აქვს თუ არა მოსახლეობას პანიკის საფუძველი? - ახალი რეალობა და შეშფოთებული ქართველები

აქვს თუ არა მოსახლეობას პანიკის საფუძველი? - ახალი რეალობა და შეშფოთებული ქართველები

1-ლი სექტემბრიდან მოქალაქეები რეცეპტის გარეშე აფთიაქებში 5000-ზე მეტი დასახელების წამალს ვეღარ შეიძენენ. ძალაში შედის ცვლილება "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში". წნევის წამლები, საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები, ანტიდეპრესანტები და უამრავი სხვა მედიკამენტი ექიმის რეცეპტის გარეშე აღარ გაიცემა. ამ ფაქტმა საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მოსახლეობა ფიქრობს, რომ ეს ხელოვნური ბარიერის შექმნაა და ფაქტს აპროტესტებენ. განსაკუთრებით ღელავენ ქრონიკული დაავადებით შეწუხებული პაციენტები.

თამარ გოგინაშვილი:

- ჯერ ის გვიჭირდა, რომ წამლის ფულს ძლივს ვაკოწიწებდით და ახალი საფიქრალი გაგვიჩინეს. დამატებით ექიმის ხარჯიც უნდა გავწიოთ. ნუთუ საერთოდ არ ფიქრობს ხალხზე ეს მთავრობა? რა ხდება? ოჯახის ექიმთან მიდითო. იქ რომ გაუთავებელი რიგები დადგება, ამას რა ვუყოთ? ისედაც დიდი ხნის ლოდინი გვჭირდებოდა, რომ შეგვეღწია ოჯახის ექიმთან. ცალკე პრობლემაა ექიმების პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება. ისინი გარიგებულები არიან ფირმებთან და მაინცდამაინც იმ ფირმის წამალს გიწერენ, საიდანაც მოგებას ნახულობენ. მაგალითად, "ავერსის" კლინიკაში სულ "ავერსის" წამლებს გიწერენ. მაშ, რა უნდა ვქნათ, როცა რეცეპტში ამ ფირმის წამალი ეწერება, სხვას არავინ მოგვცემს, ამ დროს, არსებობს უფრო ეფექტიანი, სხვა წარმოების მედიკამენტი? ის მითხრან, ამას ვინ გააკონტროლებს! იმ წამალში, რაშიც 95 თეთრს ვაძლევდი, გუშინ ლარი და 60 გადამახდევინეს. ამას მიხედოს მთავრობამ, ჯობია. წამლები გაძვირდება და ვერ ვიყიდით ისედაც სოციალურად დაუცველი ფენა. ასე ზრუნავენ მოსახლეობაზე? ნერვიულობის ფონზე წნევამ ამიწია... დაფიქრდნენ, რას აკეთებენ....

განსაკუთრებით შეწუხებულები არიან რაიონების მცხოვრებლები. ისინი ამბობენ, რომ ოჯახის ექიმთან მისასვლელად რამდენიმე კილომეტრის გავლა მოუწევთ.

ნათელა, პენსიონერი:

- ჯერ ექიმები მოამზადონ, ის ჯობია. ჩვენს სოფელში ფაქტობრივად, ექიმი არ არის, ვისთანაც შეიძლება მიხვიდე და გაესინჯო. დანგრეული ამბულატორიული შენობა დგას, აწვიმთ. რაიონის ცენტრამდე კი 15 კილომეტრია. იქ უნდა წავიდე ამ ხნის ქალი წამლის გამოსაწერად? იქ კიდევ რამდენი ხანი მომიწევს რიგში ყოფნა, ვინ იცის? კვირაში ერთი დღე დადიოდა ექიმი გვერდით სოფელში და იქ იმხელა რიგში გვიწევდა ყოფნა, ლამის ვიქცეოდი. ახლა წნევის წამლის გამოწერაზეც იმხელა რიგში უნდა დავდგე? ბარემ დაგვხოცონ და ეგ არის! ისედაც ძლივს გაგვაქვს თავი. რასაც პენსიაში ვიღებ, ფაქტობრივად, წამალში მიდის. ჩემი მეუღლეც დიაბეტიანია და მასაც ძალიან ძვირად ღირებული წამლები სჭირდება. გადაადგილებაც უჭირს, საავადმყოფომდეც ვერ მივიყვან. რა ვქნათ ასეთმა ხალხმა?

დაგროვილ კითხვებზე პასუხის მისაღებად, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მივაკითხე.

- ბატონო დავით, რატომ გახდა აუცილებელი ქვეყანაში წამლების რეცეპტებით გაცემა?

დავით მაჭარაშვილი, ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი:

- ეს არ არის ინოვაცია. რეცეპტის ინსტიტუტი საქართველოში მოქმედებდა. კანონში იყო ჩანაწერი: მეორე ჯგუფის მედიკამენტები უნდა გაცემულიყო რეცეპტით, თუმცა, იმპერატიული მოთხოვნა არ იყო და ფარმაცევტს არ ეკრძალებოდა რეცეპტის გარეშე წამლის გაცემა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამას ყურადღება არ ექცეოდა. ამჟამად ეს კანონის იმპერატიული მოთხოვნაა. ფარმაცევტული პროდუქტი სამ ჯგუფად იყოფა: პირველ ჯგუფშია ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული ნივთიერებები; მეორე ჯგუფში - სამკურნალო საშუალებები, რომლის გამოყენება ექიმის გარეშე აკრძალულია, ხოლო მესამე ჯგუფში ის პროდუქტია, რომლის გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშეც შეიძლება.

რეცეპტის ამოქმედება განპირობებულია ორი უმთავრესი მიზეზით: პირველი - არარაციონალური ფარმაკოთერაპია. მოგეხსენებათ, პაციენტების უმრავლესობა თვითნებურად, ყოველგვარი დიაგნოსტირების გარეშე მიმართავდა აფთიაქს. ზოგი - სამეზობლოს, სანათესავოს რჩევით ყიდულობდა და იყენებდა სამკურნალო საშუალებას. ამან ძალიან ცუდი შედეგები მოგვცა. ბოლო პერიოდი აპელირებენ იმაზეც, რომ აიკრძალა მედიკამენტების გაყიდვა. ეს ტყუილია, არ აკრძალულა. ვამბობთ - შეიძინეთ, მაგრამ შეიძინეთ ექიმის დანიშნულებით. ხალხი ხშირად იყენებს ანტიბიოტიკებს, რაც ამა თუ იმ დაავადებას, ანთების პროცესს აჩერებს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ძალიან მწვავე ფორმით ვლინდება ეს დაავადება. ამიტომ აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, სწორი დიაგნოზი, სწორი სამკურნალო წამლის შერჩევა. მეორე უმთავრესი მიზეზი ამ კანონის ამოქმედებისა არის სააფთიაქო ნარკომანია: მეორე ჯგუფის ბევრი პროდუქტი გამოიყენება ნარკოტიკული თრობის მისაღწევად და არანაირი კონტროლი არ იყო ამ მედიკამენტებზე. ამ მიზეზების გამო, შარშან ზაფხულში შევიდა კანონში ცვლილება და სავალდებულო გახდა რეცეპტის წარდგენა მეორე ჯგუფის მედიკამენტებისთვის. კანონი უნდა ამოქმედებულიყო 1-ლი იანვრიდან, მაგრამ გარკვეული რისკ-ფაქტორების გამო, 1-ელ სექტემბრამდე გადავადდა.

- რისკ-ფაქტორებში რას გულისხმობთ?

- საზოგადოების ინფორმირებულობას, სამედიცინო სექტორის შემგუებლობას. პილოტური პროგრამა განხორციელდა და შევთავაზეთ სამედიცინო დაწესებულებებს, ეტაპობრივად, ფარმაკოლოგიური ჯგუფების მიხედვით დაეწყოთ რეცეპტების გამოწერა. გვქონდა შეხვედრები ფარმაცევტული და სამედიცინო სექტორების წარმომადგენლებთან. საზოგადოებიდან ბევრი შეკითხვა შემოდიოდა, ვაწარმოებდით პიარ-კამპანიას და ასე მოვედით 1-ელ სექტემბრამდე.

- თუ მოამზადეთ საზოგადოება, მაშინ, რატომ ატყდა ამხელა აჟიოტაჟი? ხალხი ძალიან შეწუხებულია ამ ცვლილებით.

- მომზადებული ნამდვილად იყო ნიადაგი. არაერთი გადაცემა მიეძღვნა ამ ცვლილებას, მაგრამ მაინც გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია. სოციალურ ქსელებში გაკეთებული კომენტარებით ვხვდებით, რომ საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი და ჰგონია, ანალგინის ყიდვაც კი არ შეეძლება ურეცეპტოდ.

- წნევის წამლები ხომ გაიცემა რეცეპტით, საქართველოში კი უამრავი ადამიანი იღებს ყოველდღე ასეთ მედიკამენტებს.

- წნევის წამლები რეცეპტით გასაცემთა ნუსხაშია. რეცეპტის გარეშე მხოლოდ ადელფანი და რაუნატინი გაიცემა. პარაცეტამოლი ურეცეპტოდ გაიცემა.

- სამაგიეროდ, ნიმესილი, რომელიც ხშირად გამოიყენება, რეცეპტით უნდა იყიდონ, არა?

- ნიმესილი ნამდვილად არის რეცეპტით გასაცემთა სიაში. საერთოდ ამოღებულია ამერიკაში ეს მედიკამენტი. მას აქვს კარგი თვისებები, მაგრამ არ შეიძლება, ექიმის გარეშე მისი დალევა და ყველა ტკივილის დროს ნიმესილის მიღება. როგორც წესი, ნიმესილს მოსახლეობის დიდი რაოდენობა ყოველგვარი დანიშნულების გარეშე ხმარობს. ეს არასწორია - მას აქვს გვერდითი მოვლენები... ტკივილგამაყუჩებელი არასტეროიდული საშუალებები ურეცეპტოდ გასაცემია, თუმცა, ვერც ერთ ამპულას ვერ იყიდით ურეცეპტოდ, რადგან საინიექციო საშუალება მხოლოდ რეცეპტით გაიცემა. ანალგინის ტაბლეტს იყიდით, მაგრამ ამპულას ექიმის რეცეპტის გარეშე ვერ შეიძენთ.

- ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ექიმთან მისვლის კულტურა რომ არ არსებობს, ესეც პრობლემაა და ამას ასწავლით მოსახლეობას?

- ესეც პრობლემაა. საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში მოსახლეობის 100% დაფინანსებულია და ოჯახის ექიმთან ვიზიტი უფასოა. არანაირი პრობლემა სამედიცინო დაწესებულებებიდან არ იქნება და მიმართონ ოჯახის ექიმს.

- ბევრისგან მსმენია, იქნებ უცებ ცუდად გავხდი, გადაუდებელი დახმარება მჭირდება; ექიმთან ვიზიტს უნდა ველოდოო?

- ესეც გათვალისწინებულია. მინისტრის ბრძანებით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჩანთის ნუსხა განსაზღვრულია და აფთიაქებს შეეძლებათ 14 ნივთიერების გაცემა გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით, ურეცეპტოდ. ეს პრეპარატები პირველადი დახმარების აღმოსაჩენად სავსებით საკმარისია.

- ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს ყოველთვის მოუწევთ ექიმთან მისვლა?

- არ მოუწევთ. ექიმს აქვს უფლება, გამოწეროს ერთი წლის მარაგი და ამ რეცეპტის საშუალებით პაციენტს ან მის მეურვეს შეეძლება, რამდენჯერმე, თუნდაც სხვადასხვა აფთიაქში შეიძინოს სასურველი მედიკამენტი. არ არის საჭირო პაციენტის ვიზიტი ხშირად. წელიწადში ერთხელ ყველა ადამიანს სჭირდება ექიმთან ვიზიტი, მით უმეტეს - ქრონიკულად დაავადებულს. ოჯახის ექიმს ნარკოტიკული საშუალების გამოწერაც კი არ ეკრძალება. ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში ესეც გამოწეროს.

- სააფთიაქო ნარკომანია ახსენეთ. ცოტა ხნის წინ ამოქმედდა კანონი და აიკრძალა გარკვეული მედიკამენტების გაცემა, რომელსაც ნარკომანები იყენებდნენ. თუმცა ამბობენ, რომ მალულად ისევ გრძელდება ამ წამლების გაყიდვა აფთიაქებში. ყველა ყიდულობს მაინც. ამაზე რას იტყვით?

- შესწავლილია მდგომარეობა. ამ კუთხით მართლა კატასტროფული სიტუაცია იყო. არც ახლა გვაქვს კარგი მდგომარეობა. ტყუილი იქნება, რომ ვთქვა, არ ხდება გაცემა რეცეპტის გარეშე-მეთქი, მაგრამ სისტემატურად მიმდინარეობს ინსპექტირება და გვაქვს ბლომად სამართალდარღვევის გამოვლენის ფაქტი. თუმცა, ამ კანონის ამოქმედებამ შედეგი რომ გამოიღო, ესეც ცხადია. ის ნივთიერებები მეორე ჯგუფში იყო და მათი კონტროლი არანაირად არ ხდებოდა, არც - იმპორტის. ნებისმიერ აფთიაქს ჰქონდა გაცემის უფლება. ახლა ეს წამლები პირველ ჯგუფშია გადატანილი და მისი შეტანის უფლება სპეციალურ აფთიაქებს აქვთ. იმპორტიც ხორციელდება წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. თუკი შარშან ათეულობით მილიონი ტაბლეტი გვქონდა ქვეყანაში, წლევანდელი მონაცემებით, იმპორტი 70%-ით არის შემცირებული. მაშინ რაც შემოდიოდა, ისიც არალეგალურ არხებში გაედინებოდა. რეალიზაციის წესის დარღვევა პირველ ჯერზე არის 6.000 ლარი, ხოლო მეორე ჯერზე - 12.000 ლარი. სისტემატურ რეჟიმში მიმდინარეობს კონტროლი და საზოგადოებაც გვეხმარება - ყოველდღიურად შემოდის ინფორმაცია ამა თუ იმ აფთიაქში გამოვლენილ სამართალდარღვევაზე. თვითონ მოსახლეობა, სამართალდამცავები გვაწვდიან ინფორმაციას. არის შედეგი, მაგრამ ახლა ვიბრძვით იდეალური შედეგისთვის.

- ხალხი იმის გამოც წუხს, რომ მედიკამენტები გაძვირდება. თურმე ამის მაგალითებიც უკვე არსებობს - რამდენიმე დასახელების წამლის ფასმა მოიმატა.

- რატომ უნდა მოხდეს მედიკამეტების გაძვირება? ეს არ მოხდება. დღეს ექიმი თუ ჩვეულებრივ ფურცელზე წერს წამალს, 1-ლი სექტემბრიდან რეცეპტზე გამოწერს - ეს არის და ეს.

- აქ არის მეორე პრობლემა: ექიმები ხშირად, გარიგებულები არიან ამა თუ იმ ფირმის წარმომადგენლებთან და ამის მიხედვით იმ ფირმის წამალს წერენ. ალბათ ექიმებს უფრო გაეხსნებათ გზა. ამას როგორ გააკონტროლებთ?

- რეცეპტის ინსტიტუტი გვაძლევს იმის საშუალებასაც, დავადგინოთ, რომელი ექიმი რა მედიკამენტს და რა სიხშირით წერს. თუ მსგავსი ფაქტი იქნება, შესწავლა შესაძლებელი გახდება. დღეს ვერ ვადგენთ, რა მედიკამენტი დაუნიშნა ექიმმა პაციენტს.

- ბოლოს, რას ეტყვით შეშფოთებულ მოსახლეობას?

- შეშფოთებისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. მიმართონ ოჯახის ექიმებს და მიიღებენ რეცეპტს. მთავარია, თვითონ არ შეირჩიოს ადამიანმა წამალი და არ დააზარალოს საკუთარი ჯანმრთელობა.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"ძმაკაცი მომიკლეს!" - მეგობრების ემოციური გამოსამშვიდობებელი პოსტები დაჩი დარჩიას წყარო/Source: http://www.ambebi.ge/faceambebi/109841-qdzmakaci-momiklesq-megobrebis-emociuri-gamosamshvidobebeli-postebi-dachi-darchias.html#ixzz3C3HLp8hG

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია