რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ ტურისტებს თბილისში

რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ ტურისტებს თბილისში

საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველ წელს მატულობს. 2014 წლის 6 თვის მონაცემებით კი ქვეყანას 11%-ით მეტი ტურისტი ეწვია. ქვეყნის ტურისტულ ადგილებს შორის კი თბილისი ერთ-ერთი ლიდერია. სხვადასხვა ისტორიულ ადგილებთან ერთად, სტუმრების სიმრავლე თვალშისაცემი სწორედ თბილისის ძველ უბნებშია. AMBEBI.GE დაინტერესდა, რა იზიდავს ყველაზე მეტად დედაქალაქში ჩამოსულ ტურისტებს და რა არ მოსწონთ მათ ყველაზე მეტად.

სტუმრების აზრის გასარკვევად დედაქალაქის რამდენიმე ისტორიულ ადგილს ვესტუმრეთ. ჩვენი რესპოდენტების უმრავლესობა კი ძირითადად აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან იყო.

როგორც აღმოჩნდა, ევროპიდან ჩამოსულ ტურისტებს განსაკუთრებით დანაგვიანებული ქუჩები არ მოეწონათ.

"პოლონეთიდან ვარ. რამდენიმე დღეა, რაც თბილისში ჩამოვედი. საკმაოდ კარგი ქალაქია. განსაკუთრებით მდინარე და სანაპიროზე აშენებული შენობები მომწონს. მოსაწყენი ქალაქი არ არის, რაც ძალიან კარგია. რაც შეეხება იმას, თუ რა არ მომწონს, ბევრი დანაგვიანებული ადგილია და ეს არავის ანაღვლებს, თვითონ ქართველებსაც კი. ხშირად დამინახავს, რომ წყალს სვამენ და ბოთლებს პირდაპირ ქუჩაში ისვრიან", - ამბობს პოლონელი ტურისტი, რომელსაც ისტორიულ შენობებთან ერთად თბილისის ქუჩებში დაყრილი ნაგავი სავარაუდოდ, აუცილებლად დაამახსოვრდება. დაბინძურებული ადგილების გარდა კი მას დიდხანს არც დედაქალაქში არსებული ფასები დაავიწყდება.

"არ მომწონს ფასები. მაგალითად აკვაპარკი 30 ლარი ღირს და ასეთი ფასი პოლონეთის დიდ ქალაქებშიც კი არ არის. ეს მეტისმეტად ბევრია", - აცხადებს ჩვენი პოლონელი რესპოდენტი.

თბილისში ჩამოსული ტურისტების უმრავლესობას ძირითადად სასტუმროების ფასები არ მოსწონს. თუმცა ამბობენ, რომ საკვები საკმაოდ იაფია.

"არ მომწონს, ის, რომ ძალიან ბევრი ტურისტია. რადგან ზოგადად ისეთი ადგილები მიყვარს, რომელსაც ბევრი ტურისტი არ სტუმრობს. ფასები თითქმის იგივეა, რაც ჩემს ქალაქში. მე პოლონეთის უფრო დიდი ქალაქიდან ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ მეტ-ნაკლებად იგივე ფასებია", - აღნიშნავს კიდევ ერთი პოლონელი ტურისტი.

დაბინძურებული ქუჩები შეუმჩნეველი არც სხვა ტურისტებს დარჩენიათ. ერთ-ერთ პრობლემად კი თბილისის სტუმრები ქუჩის გადაკვეთას ასახელებენ.

"პირველი დღეა, რაც თბილისში ვარ, აქ განსაკუთრებული ჰავაა, რაც ძალიან მომწონს. ისეთი არაფერი გვინახავს, რაც არ მოგვეწონებოდა, გარდა ნაგვისა", - ამბობს ლატვიიდან ჩამოსული ახალგაზრდა მამაკაცი.

"ძალიან ლამაზი ქალაქია, მშვენიერი არქიტექტურა, მშვენიერი ისტორიით. რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა, არის ის, რომ ხალხმა ინგლისური იცის, რასაც ნამდვილად არ ველოდი. არ მომწონს ქუჩის გადაკვეთა, მონიშნულზე გადასვლაც კი გამიჭირდა. გირჩევდით, ყურადღება მიაქციეთ საგზაო წესებს", - გვირჩევს შუახნის ქალბატონი, რომელიც ისტორიულ შენობებთან ერთად ქართველების მეგობრულობითაც გამოცებულია.

თითქმის ყველაფერი მოსწონთ რუს ტურისტებს, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლაზე დიდი ხანი ოცნებობდნენ.

"ჩვენ რუსეთიდან ჩამოვედით. ორი დღეა თბილისში ვართ და ერთი რამეც კი არ ყოფილა, რომ არ მოგვწონებოდა", - ამბობს ანდრეი.

"მეც ვეთანხმები ჩემს მეგობარს. ძალიან ლამაზი და ისტორიული ქვეყანაა, განსაკუთრებით ეს ქალაქი. სამი წელი აქ ჩამოსვლაზე ვოცნებობდი და ახლა მიხარია, რომ ნამდვილად აქ ვარ", - აღნიშნავს ანდრეის მეგობარი გოგო.

ჩვენი უცხოელი რესპოდენტების უმრავლესობას შენობები და არქიტექტურა მოსწონს, თუმცა თბილისის მთავრობას ტურისტები რამდენიმე რჩევას აძლევენ.

"თბილისში ძალიან ბევრი ახალი ინოვაციური შენობაა. ეს კარგია, მაგრამ თბილისის მთავრობას ვურჩევდი, რომ ქალაქს ძირითადად ძველი სტილი შეუნარჩუნოს. თუ შენობებს ძველ სტილში ააშენებენ, ეს ქალაქს უნიკალურს გახდის. ასევე ვურჩევდი პარკები და ველოტრასები ააშენონ", - ამბობს აღმოსავლეთ ევროპიდან ჩამოსული ტურისტი.

ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტომდე ქვეყანაში 1 192 ათასამდე ტურისტი ჩამოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11%-ით მეტია.

ნახეთ ვიდეო

მინდია აფციაური

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია