"რომ არა სიყვარული, ვერ ვიქნებოდი რეჟისორი" - დაჩი დარჩიას ბოლო ინტერვიუ

"რომ არა სიყვარული, ვერ ვიქნებოდი რეჟისორი" - დაჩი დარჩიას ბოლო ინტერვიუ

მას მერე, რაც დაჩი დარჩიას შემზარავი მკვლელობის ამბავი შევიტყვე, ამ ტრაგიკული ფაქტით მთლიანად შეძრული ვარ. ჩემ გარშემო მხოლოდ ეს ფრაზა მესმის: "ასეთ კეთილ, თბილ და წესიერ ადამიანს რომ მოკლავ, არაკაცი ხარ!" დიახ, ის სიცოცხლეს გამოასალმეს...

როგორც აღინიშნა, დაჩი ბარში დიჯეიდ მუშაობდა, მაგრამ ნაკლებად ლაპარაკობენ მის სარეჟისორო ნამუშევრებზე -არადა, არაერთი საინტერესო კლიპისა თუ ვიდეორგოლის ავტორია, ვინაიდან პროფესიით რეჟისორი იყო...

ისიც ცნობილია, რომ კლიპზე ყოველთვის პარტნიორ, თანარეჟისორ ბასა სამხარაძესთან ერთად მუშაობდა. რაც შეეხება მათ ერთობლივ პროექტებს, ესენია - ქეთა თოფურიას "შაირი" (რიმტირი, რიმტირი...), ვერიკო ტურაშვილის "შენამდე", მზია არაბულის "იას ვუთხარი ტურფასა", ლიკა შუბითიძის ცნობილი იტალიური სიმღერა, ძმები გულაშვილების ჯაზური კომპოზიცია... ამ ჩამონათვალიდან ალბათ ყველაზე წარმატებული ქეთა თოფურიას კლიპი აღმოჩნდა, რომლიც ქართული მუსიკალური არხებიდან არ ჩამოდიოდა. ის ქართული მხატვრული ფილმის -"შეხვედრდრა მთაში" მიხედვით გადაიღეს. მასში ქართული კინოს ლეგენდები ლეილა აბაშიძე და თენგიზ არჩავძეც თამაშობდნენ (ქეთა კი კლიპში ახალგაზრდა ლეილა აბაშიძის პერსონაჟს განასახიერებდა).

რამდენიმე წლის წინ კი დაჩიმ ლიკა შუბითიძის კლიპი -"თუ ასე ტურფა იყავი" მარტომ გადაიღო და ამ საკითხზე ტრადიციულად საკმაოდ საინტერესო ინტერვიუც მომცა.

იმის გამო, რომ თემა რეჟისორისთვის არც ისე მარტივი იყო, გასააზრებლად დრო სჭირდებოდა, მასზე 8 თვის განმავლობაში იმუშავა. თანაც, მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ თავად მომღერალი საქართველოში არ იმყოფებოდა, ამერიკაში გახლდათ (ემიგრანტი); ამიტომ დაჩი ლიკასთან ურთიერთობას ინტერნეტის, კონკრეტულად კი -სკაიპის საშუალებით ახერხებდა. ნამუშევარი მართლაც საინტერესო გამოვიდა...

ახლა კი იმ ჩვენი დიალოგის გახსენება მინდა, რომელიც ჟურნალ "გზაში" იმ პეროდში დაიბეჭდა.

-დაჩი, ყოველთვის პარტნიორთან -ბასა სამხარაძესთან ერთად მუშაობ. ამჯერად მარტომ რატომ გადაიღე? თქვენი შემოქმედებითი ტანდემი ხომ არ დაიშალა?

- როდესაც ჩვენი აზრები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით იყოფა, ვამჯობინებთ, რომ ცალ-ცალკე ვიმუშაოთ. ასე იყო ახლაც, ლიკას კლიპზე. თუმცა ორივე ერთად, ამაჟამად, ერთ ვიდეორგოლზე ვართ დაკავებულები და კიდევ რამდენიმე პროექტი გვაქვს ერთად წამოწყებული. ასე რომ, არ დავშლილვართ, ისევ ერთად ვართ (იღიმება).

-რაც შეეხება შენს ახალ კლიპს, მასზე რას გვეტყვი?

- ყველაფერი ჩემი და ლიკას მეგობრობით დაიწყო. როდესაც რაიმე ახალ კომპოზიციას ჩაწერს ხოლმე, ერთ-ერთ პირველს, მისი მეგობრებიდან, უცხოეთიდან ინტერნეტის საშუალებით, მე მიგზავნის და მასმენინებს, რადგანაც ჩემი აზრი აინტერესებს. როდესაც მისი ახალი სიმღერა -"თუ ასე ტურფა იყავი", მოვისმინე, საოცრად მომეწონა. ჩემთვის წარმოუდგენლიც კი იყო თუ ამ ცნობილი თემის ასეთი ინტერპეტაცია შეიძლებოდა.

- ლიკა ამ სიმღერაში ფოლკლორულ ხაზს მიჰყვება, თუმცა თემა თანამედროვე ალტერნატივულ მუსიკის ფონზე ვითარდება...

-დიახ, ასეა. აქვს თავსი კულმინაცია, საოცარი დრამატიზმი... ეს კი ნებისმიერი რეჟისორისთვის ვიდეორგოლის გადასაღებად საუკეთესო მასალაა ანუ აღნიშნული კომპოზიცია საშუალებას იძლვა, რომ ბევრი იფიქრო და არა მარტივად.

- კომპოზიცია რომ მოისმინე, მასზე კლიპის გადაღების სურვილი მაშინვე გაგიჩნდა?

- მაშინვე, ოღონდ, ამის შესახებ ხმამაღლა არავისთვის მითქვამს, თემას ჩემთვის ჩავუღრმავდი... მერე ამ სიმღერის ძველი ვერსიები -ჰამლეტ გონაშვილის, ვერიკო ტურაშვილის შესრულებით მოვისმინე.Aამ კომპოზიციას შესანიშნავად ასრულებდა აგრეთვე ფლეიტისტი, აწგარდაცვლილი დავით ოძელაშვილი; მას კომპოზიციისთვის რატომღაც "ალთანია" დაურქმევია... ამ სახელწოდებამაც დამაფიქრა... ამასთან, დავიწყე სიტყვის "ტურფას" სიღრმეებში წვდომა და ბევრ საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი. დღევანდელ ქართულ სლენგში "ტურფა" მიღებულია, "კეკელკა" ქალბატონის სინონიმად -ქალბატონისა, რომელიც ზედმეტად გადაპრანჭულია და ცოტა უგემოვნოდაც. თავისთავად კი ის არაბული წარმოშობის სიტყვაა და ყველაზე სანუკვარს, ძვირფასს და რელიკვიადქცეულს ნიშნავს. როდესაც ესა თუ ის ადამიანი ტურფას მნიშვნელობას იძენს, იგი შეიძლება, ისე დაისაკუთრონ, რომ თილისმადაც იქცეს...…

-ბევრი გიფიქრია...

-კი, საჯარო ბიბლიოთეკაშიც ვიყავი, უამრავი ლიტერატურა წავიკითხე. ერთ ძველ, საინტერესო წერილსაც გავეცანი, რომ თურმე სიტყვა -"ტურფა" წვიმის ქალღმერთ მაიას არსებობასაც უკავშირდება, რომელსაც შიკრიკად ჭიამაია ჰყავდა.

ჭიამაიას კი, ამ საოცარ არსებას, მაგალითად, გერმანელები "მერის ხოჭოს" ეძახიან ანუ წმინდა მარიამის ხოჭოს, მუსლიმანებს თავიანთი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ. ქრისტიანულ სამყაროში ის აუცილებლად ღვთის სხელს უკავშირდება. საქართველოში კი მას ოდითგანვე ჭიამაია ერქვა, მაგრამ როგორც ჩანს, მას ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნების ეთნოსიდან პატარ-პატარა ელემენტები აღებული. თუნდაც ის, რომ წვიმის ქალღმერთ მაიას ქართული ფესვები არ აქვს; წინაქრისტიანულ პერიოდში ასეთი რიტუალიც არსებობდა -გასათხოვარ ან გაუთხოვარ ქალებს უფროსი ქალბატონები ჭიამაიებს ხელზე ასმევდნენ და ამბობდნენ ასეთ ფრაზას: -"ჭიავ, ჭიავ, მაპოვნინე, მე შენ დედას გაპოვნინებ". "მაპოვნინეში" კი იმ "ტურფას" პოვნა იგულისხმებოდა, რომელიც მისთვის ყველაზე სანუკვარი, ძვირფასი და მისი ცხოვრების თანმაგზავრი იქნებოდა.

-შენი თემაში ასეთი ღრმა წვდომა, ვფიქრობ, გამოჩნდა კიდევაც ნამუშევარში, რომელიც გასულ კვირას ტელეეკრანზე ვიხილეთ... მაგრამ რეჟისორის ჩანაფიქრი გაზრება ერთია, ყველაფრის თავმოყრა-რეალიზება კი -მეორე. როგორ მოახერხე ეს?

-კლიპისთვის გარკვეულ მასალას საქართველოს მასშტაბით ვიღებდი, რაღაც კადრებს კი ლიკა, ჩემი თხოვნით, ხან დამოუკიდებლად და ხან მეგობრების დახმარებით, ამერიკაში იღებდა. მას

სკაიპის საშუალებით ვეკონტაქტებოდი -ვეუბნებდი, სად უნდა დაედგა კამერა, რომ შესაბამისი კადრები გადაეღო, რა დისტანციით უნდა ყოფილიყო კამერასთან. ერთხელ სახლში, იქ სადაც ცხოვრობს, გადასაღები მოედანიც კი მოაწყო... მოკლედ, კადრში, სადაც ლიკა ჩანს, ის მასალა ამერიკაშია გადაღებული, დანარჩენი -საქართველოში.

-ვიდეორგოლში სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების ადამიანი ამბობს სიტყვას -"მიყვარხარ!" ასე რატომ გადაწყვიტე?

-როგორც აღვნიშნე, ჭიამაიას არაერთი ერის ფოლკლორსა თუ მითოსში თავისებური სიმბოლური დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ამ ყველაფერს სამწუთიან კლიპში თავმოყრას ფაქტობრივად, ვერ მოვახერხებდი და თან, გამართლებულიც არ იქნებოდა. ამიტომ ყველაფერი მაინც ზოგადად, სიყვარულს, ცხოვრებისეული თანამგზავრის აღმოჩენასა და პოვნას დავუკავშირე. კლიპის ყველა მონაწილე ამბობს სიტყვას -მიყვარხარ! და არა ფრაზას -"ჭიავ, ჭიავ, მაპოვნინე, მე შენ დედა გაპოვნინებ!" თუმცა კლიპი სრულდება ამ სიტყვებითა და იმ "რიტუალით", რომელზეც უკვე ვისაუბრე და შორიდან ისმის ხან ბავშვის, ხანაც ლიკას ხმა: -"ჭიავ, ჭავ, მაპოვნინე, მე შენ დედას გაპოვნინებ"...

-პირადად შენთვის რას ნიშნავს სიყვარული?

-ცხოვრებაში თუკი რამე კარგი ხდება, ყველაფერი სიყავრულს უკავშირდება. რომ არა ეს გრძნობა, ვერ ვიქნებოდი რეჟისორი და ვერ გადავიღებდი მატერიალური ინტერესის გარეშე ვიდეორგოლს. რომ არ მიყვარდეს, ამ ყველაფრის ასე გაკეთების იდეაც არ მოვიდოდა. სიყვარული საერთოდ კაცობრიობის ღერძია, რომლის ირგვლივაც ხდება ყველაფერი კარგი. არ შეიძლება, სიყვარულმა ცუდი რამ შექმნას. მე ასე მესმის და მჯერა!.. თან, ლიკას ნამუშევარი რომ მოვისმინე, მაშინვე გამიჩნდა ამის ასე გადაღების სურვილი. არადა, იგივე თემა სხვა მომღერლის შესრულებით რომ მომესმინა, ალბათ სრულიად სხვა კლიპს შევქმნიდი. მე ამ ნამუშევრით ლიკას ცხოვრებაში მომხდარი პირადი ტრაგედის გადმოცემაც მინდოდა, რადგანაც ვიცი, მან ეს თემა რატომაც აიღო. კარგად ვიცნობ მას და ვიცი, რომ მისთვის კლიპის ასე გადაწყვეტა საინტერესო იქნებოდა. ამასთან, ის იმ რანგის შემსრულებელია, რომ მის ვიდეორგოლზე ვინც არ უნდა იმუშაოს, ვერ შექმნის კლიპს მხოლოდ ეფექტებით, ლამაზი კოსტიუმებითა და კარგი გრიმით... მისგან ისეთი მუხტი მოდის, რომ ყველაფერი რღმად უნდა გაიაზრო.

-ეს ახალ ნამუშევარი შავ-თეთრია. აქა-იქ თუ გამოჩნდება წითელი და მწვანე ფერი. რატომ?

-ბევრი ფერი ჩემში დიდ ქაოსსა და გაღიზიანებას იწვევს. ამის გამო ხალხმრავალ ადგილებსაც ვერიდები, თუნდაც იმის გამო, რომ თვალები მეღლება. შეიძლება, მასკარადზე ძალიან ლამაზია ყველაფერი, ბრჭყვიალებს, მაგარმ იქ მე 15 წუთში საოცარ დაღლილობას ვგრძნობ. ამიტომ კლიპზე მუშაობისას დამჯდარი ფერები მირჩევნია.

-მატერიალური დაინტერესებაც ახსენე და საინტერესოა, ამ კლიპზე მუშაობისას გქონდა თუ არა მატერიალური დაინტერსება?

-არა, აქ ყველაფერი მხოლოდ მეგობრობამ გააკეთა. როდესაც ვმუშაობ, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ სათქმელი ვთქვა ისე, როგორც ვხედავ, განვიცდი. იმ პერიოდში არ ვფიქრობ იმაზე, ნამუშევარი ვის როგორ მოეწონება და მიიღებს. მე ვქმნი, შეფასება სხვისი საქმეა.

ჩემთვის მთავრი ის არის, რომ ვიდეო მგონი, ლიკასთვის მისაღები და ძვირფასი გავხადე, რადგანაც ვიმეორებ, ვიცი, ის კომპოზიცია რატომ შექმნა. "თუ ასე ტურფა იყავი", -ეს მისი ტკივილი იყო. მან ამით ყოფილ სიყვარულს მიმართა და იქვე დაემშვიდობა კიდეც! ამ ყველაფერს სინანულის გრძნობა ახლავს. კლიპში იმ აბსოლუტურად უცხო ადამიანების გვერდით, რომლებიც გადავიღე და თითოეული სიტყვით -"მიყვარხარ!" დაფიქსირდა, ჩემთვის ძვირფასი ადამიაებიც -დედაჩემი და ჩემი დაც გადავიღე. ეკრანიდან ასევე სიყვარულს გვიხსნის ლიკას დედა -ქალბატონი ნანა შუბითიძე, ლიკას ძმა და მოხუცი ბებია-ბაბუა...

პ.ს. აი, ასეთი ღრმა, განათლებული, საქმიანი, მეგობრებზე უზომოდ შეყვარებული, კეთილი, მოაზროვნე, ყურაღებიანი და თბილი ადამიანი იყო დაჩი... მას ბევრი გეგმა და ოცნება ჰქონდა. დიჯეიდ კი მუშაობდა, მგრამ მისი სწრაფვა და სურვილი რეჟისორობა იყო და ამ საქმისთვის მზად იყო თუნდაც უანგაროდ ეშრომა... საკუთარი არსებობით ამ ქვეყნად, ადამიანების გულებში მხოლოდ სიყვარული დატოვა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია