სად მიდის და როგორ ანადგურებენ ადამიანის ამპუტირებულ კიდურებს საქართველოში (ექსკლუზივი)

სად მიდის და როგორ ანადგურებენ ადამიანის ამპუტირებულ კიდურებს საქართველოში (ექსკლუზივი)

დაახლოებით ორი თვის წინ, გარემოს დაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, მოემზადებინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც დაარეგულირებდა ზოგადად, ნარჩენებისა და მათ შორის, სამედიცინო ნარჩენების მართვის საკითხებს. პარალელურად, მკაცრდება ჯარიმები გარემოს დაბინძურებისთვის.

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებული კანონ-პროექტი უკვე მზად არის და ის უახლოეს მომავალში წარედგინება პარლამენტს. თუმცა, რა სიტუაციაა, ამ ეტაპზე საქართველოში, ნარჩენების მართვის კუთხით?

თუ ოპერაციის შედეგად, ადამიანის სხულიდან მოკვეთილი ნაწილების განადგურება წესების მიხედვით არ მოხდა, ისინი შესაძლოა, ინფექციური დაავადებების გავრცელების ხელშემწყობ ფაქტორად იქცეს.

Amebi.ge დაინტერესდა, როგორ ხდება სამედიცინო ნარჩენების მართვა.

სამედიცინო ნარჩენებს შორის არის მუნიციპალური, ინფექციური და ანატომიური ნარჩენები. ანატომიური ნარჩენები, მარტივი ენით რომ განიმარტოს, არის ადამიანის სხეულის ამპუტირებული (მოკვეთილი) ნაწილები, რომლებიც აუცილებელ განადგურებას ექვემდებარება. ყოვლად დაუშვებელია მათი ჩვეულებრივ ნაგავსაყრელზე, ან ნაგვის ურნებში განთავსება, რადგან ისინი სპეციალური წესით უნდა განადგურდეს. როგორც ეკოლოგი ნინო ჩხობაძე აღნიშნავს, თუ პოსტოპერაციული ნარჩენების განადგურება წესების მიხედვით არ მოხდა, ისინი შეიძლება იყოს ინფექციური დაავადებების გავრცელების ხელშემწყობი. ჩნდება ინფექციური, ბაქტერიოლოგიური საფრთხეები. მაგალითად, როდესაც ხდება განგრენოზული ამპუტირება, რა თქმა უნდა, არსებობს ინფექციური დაავადების გავრცელების საშიშროება.

არსებობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N300/ნ ბრძანება, რომელიც

სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლობის სანიტარული წესებს არეგულირებს. თუმცა მხოლოდ ამ კანონის არსებობა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მოხდეს აქტიური შემოწმება და კონტროლი იმისა, თუ სად მიდის და როგორ ნადგურდება ანატომიური ნარჩენები.

როგორც საავადმყოფოებში აღნიშნავენ, მათ გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება კონკრეტულ ორგანიზაციასთან, რომელიც ახდენს ანატომიური ნარჩენების ტრანსპორტირებას და შესაბამისი წესებით განადგურებას. მაგალითად, შ.პ.ს. ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში, ambebi.ge-სთან საუბრისას განაცხადეს, რომ მათ ხელშეკრულება გაფორმებული აქვთ "მოზრდილთა და ბავშვთა პათომორფოლოგიურ ცენტრთან" და ეს ცენტრი უზრუნველყოფს ნარჩნების განადგურებას. იგივე ცენტრი დაასახელა "ტრავმატოლოგის" ფინანსურმა დირექტორმა, მიმოზა გურგენიძემ. შესაბამისად, ambebi.ge მითითებულ კვალს გაყვა და აღნიშნული ორგანიზაციის დირექტორს, გია დიდავას გაესაუბრა.

საქართველოს შპს. მოზრდილთა და ბავშვთა პათოლოგიის პათოლოგ-ანატომიური სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი "იაშვილის კლინიკასთან" ახლოს, დიღმის მასივში მდებარეობს და მისი მთავარი საქმიანობა, ჰისტომორფოლოგიური კვლევის ჩატარებაა. როგორც გია დიდავა აღნიშნავს, მას დაახლოებით 7-8 კლინიკასთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება, საიდანაც იღებს საკვლევ მასალას. " ყველა მოკვეთილი ქსოვილი უნდა გაიგზავნოს ჰისტომორფოლოგიურ კვლევაზე, საქართველოში ბევრი ლაბორატორია არსებობს, სადაც მსგავს კვლევას ატარებენ", - აღნიშნავს გია დიდავა. მისივე თმით, ანატომიურ ნარჩენებს მისი ფირმა არ ანადგურებს. თუმცა აღნიშნავს, რომ დაუშვებელია მსგავსი ნარჩენების ნაგვის ჩვეულებრივ ბუნკერში მოხვედრა. მას, თავის მხრივ, გაფორმებული აქვს ხელშეკრულება შპს. "ექსპრეს დიაგნოსტიკასთან", რომლესაც მიაქვს ანატომიური ნარჩნები და ანადგურებს.

Ambebi.ge აღნიშნული ფირმის ხელმძღვანელს, ლიკა ბოჭორიშვილს დაუკავშირდა. ლიკა ბოჭორიშვილის თქმით, "ექსპრეს დიაგნოსტიკის" მუშაობის არეალი მოიცავს თბილისს, გორს, მცხეთას, მარნეულს, და თბილისთან ახლოს მდებარე რაიონებს. ასევე თბილისში არსებული საავადმყოფოების ფილიალებს სხვადასხვა რეგიონებში.

ანატომიური ნარჩენების განადგურების ორი გზა არსებობს. პირველი ეს არის კრემაცია, ანუ, პოსტოპერაციული ნარჩენების დაწვა სპეციალურ დანადგარში, მეორე კი - სპეციალურად გამოყოფილ, მოსახლეობისგან მოშორებულ ადგილას დამარხვა.

აღნიშნული ორგანიზაცია სხვადასხვა დაწესებულებთან დადებული ხეკლშეკრულების საფუძველზე, აგროვებს ანატომიურ ნარჩენს და ახორცილებს მის კრემაციას. ფინანსურ ხარჯებს ის დაწესებულება უნაზღაურებს, საიდანაც ხდება ანატომიური ნარჩენების გამოტანა. ლიკა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში, დაახლოებით, სამი ტონა ანატომიური ნარჩენი (რომელიც მორფოლოგიურ, პოსტოპერაციულ და გინეკოლოგიურ ნარჩენებს მოიცავს) გროვდება. მათი კრემაცია ყოველდღიურად, სპეციალური აპარატურით ხდება. ლიკა ბოჭორიშვილის თქმით, იმ ორი აპარატის ჩამოტანა-დამონტაჟება, რომლებიც აღნიშნულ საქმეს ემსახურება, 192 000 ევრო დაჯდა. შეკითხვაზე, ასწრებს თუ რა ეს დაწესებულება ყველა ნარჩენის დროულად განადგურებას, პასუხი დადებითია, თუმცა რამდენად საკმარისია 2 საკრემაციო აპარატი უამრავი ანატომიური ნარჩენის გასანადგურებლად, მკითხველმა განსაჯოს.

Ambebi.ge ეცადა გაერკვია, არსებობს თუ არა, კიდევ, მსგავსი დაწესებულებები. ასეთი აღმოჩნდა ორგანიზაცია "ჰერმესი", რომელიც, ძირითადად, სარიტუალო მომსახურებას უწევს მსურველს. "ჰერმესში" აღნიშნავენ, რომ მათ ასევე შეუძლიათ ანატომიური ნარჩენების განადგურება, თუმცა მხოლოდ ერთი, დამარხვის გზით. მათი თქმით, ნარჩენების დამარხვა სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე ხდება.

ევროპული დირექტივები, რომლის გათვალისწინებაც სავალდებულოა ასოცირების ხელშეკრულების მიღების შემდეგ, საქართველოსთვის, ნარჩენების მართვის ძალიან მაღალ სტანდარტებს ითვალისწინებს. არსებობს ნარჩენების მართვის იერარქიული სისტემა, რომელიც მოიცავს: ნარჩენების პრევენციას, ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებას, რეციკლირებას, ენერგიის აღდგენას და ბოლოს, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას. ასევე არსებობს კონტროლის მკაცრი მექანიზმები და სერიოზული სანქციები.

როგორც ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი, ალვერდ ჩანქსელიანი ambebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, კანონპროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში პარლამენტს უნდა წარედგინოს, მთლიანად მოიცავს ნარჩენების მართვის ევროპული სტანდარტების ინტეგრირებულ მეთოდებს და ის სრულად ასახავს ნარჩენების მართვის ყველა ასპექტს.

მაგრამ ვიდრე ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით კანონპროქტს პარლამენტი განიხილავს, საზოგადოება იმ ორგანიზაციების პატიოსნებისა და აქტიური მუშაობის იმედად უნდა დარჩეს, რომლებიც აღნიშნული ნარჩენების განადგურებას აწარმოებენ. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე სახელმწიფო ნარჩენებს მხოლოდ პასიური მეთოდებით მართავს.  

თამარ კორკოტაშვილი, AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია