რა ჯდება ბავშვის გაჩენა საქართველოში - ორსულობის აუცილებელი ხარჯები

რა ჯდება ბავშვის გაჩენა საქართველოში - ორსულობის აუცილებელი ხარჯები

დედობისთვის ყველა ქალი განსაკუთრებულად ემზადება. ორსულობის პერიოდში მომავალ დედას განსაკუთრებული მზრუნველობის გარდა, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მუდმივი ყოფნა ესაჭიროება. ბევრი ახალგაზრდა წყვილი ბავშვის გაჩენისგან თავს იმის გამო იკავებს, რომ ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის აღზრდის ხარჯები საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული.

ambebi.ge შეეცადა გაერკვია, რა თანხით აფინანსებს სახელმწიფო ორსულობას და მშობიარობას, არის თუ არა შეღავათი ეს მომავალი დედებისთვის. ასევე, რა ღირს ექიმთან კონსულტაცია და ორსულობის დროს საჭირო აუცილებელი გამოკვლევები? ჩვენი რესპოდენტი 25 წლის ჟურნალისტი გვანცა ფიფია სახელმწიფო დაზღვევით არ სარგებლობს. ის პატარა ბიჭს ორ თვეში ელოდება.

- 7 თვის და 2 კვირის ორსული ვარ. არ ვსარგებლობ სახელმწიფო დაზღვევით, აღიცხვაზეც კი არ ვარ, კერძო კომპანიაში ვარ დაზღვეული და თავიდანვე კერძო დაზღვევას მივყევი. სადაზღვევო პაკეტი, რომლითაც მე ვსარგებლობ, ორსულობის და მშობიარობის ხარჯებს 1000 ლარის ფარგლებში მინაზღაურებს. ორსულობის პირველ თვეებში დაბალი გემოგლობინი მქონდა, რაც თან ახლავს ორსულობას, ხშირად მიწევდა ექიმთან ვიზიტი, თითო გამოკვლევა დაახლოებით 40 ლარი ჯდებოდა, უკვე გახარჯული მაქვს 400 ლარი. თუ ფიზიოლოგიურად გავაჩენ ბავშვს, მაშინ დარჩენილი 600 ლარი მყოფნის მშობარობისთვის, თუ საკეისროთი გავაჩენ, გარკვეული თანხის დამატება მომიწევვს.

- საჭირო მედიკამენტები რა თანხა გიჯდება?

- თავდაპირველად მჭირდებოდა მედიკამენტების მიღება, რომელიც ძვირი არ ღირდა, თუმცა ზუსტად რა თანხა დაჯდა, აღარ მახსოვს.

თუმცა, არც ისე ცოტაა ისეთი ორსული, რომელსაც სადაზღვევო ლიმიტი ორსულობის მეშვიდე ან მეექვსე თვეში გამოკვლევებზე უკვე გახარჯული აქვს და დანარჩენი საჭირო თანხის დამატება ორსულს საკუთარი ჯიბიდან უწევს.

ზურაბ დარახველიძე (გინეკოლოგი):

- რა არის აუცილებელი პროცედურები ორსულობისთვის?

- როცა ქალბატონი ორსულად არის, პირველ რიგში, ის უნდა დადგეს აღრიცხვაზე, ეს დაახლოებით, 12-13 კვირის ვადაში უნდა მოასწროს. ამ შემთხვევაში, მისი ორსულობის და მშობიარობის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ამაში შედის 4 ვიზიტი ექიმთან კონსულტაციაზე, გარკვეული ტიპის გამოკვლევები და მშობიარობა. აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ მოასწრებს ქალბატონი აღრიცხვაზე მოხვედრას, მისი მშობიარობის ხარჯებს სახელმწიფო აანაზღაურებს. თუ ფიზიოლოგიურ მშობიარობას 500, საკესრო კვეთას კი 800 ლარით უფინანსებს სახელმწიფო, ეს თანხა სავსებით საკმარისია. თუ კონკრეტული ექიმის შერჩევა და დამატებითი კომფორტი უნდა პაციენტს, ამას გარკვეული თანხა უნდა დაამატოს.

- რა ღირს ექიმთან კონსულტაცია და ორსულობის დროს საჭირო აუცილებელი გამოკვლევები?

- თუ პაციენტი 12 კვირის ვადაში არ დადგება აღრიცხვაზე, ექიმთან თითო კონსულტაცია ღირს 35 ლარი, სისხლის საერთო ანალიზის საფასური დაახლოებით 14-16 ლარით განისაზღვრება. გარკვეული პათოლოგიების შემთხვევაში, საჭიროა დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, ეს არის სტანდარტზედა გამოკვლევა, რასაც სახელმწიფო არ ანაზღაურებს. თანხა იმის მიხედვით განისაზღვრება, რა პათოლოგია იქნება, რომელი სპეციალისტები ჩაერევიან და ა.შ.

- ბევრი ორსული ქალბატონისგან მსმენია, რომ მათ არ აქვთ გართულებული ორსულობა, მაგრამ სახელმწიფო ლიმიტი მშობიარობამდე გაცილებით ადრე ამოეწურათ...

- თუ კონკრეტული შემთხვევა არ არის, რთული იქნება ზეპირად თქმა, რატომ მოხდა ეს. არსებობს გარკვეული დონის კლინიკები, ყველა ვერ უმკლავდება ამა თუ იმ პათოლოგიას და პაციენტს უწევს სათანადო ტექნოლოგიით აღჭურვილ კლინიკაში გამოკვლევების ჩატარება.

- რა ღირს ანალიზები?

- მთელი რიგი პროცედურებია საჭიროა, ორსულობის დროს აუცილებელი ანალიზების დიდი სია არის. თითო ანალიზი სირთულის მიხედვით განისაზღვრება, სისხლის საერთო ანალიზი 14-16 ლარი. შეიძლება მცირე სხვაობა იყოს, ეს კლინიკის და ექიმის მიხედვით განისაზღვრება. თუმცა, ის თანხა, რითაც სახელმწიფო აფინანსებს ორსულს და მშობიარეს, სავსებით საკმარისია.

თამარ ბოჭორიშვილი

"სხვები ჩემზე გაცილებით დიდები არიან, მაგრამ აქამდე სულ პატარები იმარჯვებდნენ" - რა გეგმები აქვს 18 წლის ლიკა ესაიაშვილს "მასტერშეფში"

"სამარშრუტო ტაქსებში არაერთხელ ვნახე ფეხზე მდგომი მგზავრები, ეს დანაშაულია" - მევლუდ მელაძე ტრანსპორტში არსებულ ვითარებაზე

"რომ სვამს, ყველამ იცის და რასაც ნასვამ მდგომარეობაში აჟღერებს, ეს არის ყველაზე დიდი სიმახინჯე" - მღვდელმონაზონი ანდრია სარია მეუფე იაკობზე