''კაცები სიყვარულს მეფიცებოდნენ და მეორე დღეს სხვასთან გარბოდნენ''

''კაცები სიყვარულს მეფიცებოდნენ და მეორე დღეს სხვასთან გარბოდნენ''

ნათია მარტოხელა დედაა. 34 წლის ქალი შვილის გაჩენას თავის ცხოვრების ყველაზე სწორ ნაბიჯს უწოდებს. ამბობს, რომ მიუხედავად უამრავი სირთულისა, რაც ბავშვის მარტო გაზრდასთან არის დაკავშირებული, ყველა დარდი და ტკივილი მეათასეხარისხოვანი ხდება, როცა შვილი ''დედას'' გეძახის...

- სიყვარულში არასოდეს მიმართლებდა. რატომღაც ასე აეწყო სკოლის პერიოდიდან. პირველად სწორედ იმ დროს ვიყავი შეყვარებული.

- რატომ არ გაგიმართლათ? შეგიძლიათ მოგვიყვეთ?

- ჩემმა პირველი შეყვარებულმა მეგობარი დაჭრა, რომელიც სიკვდილს ძლივს გადაურჩა. რასაკვირველია, ნიკა დაიჭირეს, მაგრამ სანამ განაჩენს გამოუტანდნენ, მამამისმა მისი ციხიდან გამოყვანა და საზღვარგარეთ გაგზავნა შეძლო. მას შემდეგ მასთან კავშირი აღარ მქონია. ხშირად ვფიქრობ, ნიკა იყო ერთადერთი მამაკაცი, რომელთანაც რეალურად მაკავშირებდა ის გრძნობა, რასაც სიყვარული ჰქვია. ეს ბავშვური, თუმცა ამავე დროს ძალიან ძლიერი გრძნობა იყო, რომლის გამოც შეგიძლია მთები გადადგა, ქვეყნიერებას დაუპირისპირდე და თუ საჭირო გახდა მსხვერპლადაც კი შეეწირო. ალბათ ასეთი სიყვარულით მხოლოდ იმ ასაკში გიყვარს, როცა შენთვის სამყარო ჯერ კიდევ ვარდისფერია. მის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მქონდა პატარა თუ დიდი სიმპატიები მამრობითი სქესის წარმომადგენლების მიმართ (იღიმის), მაგრამ არ ვიცი, რატომ ხდებოდა ისე, რომ ყოველთვის ყველა მატყუებდა. მამაკაცები სიყვარულს მეფიცებოდნენ და მეორე დღეს ან სხვასთან გარბოდნენ, ან უბრალოდ, საკუთარ თავში აღმოაჩენდნენ, რომ ჩემ მიმართ სიყვარული კი არა, მხოლოდ გატაცება ჰქონდათ. ყოველ ჯერზე ვამბობდი, რომ აღარავისთან მექნებოდა თუნდაც ფლირტის დონეზე ურთიერთობა, მაგრამ ქალი ვარ და ვაღიარებ, რომ ბოლოს მაინც ფარ-ხმალს ვყრიდი. თან ვფიქრობდი, იქნება ახლა მაინც, იქნებ ამჯერად მაინც გამიმართლოს-მეთქი, მაგრამ არა და არა! როცა უბედურ ვარსკვლავზე იბადები, შენი ბედის - კარიერაში, ზოგს - მშობლებში, მეგობრებსა და ახლობლებში. ყველაფერში ერთად გამართლება, იშვიათობაა.

- თქვენი შვილის მამა ვინ არის?

- ერთი ჩვეულებრივი კაცი, მაგრამ ჩემთვის ის არაჩვეულებრივია და აგიხსნით რატომაც. მას არასოდეს მოვუტყუებივარ, არასოდეს არაფერს შემპირებია და ჩემთან ყოველთვის გულწრფელი იყო. მას ოჯახი ჰყავს. რასაკვირველია, თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ მასთან ურთიერთობა მსიამოვნებდა და მომავალში რა იქნებოდა, სულ არ მაინტერესებდა. ამ ადამიანს ბოლომდე ვენდობოდი. არ ვიცი როგორ აგიხსნათ. საერთოდ ძალიან ძნელია მესამე პირს გააგებინო, რა გაკავშირებს ადამიანთან, რომელსაც შენ თავს ჩუქნი. ის ჩემთვის პირველი მამაკაცი იყო და ეს არც მინანია. შეიძლება ბევრმა ვერ გამიგოს, მაგრამ ჩემთვის ეს ის შემთხვევაა, რომელსაც არასოდეს ვინანებ. თუნდაც საყვარლის სტატუსით ამ ადამიანთან რამდენიმე საათის გატარება, ჩემთვის მნიშვნელოვანია. დღეს ის თავის ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ იმყოფება. სამწუხაროდ, ხშირად ჩამოსვლას ვერ ახერხებს, მაგრამ როცა ჩამოდის, მე და თავის შვილს გვნახულობს. ბოლო ორი წელია მატერიალურადაც გვეხმარება.

- როცა მისგან შვილის გაჩენა გადაწყვიტეთ, ის ამის წინააღმდეგი არ ყოფილა?

- ჩვენ ამ თემაზე თავიდანვე გვქოდა საუბარი - ურთიერთობის დაწყების პირველ ეტაპს ვგულისხმობ. რასაკვირველია, მას არ სურდა, რომ ბავშვი გამეჩინა, მაგრამ როდესაც ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით. არ უთქვამს, წადი და აბორტი გაიკეთეო. მშვიდად და წყნარად ავუხსენი, რომ ბავშვის გაჩენას ვაპირებდი. მას არც ''ჰო'' უთქვამს და არც ''არა'', უბრალოდ თავზე მაკოცა და მითხრა, ეს შენი არჩევანია, დედობის უფლება გაქვს და რახან ასე გადაწყვიტე, არაფერი მეთქმის, როგორც შევძლებ დაგეხმარებიო. სამწუხაროდ, სამსახურის გამო ქვეყნიდან წასვლა მოუხდა და ჩემი ორსულობის პერიოდში მართლაც სრულიად მარტო აღმოვჩნდი. მშობლებმა ვერ გამიგეს და სკანდალი მომიწყვეს, შემიფარა დაქალმა, რომელიც მარტო ცხოვრობდა. ორსულობის ბოლო თვეები ჩემთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა. არ მქონდა სამსახური, საკუთარი ბინა. საბედნიეროდ, ბავშვი ჯანმრთელი და უვნებელი დაიბადა. თუმცა წლამდე ძალიან ავადმყოფობდა. ხშირად აღმოვჩენილვარ ურთულეს სიტუაციაში და თან ამ ყველაფერს ჩემი მარტოობაც ემატებოდა. ერთხელ მახსოვს, მარიტამ ძილში სუნთქვა შეწყვიტა. ზამთრის პერიოდი იყო. ტანზე არაფერი შემომიცვამს, ბავშვი ხელში ისე ავიტაცე და იქვე, საავადმყოფოში გავიქეცი. ლიფტთან ხალხი იდგა. შეშლილი სახით ვთხოვე, პირველი მე შემიშვით, ბავშვთა განყოფილება მეექვსე სარულზეა და ფეხით ვერ ავალ-მეთქი, მაგრამ იცით რა მითხრეს?! რიგი დაიცავიო. თუ იქვე არ მოვკვდებოდი, არ მეგონა, მაგრამ რას ვიზამთ, ხალხი გაცივებულია, გულები გაეყინათ... მარიტა ერთი წლის რომ შესრულდა, მას შემდეგ ნელ-ნელა მოკეთდა. წონაშიც მოიმატა, აღარც ისე ხშირად ავადმყოფობს.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია