მანქანის "უკანალზე" მიმაგრებული ამბიციები

მანქანის "უკანალზე" მიმაგრებული ამბიციები

ქართველების კრეატიულ აზროვნებასა და ფანტაზიას საზღვარი არა აქვს...

ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის დროს "ბლატნოი" ნომერი რომ აგეღო, ნაცნობი უნდა მოგეძებნა, ვიღაცისთვის ქრთამი უნდა ჩაგეჯიბა... და საკუთარ "ამბიციას" მანქანის "უკანალზე" მიამაგრებდი. წინა ხელისუფლებამ ეს ამბიცია "გააპრავა" და ქართველებს მისცა შესაძლებლობა, ოფიციალური გადასახადის საფასურად "ბლატნოი" ნომრები აეღოთ. ხელისუფლებამ სწორად გათვალა, რადგან კარგად იცნობდა ქართველი კაცის ხასიათს და ბიუჯეტის შევსების სავსებით ლეგალური გზა გამოძებნა. ასე გაჩნდა ქვეყანაში 10. 000-ლარიანი ნომრებით მოსიარულე ავტოები - 5, 7, 69, მამიდა, ლომაია, ალიბი, გიორგი, მაია... შედარებით ხელმოკლე ადამიანებისთვის - 250, 500, თუ 1.000-ლარიანი ნომრებიც არსებობდა - GIO-100, ANA-100 IKA-777 და სხვ.

ა.წ. პირველი სექტემბრიდან შემოსული ახალი სანომრე ნიშნები კრეატივისთვის გაცილებით მეტ შესაძლებლობას იძლევა. აქვს ამას ერთი პლუსი - ვისაც ბავშვობაში რებუსების ამოხსნა გიყვარდათ, მოგეცათ ლხენა! დადგა დრო, გაიხსენოთ ძველი ჩვევა და ახალ სანომრე ნიშნებზე ოთხი ასოთი და სამი ციფრით "დაშიფრული" რებუსი ამოხსნათ და საცობში მდგარი გაერთოთ. თუმცა, რაღა დაშიფრული! უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით - "გაშიფრული", რადგან ქართული პატივმოყვარეობიდან გამომდინარე, ახალი სანომრე ნიშნის მფლობელები თავის ამბიციებს თვალნათლივ აფიქსირებენ.

სანომრე ნიშანი - LO-777-MI, BO-777-SI ან ME-777-FE რას გეუბნებათ? ფრთხილად! მანქანის მფლობელი არის მბრძანებელი და მასთან ჭიდილი ფუჭია...

ახალი სანომრე ნიშანი ავტომფლობელის პროფესიის, სამოღვაწეო სფეროს, წარმომავლობისა თუ ცხოვრებისეული პრიორიტეტების შესახებაც იძლევა ინფორმაციას.

ასე, მაგალითად: BE-777-RI; IL-020-ET სავარაუდოდ, საეკლესიო პირების ავტოებია, AM-111-IN - ტერმინი საეკლესიოა, მაგრამ საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, ტაქსია და მას შუახნის მამაკაცი მართავს.

LO-001-TI - კაი მსმელი, პურისმჭამელი ქართველი ვაჟკაცის ნომერია; JI-111-MA - საჭესთან მეგრელია! SE-001-XI და SE-001-XY - საჭესთან თვით სექსსიმბოლოა!

მაგრამ ვიდრე ასეთი კრეატიული ნომრის მფლობელი გახდებით, მანამდე იცით, რა უნდა გამოიაროთ? რა და - დილით ადრე უნდა ადგეთ, რიგი დაიკავოთ, ოფლი იდინოთ, გვერდები დაგილურჯონ, ნერვები დაგაწყვიტონ, რამდენიმე საათი დაკარგოთ, ფეხზე დაგაბიჯონ, "გუჩის" ფეხსაცმელი გაგიფუჭონ, უნდა იყვიროთ, საკუთარი რიგი და უფლებები დაიცვათ...

ეს ყველაფერი შსს-ს მომსახურების სააგენტოში ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ძველ ნომრებს 2020 წლამდე აქვს ვადა, ახალი ნომრის ასაღებად მაინც უზარმაზარი რიგია. ჰო, მართლა, სანამ ამბიციური ქართველების გრძელ რიგს შეუერთდებით, მანამდე სააგენტოს საიტზე ნომერი თუ არ დაჯავშნეთ, საუკეთესო გაყიდული დაგხვდებათ!

რუსთავში, მომსახურების სააგენტოში, სამუშაო საათების დაწყებამდე მივედი. მანქანის ნომრისთვის არ მივსულვარ, სიტუაციის დაზვერვა მინდოდა.

დაკეტილ კართან უკვე გრძელი რიგი დამხვდა, რომელიც თურმე, დილის 6 საათიდან დგება.

- მანქანას განბაჟება უწევდა, თორემ ამხელა რიგში ჩავდგებოდი? - ოხვრით იწმენდს ოფლს ხნიერი მამაკაცი.

- უკაცრავად, ფასიან ნომრებზე ცალკე რიგია? - იკითხა გამხდარმა გოგონამ.

- კი, რამდენლარიანი ნომერი გინდათ? - ჰკითხა "მხვნეშარემ".

- 500-ლარიანი.

- ჰო, 500-ლარიანებში პირველი იქნებით...

ყველას გაეცინა...

როგორც იქნა, გოგონა გაერკვა სიტუაციაში და გაბუტული ჩადგა საერთო რიგში. კართან ახლოს მდგომნი შედარებით მშვიდად იყვნენ, კარს ჩაბღაუჭებულნი - უფრო მშვიდად.

"წინ ნუ მიდიხართ"; "ყველის რიგში კი არ ვდგავართ, ჩვენც ნომერი გვინდა"; "ნომერი არ დამიჯავშნავს და ნეტა შემხვდება?"; "გაიწიე, ქალბატონო, ნუ მეხუტები"; "ნომრები ყველას გვეყოფა?" - გაისმოდა.

როგორც იქნა, გაიღო "აღთქმული სამოთხის" მბრუნავი კარი. იხუვლა ხალხმა... კარი იჭედებოდა, რადგან მბრუნავი კარის 4 განყოფილებაში ერთბაშად 10-12 კაცი შეეკვეხა. ძლივს გამოაცალკევა დაცვის თანამშრომელმა, - სათითაოდ შემოდით, ერთმანეთს არაფერი მოსწიოთო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ ასევე: "გკოცნი", "ილოცეთ", "ლომი"... - "ბლატნოი" ნომრების ბუმი საქართველოში (+27 ფოტო)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია