გიორგი სიგუა - "კაზანტიპის" ჩატარებამდე საპატრიარქოში მქონდა შეხვედრები

გიორგი სიგუა -  "კაზანტიპის" ჩატარებამდე საპატრიარქოში მქონდა შეხვედრები

ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი სიგუა "კაზანტიპის" ჩატარებამდე საპატრიარქოში დაიბარეს. ამის შესახებ მან "ბიზნეს კურიერთან" ინტერვიუში განაცხადა:

"საპატრიარქოში მქონდა შეხვედრები მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. მითხრეს, რომ ეს არ უნდა ჩატარდეს, ეს იქნება სოდომი და გომორი, იქნება უბედურება და საქართველო დაკარგავს ანაკლიასო. იმიტომ დაკარგა უკრაინამ ყირიმი, რომ იქ კაზანტიპი ტარდებაო. მოვუსმინე მშვიდად, ვუთხარი ჩემი არგუმენტები. თითქოს ერთ მომენტში დაიჯერეს და დათანხმებას აპირებდნენ, მაგრამ მერე ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა... ღმერთმა დამიფაროს, მთელ ეკლესიას შევეხო, გავაკრიტიკო ან რაღაც ცუდი ვთქვა, მაგრამ იქ არიან წარმომადგენლები, რომლებიც არ იქცევიან ისე, როგორც უნდა იქცეოდნენ სასულიერო პირები. ისინი ძალიან უარყოფით როლს ასრულებენ ქვეყნის და საზოგადოების განვითარებაში. რამდენიმე სასულიერო პირი დამადგა და შანტაჟის გზით მითხრეს, რომ შენი ერთ-ერთი მოადგილე არის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონეო. ვუპასუხე, მერე რა, რა თქვენი საქმეა, გვაქვს ანტიდისკრიმინაციული კანონი-მეთქი... თუმცა ჩემზე ამას არ მოუხდენია არანაირი გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ ვარ საკმაოდ მორწმუნე ადამიანი, მართლმადიდებელი ქრისტიანი, მიმაჩნია, რომ ეკლესიას აქვს თავისი ადგილი, სასულიერო პირებს აქვთ თავისი ადგილი და სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას თავისი ადგილი. ამათი გადაჯაჭვა და ერთმანეთთან მჭიდროდ გადაკვეთა იწვევს ირანს", - განაცხადა სიგუამ.

სიგუას თქმით, ამ საუბარს პირადად მასზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე მოახდინა, რომელმაც ფესტივალის ჩაშლა და სხვა ტიპის ფესტივალის ქართული მხარის ორგანიზებით ჩატარების იდეა შესთავაზა:

"მას შემდეგ რაც მინისტრი საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდა, მითხრა, რომ ჯობია ჩვენ ეს ღონისძიება ჩავშალოთ და ჩავატაროთ სხვა ღონისძიება. რაზეც მე ვუპასუხე, რომ ფესტივალი ჯდება 7-8 მილიონი ლარი, თუ ამ ფულს მომცემ და ჩავატარებ რაიმე ფესტივალს, ერთი - ეს იქნება წყალში გადაყრილი თანხა, მეორე - ჩვენ გავხდებით დასაცინი და მესამე - როგორ შეიძლება, შენ გყავდეს ინვესტორი, რომელიც ფულს აქეთ ხარჯავს, შენ კაპიკს არ გთხოვს, აქეთ მოაქვს უზარმაზარი ინვესტიციები და შენ სახელმწიფოს ფულს იღებ და ხარჯავ. მე ამაზე ვუთხარი უარი", - ამბობს სიგუა.

სიგუას თქმით, ეს ფესტივალი სამეგრელოს რეგიონის აყვავების შანსია:

"ეს არის უზარმაზარი ფული და ბიზნესი, მშიერი ხალხის დაპურების საშუალება, რაც არ აინტერესებს არავის", - განუცხადა "ბიზნეს კურიერს" გიორგი სიგუამ.

სალომე შიხაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია