1-ელი სექტემბერი და დიდი ცვლილებები საქართველოში: 5 მნიშვნელოვანი სიახლე ქვეყნის ცხოვრებაში

1-ელი სექტემბერი და დიდი ცვლილებები საქართველოში: 5 მნიშვნელოვანი სიახლე ქვეყნის ცხოვრებაში

დღეიდან, 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან 5 ახალი, მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდა.

დღეიდან, 1-ელი სექტემბრიდან მედიკამენტების გარკვეული ნაწილი რეცეპტის გარეშე აღარ გაიყიდება.

"წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" ცვლილების მიხედვით, რომელიც ძალაში სწორედ 1-ელი სექტემბრიდან შევიდა, ურეცეპტოდ გაცემის აკრძალვას ე.წ. მეორე კატეგორიის მედიკამენტები, მათ შორის საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები (გარდა მცენარეული პრეპარატებისა), ანტიდეპრესანტები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები, ვიტამინების ნაწილი და სხვა სახის მედიკამენტი ექვემდებარება.

პენსიონერები, 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, პირველი სექტემბრიდან სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთვებიან.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე აცხადებს, ახალი სადაზღვევო პირობებით დაახლოებით 400 ათასამდე ადამიანი ისარგებლებს.

დღეიდან, 1-ელი სექტემბრიდან აგროდაზღვევის პროექტი ამოქმედდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც მოიაზრებს მთავრობის მიერ სუბსიდირებას აგრარული დაზღვევის შემთხვევაში.

"გრძელდება სახელმწიფოს ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის დარგის მიმართულებით. ეს გახლავთ იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც დაიწყო საქართველოს მთავრობამ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია აგროდაზღვევის სისტემის შემოღებაზე, ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც მოიაზრებს პროცენტის სუბსიდირებას აგრარული დაზღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, ეს ვრცელდება ყველა იმ პროდუქტზე, რომელზეც საქართველოში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სტატისტიკურად იქნა ინფორმაცია მოძიებული. სუბსიდირება ხორციელდება 70%-დან 90%-მდე, ზოგიერთ შემთხვევაში კი 95%-მდე. ამ თანადაფინანსებას, პროცენტის სუბსიდირებას განახორციელებს სახელმწიფო, ხოლო გლეხს ან მომხმარებელს, დამზღვევს ექნება შესაძლებობა 0,5%-დან გარკვეული შკალების მიხედვით გადაიხადოს დაზღვევის პროცენტი", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

საქართველომ დღეიდან სავიზო რეჟიმი გაამკაცრა.

1-ელი სექტემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ," რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დავალებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა.

კანონის თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. ასევე 24 ქვეყანას, მათ შორის, ერაყს, სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაციას, ჩილეს, ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკას და სხვა, გაუუქმდა უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, ხოლო ევროკავშირის, ნატო-ს, შენგენის, დსთ-ს წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შენარჩუნდა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს სურვილი აქვს შემოვიდეს საქართველოში და დარჩეს 90-დღეზე მეტი ხნით, საემიგრაციო ვიზა უნდა აიღოს. აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება მათ შორის იმ ქვეყნებზე, რომელთა მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი იმოქმედებს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების უდიდესი ნაწილი დღეიდან დროებით ამოქმედდა. კერძოდ, ხელშეკრულების სრულ იმპლემენტაციამდე, 1-ელი სექტემბრიდან ძალაში შევიდა დოკუმენტის 80%, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტი. DCFTA ითვალისწინებს ქართული სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული პროდუქციის თავისუფალ განთავსებას ევროკავშირის ბაზარზე და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტის მიწოდებას. შეთანხმების ფარგლებში, ქართული წარმოშობის თითქმის ყველა პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება, თუმცა გარკეული შეზღუდვები მაინც იარსებებს. კერძოდ, 28 დასახელების პროდუქტი ევროკავშირში იმპორტისას უნდა დაექვემდებაროს საბაჟო გადასახადის გადახდას, ამ გადასახადის ადვალორული (ტვირთების გადაზიდვის გადახდაზე, საბაჟო გადასახადებზე და სხვა გადასახადებზე, რომელიც ირიცხება არა ტვირთის ერთეულისთვის, არამედ მისი ღირებულების პროცენტებში) კომპონენტის გარეშე. ამასთან, ცალკე ჩამოთვლილია გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს დაქვემდებარებული პროდუქტები, რომელზეც იმპორტის ზღვრული დონეა დაწესებული. ასევე, წლიურ უბაჟო სატარიფო კვოტას დაქვემდებარებული პროდუქტია ნიორი. აღნიშნული კვოტა 220 ტონას შეადგენს, რომელზე გადაჭარბების შემთხვევაშიც, საქართველოს საბაჟო გადასახადის გადახდა მოუწევს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია