უნდა იყოს თუ არა სიკვდილით დასჯა?! - საქართველოში სასჯელის უკიდურეს ფორმას ითხოვენ

უნდა იყოს თუ არა სიკვდილით დასჯა?! - საქართველოში სასჯელის უკიდურეს ფორმას ითხოვენ

ბოლო დღეებია, ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე მძიმე დანაშაული მოხდა. მართალია, პოლიციამ თითქმის ყველა მომხდარი საქმე გახსნა, მაგრამ მოსახლეობაში გარკვეული შიშის ფაქტორი გაჩნდა. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ხალხი, რომელიც სიკვდილით დასჯის აღდგენას მოითხოვს, რადგან სასჯელის არსებულ ზომებს იმდენად მცირედ თვლიან, რომ დამნაშავე მას არ უშინდება. არის კი სიკვდილით დასჯა პანაცეა?!

XX საუკუნის დასასრულისთვის პოლიტიკური გარემო უკვე ისეთი იყო, რომ საერთაშორისო უწყებათა უმრავლესობამ მიიღო სიკვდილით დასჯის გაუქმებასთან დაკავშირებული ოქმები და კონვენციები. თუმცა, ამგვარი ქმედება ჯერ არ განუხორციელებია ყველა სახელმწიფოს. მაგალითად, სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ შტატში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში, თუმცა როგორც სტატისტიკა მეტყველებს, ეს სულაც არ უშლის ხელს, რომ ამ ქვეყნებში მძიმე კრიმინალური დანაშაულები მოხდეს. საპირისპირო სურათია სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც სიკვდილით დასჯა აკრძალულია, თუმცა არათუ მძიმე, მსუბუქი კრიმინალური შემთხვევებიც კი იშვიათად ხდება, ანუ გამოდის, რომ სიკვდილით დასჯა არ არის ეფექტური სასჯელი?!

ხშირია, როდესაც ადამიანს აპატიმრებენ, ის ვერ ამტკიცებს საკუთარ უდანაშაულობას, მაგრამ 3-4 წლის მერე გამოჩნდება ახალი სამხილი და აღმოჩნდება, რომ ის მართლაც უდანაშაულო ყოფილა. 

რელიგიური თვალსაზრისთაც გაუმართლებელია სიკვდილით დასჯა. სიცოცხლე ღვთის მიერ მონიჭებულია და არავის აქვს უფლება, რომ ის წაართვას ადამიანს, თანაც, როდესაც პიროვნება ჩაიდენს დანაშაულს, პატიმრობის დროს მას აქვს საშუალება შეინანოს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ნახევარწამიანი შენანებაც კი აცხოვნებს ადამიანს, ანუ დახვრეტამდეც შეუძლია შენანება, მაგრამ როდესაც იცი, დღეს თუ არა ხვალ უნდა მოგკლან, სინანულზე მეტად იმაზე ფიქრობ, როგორ უშველო თავს - სამწუხაროდ, ადამიანის ბუნებაა ასეთი.

არის კიდევ ერთი ფაქტორიც. კრიმინალი მუდამ იარსებებს და დამნაშავის სიკვდილით დასჯით (ვერც სამუდამო პატიმრობით) საზოგადოება, რომელსაც მან ზარალი მიაყენა, ვერავითარ სარგებელს ვერ ნახავს. ამიტომ, ხომ არ აჯობებს საპატიმროებში არსებობდეს რაიმე საქმე, რომელსაც პატიმრები სრულიად უსასყიდლოდ გააკეთებენ. ამით იმ შედეგსაც მივაღწევთ, რომ ციხიდან გამოსულს საზოგადოებაში თავის დამკვიდრება არ გაუჭირდება. 

მუსულმანურ ქვეყნებში დღემდე შარიათის კანონები მოქმედებს და იქ სიკვდილით დასჯა ჩვეულებრივი ნორმაა, მეტიც, მისი აღსრულება მსუბუქ დანაშაულზეც კი ხდება. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, სადაც მანდილოსნის ქვებით ჩაქოლვა იყო გადაღებული. მანდილოსანს ბრალად უცხო კაცთან ყოფნა ედებოდა. საინტერესოა, რომ ჩაქოლვაში ყველაზე მეტად ამ ქალბატონის ძმები აქტიურობდნენ, ხოლო მამაკაცი, ვისთანაც ეს ქალბატონი იყო, საერთოდ არ დასჯილა.

სიმკაცრე არასოდეს არის შველა. მაგალითისთვის ისევ აღმოსავლური ქვეყნების მოყვანა შეიძლება, ასევე სტალინის პერიოდის საბჭოთა კავშირის, როდესაც ისე ქრებოდნენ ადამიანები, მათ კვალს ვეღარასოდეს პოულობდნენ, თუმცა დანაშაული მაინც ხდებოდა და არც თუ ისე ცოტა.

არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მკვლელობის მუხლით ბრალდებული ციხიდან გამოსულა და სწორი ცხოვრებით გაუგრძელებია გზა, ბევრი კარგიც გაუკეთებია. სახელმწიფოს მთავარი მოვალეობა დანაშაულის პრევენციაა, თორემ უკვე მოხდარ ფაქტს ვერც სამუდამო პატიმრობა უშველის და ვერც სიკვდილით დასჯა.

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

საქართველოში 100 000-ზე მეტ ადამიანს სესხი გაუძვირდა

პირველი შეკვეთიდან 5 მილიონამდე - Menu.ge 5 წლისაა

რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან A კატეგორიის ტაქსის მძღოლები