როდიდან გაიაფდება ავტობუსით მგზავრობა?

როდიდან გაიაფდება ავტობუსით მგზავრობა?

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლება ხელში ჩაიგდო თუ არა, ეგრევე ბიუჯეტის უყაირათოდ ხარჯვას მიჰყო ხელი. ამის დასტურად ე.წ. ყვითელი ავტობუსების შემოყვანა გამოდგება, რომლლებიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, საკმაოდ ძვირად შეიძინა, როცა ეს "ბოგდანის" ტიპის ავტობუსები იყიდეს, ისინი უკვე 10 წლის ნახმარი იყო, მალე მწყობრიდან უნდა გამოსულიყო და მათ ჩამოწერდნენ კიდეც. სააკაშვილმა სულზე მიუსწრო უკრაინელებს, მათგან უვარგისი ავტობუსები იყიდა და ასეულობით მილიონი ლარი აშოვნინა "მოძმე უკრაინელებს". ეს "ბოგდანები" იმთავითვე არ შეესაბამებოდა მგზავრთა და მუნიციპალური ტრანსპორტისთვის დაწესებულ მრავალ მოთხოვნას, მაგრამ სააკაშვილმა ყური არავის უგდო და თავისი გაიტანა. დღეს ეს "ყვითელი ავტობუსები" ძლივსღა დაფახფახებენ და სასწრაფოდ თუ არ შეცვალეს, თბილისის ავტოპარკს ნელ-ნელა გამოაკლდება მწყობრიდან გამოსული ავტობუსები. თუმცა, ბევრი ისე გაფუჭდა, რემონტს აღარ დაექვემდებარა და თბილისის მერიამ მათ ნაცვლად, ისევ რამდენიმე ათეული "ბოგდანი" იყიდა უკრაინაში, ცხადია, ისევ ნახმარი და თან საეჭვოდ ძვირად. ეს 2009 წელს მოხდა. მოკლედ, მუნიციპალური ავტობუსები სასწრაფოდ შესაცვლელია და თბილისის მერიის ახალი ხელმძღვანელები, ერთ-ერთ პირველს რასაც გააკეთებენ, ამ "ბოგდანების" ახალი ნორმალური ავტობუსებით ჩანაცვლება იქნება. ამას თბილისელებს არჩევნების წინ დავით ნარმანია შეჰპირდა და კარგია, თუ მერმა დანაპირების შესრულება უკვე დაიწყო.

დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, თბილისში ახალი ელექტრომობილები ივლის. შეიძლება ითქვას, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და მალე ოფიციალურად გაცხადდება. ელექტრომობილსა და ჩვეულებრივ, საწვავზე მომუშავე ავტობუსებს შორის მრავალი განსხვავებაა. სწორედ მათ შესახებ ესაუბრა "ქრონიკას" მძღოლთა ასოციაცია "ტასატის" თავმჯდომარე, ნიკოლოზ კაჭკაჭური.

- ბატონო ნიკოლოზ, რით არის უკეთესი ელექტრომობილები, ანუ ელექტროავტობუსები ჩვეულებრივ ავტობუსებზე?

- ეს "ყვითელი ავტობუსები" უკვე მწყობრიდანაა გამოსული, ნელ-ნელა იშლება და უკვე ძალიან ხშირია შემთხვევეი, რომ რაღცა გაუფუჭდება რეისზე მომუშავე რომელიმე ავტობუსს, ჩამოსვამს ხალხს და მერე, ეს გაფუჭებული ავტობუსი შესაბამის სამსახურებს მიჰყავთ "პროფილაქტიკაში". შესაბამისად, ასეთი ძველი ავტობუსები მოსახლეობის უსაფრთხო მგზავრობისთვის სახიფათოა. კაცმა არ იცის, როდის რა ნაწილი გაუფუჭდება რომელიმე სარეისო ავტობუსს და რა სახის ავარიას გამოიწვევს. გარდა ამისა, "ყვითელი ავტობუსები" არ არის კონდიცირებული და ზაფხულობით მგზავრობა მართლა ჯოჯოხეთია.

- კი, ეგ ვიცი, არაერთხელ გამომივლია ეგ ჯოჯოხეთი, ხშირად მიწევს მაგ ავტობუსებით მგზავრობა.

- ამ "ბოგდანების" შემოყვანით ძველი ხელისუფლება ამაყობდა, რეალურად კი, ერთი 20-30 წლით უკან დავიხიეთ, ასეთი ავტობუსები ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ დადის. კარგია, მერია თუ ელექტრომობილების შემოყვანას აპირებს. მეტიც, მჯერა, ამას გააკეთებენ, რადგან ამაზე გონივრული არჩევანი, უბრალოდ, არ არსებობს. ელექტრომობილის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ის არის, რომ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია და საწვავის წვის შედეგად, გამონაბოლქვი, ფაქტობრივად, არ აქვს. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა შეღავათია თბილისის ეკოლოგიისთვის. მერე კომფორტულია, კონდიცირეული და თუ რამ არის საჭირო ნორმალური მგზავრობისთვის, ყველაფერი აქვს. მცირე რაოდენობის საწვავი სჭირდება მხოლოდ, დავუშვათ, დღეში 10 ლიტრი. ეს იმისთვის, რომ დაიქოქოს, მერე უკვე, დაიტენება აკუმულატორი და ძრავი ავტომატურად ითიშება. აი, ეს არის მთელი "საიდუმლო" ამ ელექტრომობილებისა. წარმოიდგინეთ, რამხელა შეღავათია მარტო ეს თბილისის ბიუჯეტისთვის, რომ დღეში ტონობით საწვავი აღარ დასჭიდრებათ მგზავრთა გადაყვანისთვის.

- რა ღირს ელექტრომობილები?

- დაახლოებით, 350-450 ათასი ევრო. ერთი შეხედვით ეს ძვირი ჩანს, მაგრამ, საბოლოოდ, დაზოგილი საწვავის ხარჯს თუ გამოვაკლებთ, სკმაოდ იაფი გამოვა. მეტიც, როცა საწვავის ის უზარმაზარი ოდენობა დაიზოგება, რაც დღეს ამ "ყვითელ ავტობუსებზე" იხარჯება, რამდენიმე წელში ამოვიღებთ ამ ელექტრომობილებში გადახდილ თანხას, თან, გაითვალისწინეთ, მინიმუმ 10 წელი ეს ელექტრომობილები შესაცვლელი არ გახდება. შეიძლება მეტხანსაც გაძლოს, გააჩნია, რომელს იყიდიან - რომელი ფირმისას და რა მარკისას. ამასთანავე, ელექტრომობილები მწყობრიდანაც იშვიათად გამოდის და შესაბამისად, მის მარაგ ნაწილებშიც ნაკლები ფული იხარჯება და რემონტის სხვა ხარჯებიც ბევრად მცირე იქნება. ამას დაამატეთ მთავარი - მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაყვანა, ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე უკვე მოგახსენეთ და ასეთი ძვირი იმიტომ ღირს ეს ავტობუსები, რომ მაღალი ხარისხისაა და ამასთანავე, გარანტიები მოჰყვება. რა სახის გარანტიები მოჰყვება, ეს უკვე ხელშეკრულების პირობებზე იქნება დამოკიდებული.

- დღეს თბილისში "ბოგდანის" ტიპის ორნაირი ავტობუსი მოძრაობს - დიდები და პატარები, რომლებიც, უმეტესად, ქალაქგარეთა მარშრუტებზე დადიან. ამ ორივეს ჩანაცვლებაა შესაძლებელი ამ ელექტროავტობუსებით?

- კი, კონკრეტული კომპანიები მგზავრთა სხვადასხვა ტევადობის ავტომობილებს აწარმოებენ და არანაირი პრობლემა არ არის, რომ ორივენი ერთდროულად ჩაანაცვლონ. ჩემი ინფორმაციით, ჯერ 200 ელექტრომბილს შემოიყვანენ და ამით ჩაანაცვლებენ "ბოგდანებს", თუმცა, ჯერ დიდებს შეცვლიან თუ პატარებს, ეს არ ვიცი.

- თუ ასეთი მცირეხარჯიანი ტრანსპორტი ივლის ქალაქში, მაშინ მგაზვრობის საფასური ავტომატურად უნდა გაიაფდეს.

- სიმართლე გითხრათ, მეც მაგას ველოდები, მაგრამ ეს უკვე მერიის შესაბამისი სამსახურების გადასაწყვეტია. არც ისე შეიძლება, რომ მგზავრობის საფასურის თანხები არ შევიდეს ამ ელექტრომობილებიდან მერიის ბიუჯეტში და მთლიანად დოტაციური იყოს ეს სფერო. იმ ელექტრომობილებს შენახვა და პატრონობა ხომ უნდა? ცხადია, მცირე თანხა დაიხარჯება ამისთვის და დღევანდელთან შედარებაც არ შეიძლება, მაგრამ თუნდაც ელექტრომობილებისა ავტოპარკის შენახვას ფული დასჭირდება. თუ მგზავრობის საფასური არ შემცირდა, ხალხს ის მაინც ეცოდინება, რომ 50 თეთრს გადაიხდის და უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავრებენ. ჩემი აზრით, პირველ ეტაპზე ესეც დიდი საქმეა. მერე კი ვნახოთ, იქნებ მართლა შეიცვალოს მგზავრობის ტარიფი.

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი "ქრონიკა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია