"სითი პარკის" მიერ ახალი ნომრების გამო დაჯარიმებულ მძღოლებს თანხები უკან დაუბრუნდებათ?

"სითი პარკის" მიერ ახალი ნომრების გამო დაჯარიმებულ მძღოლებს თანხები უკან დაუბრუნდებათ?

"სითი პარკმა", რომლის თბილისიდან გაძევებასაც ყველა თბილისელი ერთხმად მოითხოვს, კიდევ ერთხელ ითავხედა და სრულიად უსაფუძვლოდ, ავტომფლობელებს 10-ლარიანი ჯარიმები "აჰკიდა". შეგახსენებთ, რომ 1-ლი სექტემბრიდან საქართველოში ახალი სანომრე ნიშნები შემოვიდა და ძალიან ბევრმა შეცვალა ძველი ნომერი ახლით. "სითი პარკმა" კი სწორედ აქ მოუდო შარი ხალხს, ჩვენ მიერ გაცემულ ავტოპარკირების საშვში ძველი ნომრებია მითითებული, ახალი არ არისო და ამიტომაც, ყველა, ვისაც ახალი ნომერი ჰქონდა მანქანაზე, ერთიანად დააჯარიმა. მხოლოდ 10 დღის შემდეგ, 10 სექტემბერს გამოაცხადა "სითი პარკმა", რომ თურმე ავტოპარკირების საშვში ძველი ნომრის ახლით შეცვლა იყო საჭირო და ავტომფლობელები, ათასობით დაჯარიმებული ადამიანი, თავის ერთადერთ სერვისცენტრში, კანდელაკის ქუჩაზე დაიბარა, იქ მოდით, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან ნომრის შეცვლის შესახებ ცნობა მოიტანეთ და მერე გადავიტანთ ავტოპარკირების საშვზე ამ ახალ ნომერს და აღარ დაგაჯარიმებთო.

"ალია" ამის შესახებ უკვე წერდა, ვწერდით იმ მოსალოდნელ პრობლემეზეც, რაც, "სითი პარკის" ამ გადაწყვეტილებას მოჰყვებოდა - უზარმაზარი რიგები მომსახურების სააგენტოსთან და მერე, "სითი პარკის" ოფისთან, ისედაც ნერვებდაწყვეტილი ხალხის მოცდენა და ნერვების ხელახლა გლეჯა... მაგრამ, სამწუხაროდ, არც ამის შესახებ გამოხმაურებია "სითი პარკის" მორიგ თავგასულობას არც მერიის სატრანსპორტო სამსახური, ანდა მერიის მმართველობიდან ვინმე და არც საკრებულოს რომელიმე დეპუტატს გაუპროტესტებია ეს ამბავი. არადა, ერთნიც და მეორენიც, ვიდრე თბილისის ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, იმუქრებოდნენ, ოღონდაც ძალაუფლება მოგვეცით ხელში, "სითი პარკს" სულ ბდღვნას ავადენთ და თბილისიდან საერთოდ ავაორთქლებთო. აჰა, ძალაუფლებაც მაგათ ხელშია და თბილისის მართვის ყველა ბერკეტიც, მაგრამ "სითი პარკმა" ისე "გადაუარა" თბილისელებს, არავის კრინტი არ დაუძრავს.

"სითი პარკის" მიერ თბილისელთათვის ჩატარებული მორიგი სადამსჯელო ოპერაციის შესახებ, "ალია" საკრებულოს დეპუტატს, ჯაბა სამუშიას ესაუბრა:

- ბატონო ჯაბა, "სითი პარკმა" მორიგი ეგზეკუცია მოუწყო თბილისელ ავტომფლობელებს, ახალი სანომრე ნიშანი ვინც აიღო, მგონი, ყველა დააჯარიმა. საქმის კურსში იქნებით ამის შესახებ.

- კი, ვიცი, "სითი პარკმა" 10-10 ლარით დააჯარიმა ის ადამიანები, ვისაც ახალი ნომრები ავტოპარკირებაზე არ ჰქონდა გადატანილი.

- მერედა, სად ხართ თქვე კაი ხალხო, ამის გამო საკრებულოს არც ერთ წევრს განცხადება არ გაგიკეთებიათ, არც მერიის შესაბამის სამსახურებს. სიტყვით მაინც გამოჰქომაგებოდით ამ უდანაშაულოდ დასჯილ ადამიანებს?

- "სითი პარკთან" დაკავშირებით საყვედური მე ნამდვილად არ მეთქმის...

- ამ კონკრეტულ ფაქტზე მაქვს ლაპარაკი, თორემ "სითი პარკს" რომ უკვე წლებია ებრძვით, ეგ კი ვიცი.

- გეტყვით, გეტყვით... ჩვენ საკრებულოში გვქონდა ამაზე საუბარი და მერიის სატრანსპორტო სამსახურიც არ დარჩენილა რეაგირების გარეშე. რამდენადაც ვიცი, ამ 10-ლარიანი ჯარიმების გამო, მერიიდან დაუკავშირდნენ "სითი პარკს" და ამ პრობლემაზე რაღაც მოლაპარაკებებია დაწყებული.

- მაგრამ მერიას ამის შესახებ არაფერი განუცხადებია. თუ მოლაპარაკებებია დაწყებული, ჩააყენოს ხალხი საქმის კურსში, უკეთესი არ არის?

- არ ვიცი, ეს უკვე მათი საქმეა. მთავარია, პრობლემა გადაიჭრას და ჩუმად გაკეთდება თუ ხმაურით, გადამწყვეტი ეს არ არის. შედეგია მთავარი. მარტო ამ ახალ, 10-ლარიან ჯარიმებთან დაკავშირებით არ გვაქვს "სითი პარკთან" პრობლემები. ჩვენ ვაპირებთ მათი წარმომადგენლების საკრებულოში მოწვევას და კონკრეტული კითხვების დასმას. არ ვიცი, შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ ამ ბოლო დროს, "სითი პარკის" ჯარიმები გაიზარდა, ადრე თუ რაღაც დარღვევაზე იყო კონკრეტული თანხა, ახლა ეს ჯარიმა გაორმაგებულია. მოკლედ, ზოგადად, ჯარიმების ტარიფების ზრდა შეიმჩნევა. "სითი პარკმა", იმის ნაცვლად, რომ მერიის პირობები მიიღოს, შეცვალოს პოლიტიკა და ხალხს ნორმალურად ემსახუროს, პირიქით, ამ ხალხის უარესად გამწარება დაიწყო.

რაც შეეხება იმ 10-ლარიან ჯარიმებს, ეს სრულიად უსაფუძვლო იყო. კი, "სითი პარკს" ჰქონდა უამრავი დრო, რომ ეს საკითხი უპრობლემოდ მოეგვარებინა. მას შს სამინისტროს მომსახურების ბაზიდან უნდა მოეთხოვა ყველა ნომერშეცვლილი მანქანის მონაცემები, პრინციპში, მხოლოდ ახალი ნომერი, მერე ეს ნომრები უნდა დაეტანა ავტოპარკირების საშვზე ძველის ნაცვლად და ეს ახალი საშვები დაერიგებინა ხალხისთვის. ამ მარტივ პროცედურას კი ამ კომპანიის მესვეურებმა, არჩიეს, ჩუმად ყოფილიყვნენ, ხალხი დაეჯარიმებინათ და მხოლოდ 10 დღის შემდეგ ჩაეყენებინათ ავტომფლობელები საქმის კურსში, რომ საშვზე თურმე ახალი სანომრე ნიშნის დატანებაა სავალდებულო. არადა, ამ ხალხს ეს საშვი ნაყიდი აქვს, ფული გადაგიხადა და რატომ აჯარიმებ? შენ საქმეს ვერ მოაბა თავი, ხალხი რა შუაშიშა? ცხადია, ეს ყველაფერი ბევრ კითხვას ბადებს და "სითი პარკის" ხელმძღვანელებს ამ კითხვებზეც მოუწევთ პასუხის გაცემა. მათ მართლა ძალიან ცუდ დღეში ჩააგდეს ადამიანები, რომლებიც მათ ფულს უხდიან მომსახურებისთვის და არა პრობლემების შექმნისთვის.

- ამ 10-ლარიანი ჯარიმის გამო, სასამართლოს არავინ მიაკითხავს, არადა, ეს დაჯარიმებული ხალხი მართალია. რით დაეხმარებით ამ უსამართლოდ დაჩაგრულ ათასობით ადამიანს?

- იმედი მაქვს, რომ თბილისის მერია "სითი პარკთან" მოაგვარებს ამ საკითხს და ახალი სანომრე ნიშნების გამო დაჯარიმებულებს უკან დაუბრუნებს კომპანია ამ თანხას. "სითი პარკის" ამ გაუთვლელი ნაბიჯის, თუ შეგნებული პროვოკაციის გამო, ხალხმა პასუხი არ უნდა აგოს. ხომ გითხარით, ამ მიმართულებით მერია რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, პროცესი, როგორც ვიცი, დაწყებულია, ამ ეტაპზე ასეთი ინფორმაცია მაქვს. თუ არადა, პირადად მე დავაყენებ მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებთან საკითხს, რომ დაჯარიმებულთათვის თანხის უკან დაბრუნების თაობაზე "სითი პარკთან" დაიწყოს მოლაპარაკება. თუმცა, ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ ამ კომპანიას არ აქვს სურვილი, ითანამშრომლოს თბილისის მერიასთან, მისი შენიშვნები გაიზიაროს და ნორმალურად იმუშაოს. კი, შეგვხვდნენ ჩვენ, საკრებულოს წევრებსა და მერიის ხელმძღვანელებს, მაგრამ ერთადერთი, რაც მას შემდეგ გააკეთა "სითი პარკმა", მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულება გაასაჯაროვა, ისიც, მხოლოდ ნაწილი ამ ხელშეკრულებისა, საიდუმლო მუხლებში არ წერია, დღემდე არავინ იცის. ამის გარდა, მას სხვა არაფერი შეუცვლია.

- რა გახდა, ბოლოს და ბოლოს, ეს "სითი პარკი", მერიამ ერთი თვე, სექტემბრის ბოლომდე მისცა ვადა ამ კომპანიას ხელშეკრულების კორექტირებისთვის, ეს სექტემბრის ბოლოც მოვა და ვნახავთ, რომ "სითი პარკი" ბევრს არაფერს შცევლის და მერიის უამრავ მოთხოვნას საერთოდ არ გაითვალისწინებს. ამ კომპანიის მესვეურთ უკვე თავში აქვთ ავარდნილი და აგერ ნახავთ, თუ ეგრე არ მოხდება. ნამეტანი ხომ არ ელოლიავებიან ამ კომპანიას? აიღეთ და მართლა გააძევეთ საქართველოდან. გაუწყვიტოს მერიამ კონტრაქტი და ამით დასრულდება ყველაფერი.

- ერთია თქვენი პოზიცია და მეორეა, სამართლებრივი მხარე...

- ეს ჩემი პოზიცია კი არა, ასეულ ათასობით ავტომფლობელის პოზიცია და სურვილია.

- მე თავად ვარ წინააღმდეგი, რომ ეს ორგანიზაცია იყოს თბილისის ბაზარზე, მეც მომხრე ვარ, რომ შეუწყვიტოს "სითი პარკს" კონტრაქტი თბილისის მერიამ. ამ კომპანიას სერიოზული არაფერი გაუკეთებია თბილისში მთელი 7 წლის მანძილზე, მცირე მეწარმესაც შეუძლია, განახორციელოს ის ინვესტიციები, რაც ამ კომპანიამ თბილისში დახარჯა. ყველამ ვიცით, რომ ეს კომპანია "ნაციონალთა" მფარველობის ქვეშ იყო და მათ ბოლოს ისეთი ხელშეკრულება გაუფორმეს, თუ მერია "სითი პარკთან" ცალმხრივად გაწყვეტს კონტრაქტს, მაშინ მერიამ რამდენიმე მილიონი უნდა გადაუხადოს კომპენსაციის სახით.

- ეგ ვიცი, ბატონო ჯაბა და ამ "სითი პარკს" ის ხალხიც უნდა მიაყოლოთ, ვინც ასეთი კაბალური ხელშეკრულება გაუფორმა. ორ კაცს ახლავე გეტყვით. ამ ხელშეკრულებას თბილისის იმჟამინდელი ვიცე-მერი, მამუკა ახვლედიანი აწერს ხელს და ამას იგი უგულავას გარეშე ვერც და არც გააკეთებდა. აი, ამათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დასვათ, სახელმწიფოსთვის ცალსახად წამგებიანი ხელშეკრულება რომ გაუფორმეს ამ კომპანიას და ცხადია, თავად "სითი პარკის" ხელმძღვანელებისაც, რომელთაც ჯერ ხალხის ყვლეფით იშოვეს ფული და ახლა, კონტრაქტს თუ შეუწყვეტს, მერიამ კიდევ მილიონები უნდა გადაუხადოს.

- გასაგებია და ჩვენ სწორედ მაგ მიმართულებით მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ, ვნახოთ, გავიდეს მერიის მიერ დადგენილი ვადა, ვნახოთ, რას შეცვლის "სითი პარკი". თუ არაფერი, ან ბევრი არაფერი შეიცვალა, მერე სამართლებრივი მექანიზმები ამუშავდება. მერწმუნეთ, იმ კაბალური ხელშეკრულების გამო, რაც მერიის წინა ხელმძღვანელობამ ამ კომპანიას გაუფორმა, ვინც დამნაშავე აღმოჩნდება, პასუხსაც აგებს სათანადოდ.

- არაერთხელ მოგვისმენია, რომ "სითი პარკი" გიგი უგულავას გუნდს სოლიდურ თანხას უხდიდა იმისთვის, რომ ხალხი უპრობლემოდ ეყვლიფა, მისთვის სასურველი ხელშეკრულება გაეფორმებინა მერიასთან. ბატონო ჯაბა, ხალხი ეჭვობს, რომ შესაძლოა, "სითი პარკმა" მერიის ახალ ხელმძღვანელობასთანაც გამონახოს საერთო ენა, მათთან კორუფციულ გარიგებაში შევიდეს და არც არაფერი შეიცვალოს - "სითი პარკი" დარჩება ბაზარზე და ხალხის ტერორს გააგრძელებს. რას ვიზამთ, ხალხს ვარაუდების გამოთქმის უფლებას ვერ წავართმევთ, თანაც იმ ფონზე, რაც "სითი პარკმა" გაბედა და ამდენი ხალხი უსაფუძვლოდ დააჯარიმა.

- მე ამას გამოვრიცხავ, რადგან მერიაში დღეს ყველა პროცესი გამჭვირვალეა და გარდა ამისა, საკრებულო შესაბამის კონტროლს ახორციელებს მერიაში მიმდინარე პროცესებზე. დამიჯერეთ, მსგავსი არაფერი მოხდება. ისიც გავითვალისწინოთ, რომ გიგი უგულავას, მგონი, პრეზიდენტზე მეტი უფლებები ჰქონდა, აბსოლუტურად უკონტროლო იყო და რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა, ვისთანაც სურდა, იმასთან აფორმებდა ხელშეკრულებებს, ტენდერები გაუმჭვირვალე იყო და კაცმა არ იცოდა, მერიაში რა ხდებოდა... ახლა ასე აღარ არის, ყველაფერი გამჭვირვალე და საჯაროა, ამასთანავე, მერიის დღევანდელი ხელმძღვანელობა, მერის ჩათვლით, მრავალმხრივი მექანიზმით კონტროლდება და ეს ყველაფერი გამყარებულია სათანადო საკანონმდებლო ბაზით.

"ალიას" "სითი პარკის" მორიგ ეგზეკუციასთნა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, პაატა ჯაჭვლიანის პოზიციის დაფიქსირება სურდა. ისიც გვინდოდა გაგვეგო, მართლა აწარმოებს თუ არა ეს სამსახური "სითი პარკთან" მოლაპარაკებას 10-ლარიანი ჯარიმების გაუქმების შესახებ, თუმცა პაატა ჯაჭვლიანს ვერ დავუკაშვირდით. მერიის პრესსამსახურიდან გვაცნობეს, რომ ის მთელი სამუშაო დღის განმავლობაში მოქალაქეებს იღებდა.

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია