ვახტანგ რჩეულიშვილი: ''მიმაჩნია, რომ ბოიფრენდ-გერლფრენდის ინსტიტუტი უნდა განვითარდეს!''

ვახტანგ რჩეულიშვილი: ''მიმაჩნია, რომ ბოიფრენდ-გერლფრენდის ინსტიტუტი უნდა განვითარდეს!''

ვახტანგ რჩეულიშვილს ინტერვიუს ჩასაწერად სახლში ვესტუმრეთ. თბილისის ფონზე, რომელიც ჩვენი რესპონდენტის სახლიდან ხელის გულივით მოჩანდა, ტრადიციებსა და მათ წარმომავლობაზე ვისაუბრეთ.

- ტრადიცია არის ცხოვრების წესი, ფასეულობები, რომლისგანაც საუკუნეების განმავლობაში ღერძი რჩება და დროთა განმავლობაში რაღაც იცვლება. ტრადიციების მიმდევრები უფრო ასაკში შესული ადამიანები არიან, ახალგაზრდები ნაკლებად იცავენ მათ, წლების მატებასთან ერთად ხვდებიან მათ მნიშვნელობასა და აუცილებლობას. მაგალითად, ებრაულ ოჯახში ყველაზე მეტს ხანში შესული ლოცულობს, ის მისდევს ტრადიციებს და ასწავლის შვილიშვილებს სიბრძნეს.

ჩვენი ერთ-ერთი ტრადიცია არის სუფრა, სადღეგრძელოებში ჩაქსოვილია პატივისცემა, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იერარქია - პირველი რა უნდა დალიო, მეორე - რა...

- თუმცა თამადის ინსტიტუტი, ერთი და იგივე სადღეგრძელოები, ლექსივით გაზეპირებული თანმიმდევრობა ცოტა აღიზიანებთ...

- ისინიც გაიზრდებიან და მიხვდებიან, რომ ამ ინსტიტუტში თავისებური სიბრძნეა (იცინის). ამის დადებითი მხარე ისიცაა, რომ მთელი რიგი სადღეგრძელოებისა დავიწყებას არ მიეცა.

- ბატონო ვახტანგ, ოჯახის შექმნის ტრადიციასა და ქორწინებამდე წყვილის თანაცხოვრებაზე რას ფიქრობთ?

- ტრადიციების მომხრე ვარ, მაგრამ არა ისეთი ტრადიციებისა, როდესაც ქალწულობის დასამტკიცებლად ზეწარს ამზეურებენ. დასავლურმა კულტურამ სწორად გაიარა ბოიფრენდისა და გერლფრენდის ინსტიტუტის გზა, რომელიც საკმაოდ პატარა ასაკიდან ყალიბდება გოგო-ბიჭებში. შეიძლება, მათ სულაც არ ჰქონდეთ სექსუალური კავშირი, მაგრამ ბავშვები ერთად არიან, ინტიმურ ურთიერთობას კი როდის დაიწყებენ, ეს მათი საქმეა, მაგრამ პირველ გამოცდილებას კოცნასთან, მოფერებასთან დაკავშირებით აქედან იღებენ. მე ორი გოგონას ბაბუა ვარ და ბევრი მიფიქრია იმაზე, რამდენად მისაღებია ეს ქართული რეალობისთვის. უნდა ვთქვა, რომ მისაღებია, რადგან ამ ურთიერთობის დროს შენი შვილიშვილი – გინდა ბიჭი იყოს, გინდა გოგო – დაცულია.

- რისგანაა დაცული?

- ქუჩისაგან, ნარკოტიკისა და სხვადასხვა საფრთხისგან. ნინოს (დარასელი – ავტ.) შვილს, ზაზას, მთელი ცხოვრება ჰყავდა გერლფრენდი და ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, ვისთან იყო. როცა ვიგებდით, რომ მასთან ან ძმაკაცებთან იყო, არ ვღელავდით, მაგრამ თუ ქუჩაში იყო, სხვაგვარი მღელვარება გვეუფლებოდა. ასე რომ, დაცვის ხარისხი ბევრად უფრო დიდია, როცა ადამიანს მეგობარი ჰყავს. როცა ის გოგონა ჩვენთან სახლში მოდის, ჩემთვის ის შვილიშვილი ხდება, ის ბევრად უფრო დაცულია ზაზასა და ჩვენთან, ვიდრე, მაგალითად, მეგობარ გოგონასთან, რომელიც თავის მხრივ დაუცველია. თუმცა, ზოგი გოგონა ისეთი აგრესიულია, არავის დაცვა არ სჭირდება (იღიმის). ეს ინსტიტუტი საქართველოშიც უნდა განვითარდეს, რადგან ორი ადამიანის ოჯახის შესაქმნელად მომზადების ყველაზე დაცული ფორმაა.

- თუმცა აქაც აუცილებელია ნორმის დაცვა...

- რასაკვირველია, ორჯერ და სამჯერ პარტნიორის შეცვლა შესაძლებელია, მაგრამ ყოველდღიურ ცვლილებას უკვე ბოზობა ჰქვია. გაცნობასა და მეგობრობას ხომ დრო უნდა. სიტყვებში: ბიჭი-მეგობარი, გოგო-მეგობარი გარკვეული ვალდებულებები დევს, გერლფრენდ-ბოიფრენდის ოჯახები ერთმანეთს უნდა იცნობდნენ, ენდობოდნენ, ერთმანეთის ტელეფონები უნდა ჰქონდეთ, უნდა შეეძლოთ ერთმანეთთან დარეკვა, შვილების მოკითხვა, ერთად უნდა უვლიდნენ და პატრონობდნენ ამ წყვილს. შემდეგში როგორ განვითარდება მოვლენები, ეს თავად წყვილზეა დამოკიდებული. სულ არაა სავალდებულო ნაადრევ ასაკში დაქორწინება, შეიძლება, ამის თავიდან ასაცილებლადაც იყოს მისაღები ეს ინსტიტუტი, თუმცა არც ისე გვიან არ ვარგა დაქორწინება, როგორც ეს დასავლეთში ხდება - 35 წლის შემდეგ ყველაფერი, მათ შორის ბავშვის გაჩენაც კი, რისკია.

- როგორია თქვენი აზრი გენდერული თანასწორობის შესახებ.

- ჩვენთან ირღვევა გენდერული თანასწორობა, ოღონდ ქალების სასარგებლოდ!.. მაიამ და რუსუდანმა ჩამოაყალიბეს კომპანია და მე ვეხმარები, აბა, სადაა გენდერი აქ? როცა გარკვეულ თემაზეა საუბარი, მათ თუ შეუერთდებიან შვილები, შვილიშვილები - ხომ საერთოდ უმცირესობაში ვარ, გუგაც უცებ მოტყდება, ნიკუშაც, მე შემატოვებენ ხოლმე ამ ქალებს (იცინის). ასე რომ, ოჯახში ვითხოვ გენდერულ თანასწორობას (იცინის).

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია