს არ გაშორებულან. შესაბამისად, არც სტამბოლელებს იცნობენ და ამიტომ ძირითადად, მცდარი წარმოდგენა აქვთ სტამბოლზეც და თურქეთზეც. ახლა თურქული სერიალებით კიდევ ცოტა მოახერხეს, გაიცნოთ აქაურობა. წარმოიდგინეთ, სერიალით გაცნობაზე რომ მიდგება საქმე, რამხელა საინფორმაციო ვაკუუმია.

- იქ მცხოვრებ ქართველებთან ურთიერთობთ?

- რამდენიმე ადამიანთან. ერთ-ერთი, ჩვენი კონსული იყო, გელა ჯაფარიძე, ძალიან მაგარი კაცი.

- თქვენ სად ცხოვრობთ?

- ვცხოვრობ ნაქირავებ ბინაში, თახიმ-ის მოედანთან. ეს ცენტრია. როგორც ჩვენთან რუსთაველი, ასეთი ქუჩაა აქ, ისთიკლალ ჯადდეს და მის პარალელურ ქუჩაზე ვცხოვრობ. კლინიკაც აქვეა.

- ქართველებზე რას ამბობენ თურქები?

- ჩემ გარშემო ყველა თურქი ასე ამბობს - "ჩემი ქართველები".

- ქართველი პაციენტები გყავთ ალბათ.

- ძალიან ბევრი. ახლა სახლში ჩემთან 2 წლის ბიჭუნა ცხოვრობს, დედასთან ერთად. სამკურნალოდაა ჩამოსული. საქართველოდან დაუდგენელი დიაგნოზით წამოვიდა, აქ თანდაყოლილი ადრეკორტიკული უკმარისობა დადგინდა. ისე მოხდა, რომ 2 დღით გადაიდო მისი კლინიკაში დაწვენა და ჩემთან სტუმრობენ. დღეს, ჰოპკინსის კლინიკაში ქართველ პაციენტს გავუკეთეთ მანიპულაცია ღვიძლზე, რომელიც თბილისში არ კეთდება. ღვიძლის ციროზი და კიბოა და გადანერგვისკენ მივდივართ.

- რამდენი წელია, რაც თურქეთში ხართ?

- 9 წელია.

- საქართველოში ექიმს ერთი ოპერაციიდან, პაციენტის მიერ გადახდილი თანხის ძალიან მცირე პროცენტი ხვდება. მანდ როგორია შრომის ანაზღაურება?

- საქართველოში სამარცხვინოა ექიმის შრომის ანაზღაურება. აქ გაცილებით უკეთესია, გერმანიასაც კი სჯობია. ანუ კარგად ვარ, მაგრამ ჩემი კვალიფიკაციის თურქი ექიმი რამდენჯერმე ჩემზე მეტ ხელფასს იღებს. ამიტომ ახლა საბუთები მომყავს წესრიგში.

- იღლებით დღის განმავლობაში?

- იცი, როგორ ვიღლები? აი, ყურებში რომ აღარ გესმის, ხომ წარმოგიდგენია? აი, ასე ვიღლები.

- როგორ ერთობით?

- ჩემს პარალელურ ქუჩაზე ჩამოდის მილიონობით ადამიანი მთელი მსოფლიოდან. ფაქტობრივად, გართობის ეპიცენტრში ვცხოვრობ.

- ყველაზე რთული ოპერაცია და ძნელი გამარჯვება...

- ასეთი სიტუაციები თბილისში იყო. რომ აღარაფერი გინდა - აღარც თეთრი ხალათი, აღარც ექიმობა, მაგრამ სიკვდილზე რომ გაიმარჯვებ და ყველაფერი გაგივლის, აღარ გახსოვს... ძალიან მაგარი შეგრძნებაა.

- სულ მაინტერესებს... გინეკოლოგი მამაკაცები ქალებს ისევე აღიქვამთ, როგორც დანარჩენი მამაკაცები თუ - სხვანაირად?

- ამაზე გეტყვით გულწრფელად: როცა ხალათი გაცვია, პაციენტის მეტი ვერაფერი უნდა დაინახო. ღმერთმა დაგიფაროს და, თუ რამე უკუღმართი მოგივიდა თავში, უნდა გაიხადო ხალათი და წახვიდე. გარეთ - იცოცხლე, იყავი, როგორც გინდა. გარეთ ქალებს ჩვეულებრივზე ცოტა უკეთესადაც აღვიქვამთ. აბა, დაფიქრდით, რადგან სპეციალისტი ხარ, ქალის შესახებ სხვა მამაკაცებზე 1000-ჯერ მეტი იცი და, რა თქმა უნდა, უკეთესად აღიქვამ.

- თურქი ქალები მოგწონთ? პირად ცხოვრებაზეც მითხარით რამე.

- ძალიან ბევრჯერ იყო თურქი ქალი "მის მსოფლიო". აქ ხომ ნარევი სისხლია?! ამხელა იმპერია იყო, წარმოიდგინეთ: ხმელთაშუა ზღვა, აღმოსავლეთ ევროპა, ყირიმი... აქეთ, ჩვენკენ "სტანით" რომელი ქვეყნის სახელიც მთავრდება, ესე იგი, იქ ოსმალეთი იყო ანუ გურჯისტანი - საქართველო; მაჯარისტანი - უნგრეთი; აბაზისტანი - აფხაზეთი; ბულგარისტანი - ბულგარეთი...

- თურქეთის ისტორიას იმიტომ მიყვებით, რომ ქალების თემას თავი აარიდოთ?

- (იცინის) პირადში არაფერი ხდება და ალბათ არცაა საინტერესო ჩემი პირადი ცხოვრება. ასე რომ, ამ თემაზე ლაპარაკი იმ დროისთვის გადავდოთ, როცა რამე შეიცვლება.

- ხელახლა არ დაოჯახდით?

- არა.

- წარმატებებს გისურვებთ პირად ცხოვრებასა და კარიერაში.

- გმადლობ.

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)