დაცული საძოვრები, საქონელი და ბაღ-ბოსტანი - ქართველ მეჯოგეებს "ელექტრონული მწყემსი" დაეხმარება

დაცული საძოვრები, საქონელი და ბაღ-ბოსტანი - ქართველ მეჯოგეებს "ელექტრონული მწყემსი" დაეხმარება

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, არასამთავრობო ორგანიზაციები ფერმერებს "ელექტრონული მწყემსის" გამოყენებას სთავაზობენ. სხვათა შორის, "ელექტრონული მწყემსი" განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად გამოიყენება და ბევრ ფერმერს ასეთი დახმარების გარეშე საძოვრებისა და პირუტყვის მოვლა ვერც წარმოუდგენია.

ფერმერებს "ელექტრონულ მწყემსს" პროექტ MOLI-ს ფარგლებში სთავაზობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია "სენის" წარმომადგენლის, რეზო გეთაშვილის ინფორმაციით, "ელექტრონული მწყემსი" არის მზის ენერგიაზე მომუშავე აპარატი, რომელზეც შეერთებულია მავთული. მავთული გარშემორტყმულია გარკვეული ფართობის საძოვარზე, თუკი ცხოველი ტერიტორიის დატოვებას გადაწყვეტს, მას დენი დაარტყამს და უკან გამოაბრუნებს. ბუნებრივია, ელექტროდარტყმა პირუტყვისთვის საზიანო არ არის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში საძოვრების სიმწირეა. "ელექტრონული მწყემსის" მეშვეობით კი შესაძლებელი იქნება მათი მონაცვლეობა, რაც აუცილებელია საძოვრების მოვლისთვის.

"მინდორს შემოფარგლავ მავთულით. ამ სისტემის უპირატესობა ის არის, რომ მინდვრების ქაოსური გადაძოვება არ მოხდება, ასევე გვერდით მდებარე ბაღ-ვენახები დაცული იქნება პირუტყვის გადაჯეგვისგან. ერთი სიტყვით, შესაძლებელია საძოვრების მართვა. ამჟამად მოსახლეობა საძოვრებს მხოლოდ საექსპლუატაციოდ იყენებს და არ არის დაკავებული მათი მოვლით. არადა, მათი მოვლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა როტაცია, სეზონურად ან წლიურად", - ამბობს რეზო გათიაშვილი.

საძოვრების შემოღობვა გაცილებით ძვირი ჯდება, თუმცა, "ელექტრონული მწყემსის" მოხსნა და სხვა ადგილზე გადატანაცაა შესაძლებელი.

"სენის" წარმომადგენლის ნინო თევზაძის ინფორმაციით, აღნიშნული სისტემით 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაცვა 4 ათას ლარამდე ჯდება.

"ეს პროექტი გავაკეთეთ ჯერ კიდევ 2012 წელს მიწის რესურსების მართვის შესახებ პროექტის ფარგლებში. საპილოტე ფარგლებში კახეთში ჩავატარეთ სემინარები და გლეხებს საძოვრების მართვის თანამედროვე სისტემა გავაცანით. გარდა "ელექტრონული მწყემსის" დანერგვისა, ჩვენ საპილოტე ტერიტორიებზე შევიტანეთ ესპარტეტის თესლი. ეს კულტურა ძალიან ნოყიერი და ტკბილია, იგი მეფუტკრეობისთვისაც გამოიყენება", - ამბობს ნინო თევზაძე.

პროექტი "MOLI" "ელექტრომწყემსის" საცდელ პროექტს კახეთში, საგარეჯოს რაიონში ახორციელებს - ხაშმსა და უდაბნოში - ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საცდელი პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საძოვრების როტაციის სისტემის დანერგვით კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი, გადაძოვილი საძოვრების პრობლემის აღმოფხვრას.

სპეციალისტების განცხადებით, დღეს მეცხოველეობის განვითარების თვალსაზრისით ყველაზე მწვავე პრობლემა საძოვრების დეფიციტია. პროფესორ პაატა კოღუაშვილის აზრით, საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და დეფიციტი ისედაც არსებობდა, ამიტომ, რაც გვაქვს, მათი ეფექტური და რაციონალური გამოყენება უნდა მოხდეს.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია