დავით ნარმანია - ბოშების ბაზრობის ადმინისტრაცია მოვაჭრეებს კომპენსაციას გადაუხდის

დავით ნარმანია - ბოშების ბაზრობის ადმინისტრაცია მოვაჭრეებს კომპენსაციას გადაუხდის

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ბოშების ბაზრობის ადმინისტრაცია მოვაჭრეებს კომპენსაციას გადაუხდის, - ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

დედაქალაქის მერი ე.წ. ბოშების ბაზრობის ტერიტორიაზე დაზარალებულ მოვაჭრეებს ესაუბრა. შემდეგ კი ადმინისტრაციასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ფინანსური დახმარების მოცულობა, რომელსაც ადმინისტრაცია მოვაჭრეებს გადაუხდის, ინდივიდუალურად განისაზღვრება. მისივე თქმით, ეს მოვაჭრეებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკების საგანია, თუმცა რაიონული გამგეობა შუამავლის როლს ითავებს და პროცესში მონაწილეობას მიიღებს.

"ვესაუბრეთ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, მეწილეებს, რომლებიც ღებულობენ პასუხისმგებლობას, რომ დაზარალებულ ადამიანებს დახმარება აღმოუჩინონ, დღესვე შედგება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა და დაოქმდება ეს საკითხი, რათა კონკრეტულად დოკუმენტი გვქონდეს ხელთ და ამ დოკუმენტით იყოს განსაზღვრული, თუ რა პასუხისმგებლობას იღებს კომპანია.

გარდა ამისა, კომპანიას ბანკიდან დამატებითი ფინანსური რესურსის მიღების საშუალება აქვს. შესაბამისად, ამ ადამიანებს აღმოუჩენენ ისინი დახმარებას, მეორე ნაწილი მიღებული დაფინანსებისა, მოხმარდება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას. ჩვენთან უკვე ჰქონდათ მათ თბილისის მერიაში შემოტანილი პროექტი და ჩვენ ძალიან სწრაფად განვიხილავთ ამ პროექტს და მივცემთ თანხმობას ახალი ფორმით განაშენიანებასთან დაკავშირებით. ასევე ადმინისტრაციას დაზიანებული ტერიტორიის დასუფთავების საკითხებში დავეხმარებით", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე ოჯახს ზიანი მიადგა, კერძოდ, დაზიანებულია სახურავები, რომელთა აღდგენაზეც თბილისის მერია იზრუნებს. დავით ნარმანიას განცხადებით, მოვაჭრეებს შესაძლებლობა ექნებათ დახმარება გამოიყენონ ბანკში კრედიტის დასაფარად ან შეიძინონ ახალი საქონელი, რომლითაც ახალ ტერიტორიაზე საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ.

ე.წ. ბოშების ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი დღეს გამთენიას გაჩნდა, დამწვარი არის 2500 კვმ ფართობი, მოვაჭრეების ნაწილი ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენაზე საუბრობს.

ისინი ვარაუდობენ, რომ მოპარული არის საქონლის ნაწილი, რადგან ნაცარში ვერ აღმოაჩინეს მეტალის ნივთები და ნარჩენები, მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ტერიტორიის გასხვისება იგეგმებოდა და აქ, ერთი ვერსიით, "კარფური" ან საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენებულიყო. ნაწილის მოსაზრებით, ბაზრობის ადგილას ტრაილერების ავტოსადგომის განთავსება იგეგმებოდა.

ხანძრის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო დაცვის წარმომადგენელმა. დაზიანებული არის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლის სახურავი. ორ ოთახში წყალია ჩასული.

მოვაჭრეებსა და ბაზრობის ადმინისტრაციას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, დაზარალებულები ადმინისტრაციისგან რეაგირებას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფრის დალეწვით იმუქრებოდნენ.

ადგილზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლადო ძნელაძე. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები. პერიმეტრზე ასევე იმყოფებიან მოვაჭრეები, რომლებიც ადმინისტრაციასთან შეხვედრას და მათგან რეაგირებას ითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია