ხელოვნური თოვლი 25 მილიონად - სამთო კურორტებს ხელოვნურად გაათოვლიანებენ

ხელოვნური თოვლი 25 მილიონად - სამთო კურორტებს ხელოვნურად გაათოვლიანებენ

გუდაურსა და დიდველზე წლეულს ხელოვნური თოვლი მოვა. გუდაურის განვითარების სააგენტოსა და ავსტრიულ კომპანია "დემაკლენკოს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სამთო კურორტებს ხელოვნურად გაათოვლიანებენ და საკურორტო სეზონის დაწყება-დასრულება აღარ იქნება დამოკიდებული ბუნებრივ პირობებზე. წინასწარი შეფასებით, გუდაურისა და დიდველის გათოვლიანებისა და ხელოვნური ტბების მოწყობისთვის 25 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ხომ არ გააძვირებს ეს ინვესტიცია დამსვენებლებისთვის საქართველოს ამ კურორტებს?

სანდრო ონოფრიშვილი, გუდაურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი: - მას შემდეგ, რაც გაჩნდა იდეა, გუდაურსა და დიდველზე გათოვლიანების სისტემა მოწყობილიყო, ეკონომიკის სამინისტრომ ბაზრის შესწავლა დაგვავალა. მოვიძიეთ ინფორმაცია მსოფლიოში ორი უდიდესი კომპანიის შესახებ, რომლებსაც ათასზე მეტ კურორტზე აქვთ შექმნილი ასეთი სისტემა. "დემაკლენკო" და "ტექნოალპინი" ამ მიმართულებით, ფაქტობრივად, მსოფლიო ლიდერები არიან. ორივე კომპანიის ხელმძღვანელები იყვნენ ჩამოსული საქართველოში, მოაწყვეს პრეზენტაციები.

სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანება ტექნიკური ამოცანაა, რამდენიმე კვირის განმავლობაში მათთან ერთად ვაზუსტებდით ყველა დეტალს: გათოვლიანების რამდენი იარაღი გვჭირდება, რა სიგრძისა და დიამეტრის მილი და სხვ.

ამ ორ კომპანიას შორის არჩევანის გაკეთებისას გადამწყვეტი ფასი აღმოჩნდა. "დემაკლენკომ" შედარებით ნაკლები თანხა მოითხოვა და თანაც უფრო მოკლე ვადაში ასწრებს სამუშაოების შესრულებას. ამ ეტაპზე ავსტრიულ კომპანია "დემაკლენკოსთან" 2,3 მლნ ევროს ღირებულების კონტრაქტი გავაფორმეთ. პროექტის პირველი ფაზა გულისხმობს გუდაურის პირველი ტრასისა და დიდველის კურორტის სრულ გათოვლიანებას და მის აღჭურვას. მეორე ფაზა კი 2015 წელს დაიწყება, რომლის ფარგლებშიც მოხდება ორი წყალსაცავი რეზერვუარის - ხელოვნური ტბების მოწყობა. მთლიანად პროექტის ღირებულება თავდაპირველი გაანგარიშებით 25 მილიონ ლარად შეფასდა, მაგრამ ხარჯი, შესაძლოა, 2-3 მილიონით შემცირდეს.

- ხელოვნური გათოვლიანების შემთხვევაში რამდენი ხნით გახანგრძლივდება საკურორტო სეზონი?

- გათოვლიანების სისტემის დანერგვა, უპირველესად, იმას მოიტანს, რომ ზუსტად გვეცოდინება, როდის გაიხსნება კურორტი. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტურისტებისთვის, ასევე სასტუმროს მფლობელებისა და მოსახლეობისთვის. სასტუმროში ან სასტუმრო სახლებში ნომრის დაჯავშნა ზაფხულში ან შემოდგომით იქნება შესაძლებელი. როგორც კი ჰაერის ტემპერატურა ნულ გრადუსს ჩასცდება, გუდაურსა და დიდველზე კი ასეთი ტემპერატურა უკვე ნოემბერშია, შესაძლებელი იქნება ჩავრთოთ მოწყობილობა და ორ კვირაში ტრასები სრულად გავათოვლიანოთ.

- ფული, რომელიც ამ პროექტისთვის იხარჯება, საბიუჯეტო სახსრებია. როდის იქნება შესაძლებელი ამ ფულის უკან ამოღება?

- ჩვენი გაანგარიშებით, ამ პროექტის შესრულების შემდეგ კურორტებზე ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად 20-25%-ით გაიზრდება. ასევე მოიმატებს ადგილობრივი მოსახლეობის, სასტუმროების შემოსავალი და ბიუჯეტში მათ მიერ გადახდილი გადასახადები. ამას ემატება საბაგიროს ბილეთის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი. ვფიქრობთ, სახელმწიფო ამ პროექტში დაბანდებულ თანხას 6-7 წელიწადში ამოიღებს.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია