ელის თუ არა თბილისს 9 ბალიანი დამანგრეველი მიწისძვრა

ელის თუ არა თბილისს 9 ბალიანი დამანგრეველი მიწისძვრა

დევდორაკის ხეობაში ბოლო 6 თვის მანძილზე მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ საზოგადოებაში პანიკის საფუძველი გააჩინა. მოსახლეობა შიშობს, რომ კავკასიის რეგიონში ბუნებრივი კატასტროფები მომრავლდება. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, მწერალ აკაკი გასვიანის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში 9 ბალიანი მწისძვრებია მოსალოდნელი და მალე თბილისი სასაფლაოდ გადაიქცევა, საზოგადოების შიში კიდევ უფრო გაამძაფრა. თუმცა სპეციალისტები გასვიანის განცხადებას არ ეთანხმებიან. ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში გასვიანი ამბობს, რომ მას მსგავსი ტიპის პროგნოზის გაკეთების საშუალებას მეცნიერ თამაზ ჭელიძის ინტერვიუ აძლევს, თუმცა თამაზ ჭელიძემ Ambebi.ge-ს განუცხადა, რომ მსგავსი ტიპის ინტერვიუ ბუნებაში არ არსებობს.

- ბატონო თამაზ, აკაკი გასვიანი თქვენზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისში 2015 წელს მოსალოდნელია 9 ბალიანი მიწისძვრები. რის საფუძველზე გააკეთეთ ასეთი პროგნოზი, რა საფრთხე ელოდება თბილისს?

- კატეგორიულად უარვყოფ მაგ ინფორმაციას, თითქოს თბილისში მასობრივი მიწისძვრებია მოსალოდნელი, ამგვარი პროგნოზი თანამედროვე მეცნიერების განვითარების დროს არ კეთდება. მიწისძვრების პროგნოზი სამწუხაროდ, შეუძლებელია, 9 ბალიანი მიწისძვრის ალბათობა მხოლოდ კავკასიონის ქედზე არსებობს. შესაძლოა, კავკასიონის ქედზე მოხდეს 9 ბალიანი მიწისძვრა 2500 წლის განმავლობაში. ინფორმაცია, რომელიც დღეს გავრცელდა, მხოლოდ ავანტურაა.

- სპეციალისტები თვლიან, რომ საქართველოში ჰესების მშენებლობა გამოიწვევს სტიქიურ უბედურებებს, ამის დასტურად მოჰყავთ დარიალის ხეობის 6 თვეში ორჯერ ჩამონგრევა...

- ჰესებს რაც შეეხება, ჰესების მშენებლობა პროგნოზირებული მიწისძვრების მაგნიტუდას არ აღემატება. დიდი ბრძოლა მიდის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. მაგალითად მოვიყვან შვეიცარიას, რომელიც არის ჩვენზე პატარა ქვეყანა, იქ აშენებულია 200 დიდი ჰესი და ამით არ დანგრეულა შვეიცარია. ჰესების მშენებლობის დროს, დეტალური კვლევა უნდა გაკეთდეს ადგილზე, რადგან ადგილი ცვლის სიტუაციას. დარიალის ხეობის ჩამონგრევა პირველად არ მოხდა, ეს რეგულარულად ხდებოდა. მაღალი მთებია, დახრაა, სამწუხაროდ არ ვიცით ჯერ, გლობალური დათბობის თუ რის გამო ხდება ეს. როცა მყინვარი დნება, ქანების დაშლილ მასას აწყლიანებს. ყველა მთიან რეგიონში ყოველთვის არის მეწყერის და ზვავების საშიშროება, ღვარცოფების განსაკუთრებით. კატასტრფული არაფერია. გლობალური დათბობა ააქტიურებს ასეთ პროცესებს. ამიტომ საჭიროა კვლევები, გამაფრთხილებელი მოწყობილობების დაყენება. ერთი ვარიანტი კვლევის გაკეთებული გვაქვს. კატასტროფა და ვულკანური ამოფრქვევა ეს ფანტაზიის ნაყოფია.

- თბილისი თუ დგას ბუნებრივი კატასტროფების წინაშე?

- თბილისი არაა მაღალ მთებში და ამის საშიშროება არ არის, მაგრამ არსებობს ადგილები, სადაც მოსუსტებულია გრუნტი, მაგალითად მთაწმინდაზე, სადაც მთა ჩამოზვავდა რამდენიმე წლის წინ.

თეა გოდოლაძე (სეისმოლოგი)

- მოსალოდნელია თუ არა 9 ბალიანი მიწისძვრები თბილისში?

- ასეთი რაღაც რომ შეეძლოს კაცობრიობას, წინგადადგმული და წარმატებული ნაბიჯი იქნებოდა. ეს ცრუ განგაშია, მიწისძვრა აუცილებლად მოხდება, მაგრამ როდის, სად და რამდენი მაგნიტუდით, არავინ იცის. მისი დროის განსაზღვრა არავის შეუძლია. მსგავსი ტიპის პროგნოზის გაკეთება, პანიკის თესვა, პროვოკაცია და ყველანაირ საფუძველს მოკლებული აზრია.

- ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ჰესები და სხვადასხვა მასობრივი მშენებლობები გამოიწვევს ხშირ მიწისძვრებს საქართველოში?

- სად ჰესი და სად მიწისძვრა? მიწისძვრის გამოწვევა არასერიოზული თემაა. როდესაც მსგავს საკითხებზე ხდება მსჯელობა, პროფესიონალების აზრს უნდა დავეყრდნოთ და არა მჭერმეტყველებს. რა თქმა უნდა, მშენებლობები ისეთი მყარი და მდგრადი უნდა იყოს, რომ კატასტროფებს გაუძლოს, მაგრამ ამით სპეკულირება სასაცილოა.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია